Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთ-უკრაინის დიალოგის ძირითად არხად რჩება მოლაპარაკება ბელარუსის ტერიტორიაზე


რუსეთი განწყობილია უკრაინასთან სერიოზული დიალოგისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა თურქეთის ქალაქ ანტალიაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვის თანახმად, კულებასთან განიხილა უკრაინაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია და დაადასტურა, რომ მოსკოვის ინიციატივა ჰუმანიტარული დერეფნების ყოველდღიურად გახსნის შესახებ ძალაში რჩება.

ლავროვის განცხადებითვე, დიალოგის ძირითად არხად რჩება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის ტერიტორიაზე, სადაც სამი რაუნდი უკვე შედგა და რუსეთი ელოდება თავის წინადადებებზე უკრაინის პასუხს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია და არ გეგმავს სხვა ქვეყნებზე თავდასხმასაც. ლავროვის მტკიცებით, ამ თვეში თავად უკრაინა აპირებდა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებზე თავდასხმას.

რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც დღეს, 10 მარტს გაიმართა, მონაწილეობდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც.

ბოლო დღეებში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" შეწყდება, თუ უკრაინა დათანხმდება ნეიტრალურ სტატუსს, ყირიმს აღიარებს რუსეთის ტერიტორიად და ცნობს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობას". ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, ნეიტრალურ სტატუსზე მსჯელობის დაწყებაა. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა კაპიტულაციას არ აპირებს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს მონაცემებით, 2 მილიონს მიაღწია ლტოლვილების რიცხვმა.

XS
SM
MD
LG