უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რომელიც რუსეთის არმიისა და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ჯარების ალყაშია, სავარაუდოდ ბომბის აფეთქების შედეგად დანგრეულია საბავშვო საავადმყოფოს შენობა.
ქალაქის ხელისუფლებამ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს დასდეს ბრალი სამოქალაქო ობიექტის დაბომბვაში. ვიდეოში, რომელიც ზელენსკიმ გამოაქვეყნა, ჩანს, რომ შენობა პრაქტიკულად დანგრეულია.
დარტყმის შედეგად დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე არაა ცხადი, მუშაობდა თუ არა საავადმყოფო უკანასკნელ ხანებში, რუსეთის იერიშის დაწყების შემდეგ. ზელენსკის თქმით, ნანგრევებში სავარაუდოდ ადამიანები არიან მოყოლილი.
„რუსეთის ჯარების პირდაპირი დარტყმა სამშობიარო სახლზე. ნანგრევებში ხალხია. ნანგრევებში ბავშვები არიან. ეს სიმხეცეა!“ - დაწერა ზელენსკიმ და კვლავ მოუწოდა ნატოს, „ჩაკეტოს ცა“ უკრაინის თავზე, ანუ დაიწყოს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისა და რაკეტების ჩამოგდება. ნატოს ქვეყნები უარს ამბობენ ამის გაკეთებაზე, ვინაიდან ერიდებიან რუსეთთან კონფრონტაციას. „უკრაინსკაია პრავდა“ აზუსტებს, რომ აფეთქების ეპიცენტრი სამშობიარო და პედიატრიულ განყოფილებებს შორის იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. სამინისტროს ოფიციალური შეტყობინებების მიხედვით, რუსეთის სამხედროები არ ესვრიან საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ობიექტებს. გაეროს უკანასკნელი მონაცემებით, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 1424 სამოქალაქო პირი დაიღუპა და დაიჭრა.