ცდას არ აკლებენ ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი კავილაძეს ეს ბრალი სხვა, გაცილებით მსუბუქი მუხლით შეეცვალოს.
ყოველ შემთხვევაში, უკვე მეორე სასამართლო სხდომაა, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავილაძე, პროკურორებსა და მოსამართლეს უმტკიცებს, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე, მისმა ახლო მეგობარმა, ალეკო ჭელიძემ, ისე მოკლა ნიკო კვარაცხელია, რომ ამ მკვლელობის შესახებ მან წინასწარ არაფერი იცოდა და შესაბამისად, ვერც მისი მკვლელობის დაგეგმვაში მიიღებდა მონაწილეობას. არადა, ალეკო ჭელიძე მკვლელობის ადგილას სწორედ გიორგი კავილაძემ მიიყვანა ნაქირავები ავტომობილით.
ბრალდებული და მისი ადვოკატები ცდილობენ დაარწმუნონ გამოძიება და სასამართლო, რომ გიორგი კავილაძე საკუთარი პირადობის მოწმობით არ დაიქირავებდა იმ მანქანას, რომლითაც შემდგომ დანაშაულის ჩასადენად გაეშურებოდა. მეტიც, ამ დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად, ის საერთოდ არ დაიქირავებდა ავტომობილს, რაკიღა ადვოკატების განცხადებით, გასაქირავებელ ავტომობილებს ჩამონტაჟებული აქვს ე.წ. GPS-ი, გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა, რომლითაც ავტომობილის გადაადგილების, ადგილმდებარეობისა და ნავიგაციის დადგენა მარტივადაა შესაძლებელი.
სწორედ ეს მიზეზი მოიყვანეს ბრალდებულის ინტერესების დამცველებმა 7 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რასაც თავად გიორგი კავილაძეც დაეთანხმა:
„რა თქმა უნდა, ვიცი, რომ გასაქირავებელ ავტომობილებში GPS სისტემაა ჩამონტაჟებული... ისედაც არ დავიქირავებდი ავტომობილს“.
უკვე მეორე სხდომაა, გიორგი კავილაძე და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებულმა ისიც კი არ იცოდა, რომ ალეკო ჭელიძეს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა თან.
იარაღი, საიდანაც ალეკო ჭელიძემ ათი ტყვია გაისროლა ნიკო კვარაცხელიას მისამართით, საქმის მასალებში არ დევს. 7 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, პროკურორის კითხვაზე, სად წაიღო ალეკო ჭელიძემ იარაღი, გიორგი კავილაძემ უპასუხა:
„როდესაც აკოს ვკითხე, სად წაიღე იარაღი-მეთქი, მიპასუხა, სპორტის სასახლის მიმდებარედ გადავაგდე, როდესაც მომხდარის შემდეგ, შენი მანქანისკენ ფეხით მივდიოდითო. მე არ დამინახავს, როდის და სად გადააგდო აკომ იარაღი, რადგან მე წინ მივდიოდი და ის უკან მომყვებოდა“.
7 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, გიორგი კავილაძემ თქვა, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მიმალვისა და მკვლელობის ფაქტის დამალვის მცდელობით, ის დანაშაულს ჩადიოდა, მაგრამ ისიც თქვა, რომ პოლიციაში მისვლაზე არც კი უფიქრია. მეტიც, თქვა, რომ მკვლელობის სცენას რიგითი გამვლელის სტატუსითაც რომ შესწრებოდა, არც მაშინ შეატყობინებდა პოლიციას მომხდარის შესახებ:
„მოგვიანებით გავიაზრე, რომ კონკრეტულ დანაშაულს ჩავდიოდი, მაგრამ ვერ წავიდოდი პოლიციაში და მეგობარზე ვერ ვეტყოდი, რომ ასეთი ამბავი მოხდა და მერჩივნა, მასთან ერთად წავსულიყავი. მკვლელობის პირველივე დღეს იდეის დონეზე იყო საუბარი, რომ პოლიციაში მივსულიყავი. ალეკომ მითხრა, ხომ არ ჯობიაო, რომ შენ პოლიციაში მიხვიდეო. მსგავს სიტუაციაში, უცხოზეც კი არ წავიდოდი პოლიციაში, მით უმეტეს, ჩემი მეგობარი იყო. დანაშაული რომ დამენახა ქუჩაში, რომ ვიღაცა ვიღაცას ესვრის, მაშინაც არ წავიდოდი პოლიციაში“.
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ოფიციალურ მოტივად, ამ ეტაპზე, „გოგოს მიზეზი“ სახელდება. ეს მოტივიც პირველად სწორედ გიორგი კავილაძემ, 28 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დაასახელა. თუმცა, ამ მოტივის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს. ისინი ვარაუდობენ, რომ მათი ოჯახის წევრი, სავარაუდოდ, შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია და უკვე ექვსი თვეა ისინი დამკვეთისა და სხვა თანამზრახველების დაკავებას მოითხოვენ.
ერთ-ერთი ვერსია, რომელიც აქტიურად ტრიალებს მედიაში, თუმცა, ამის შესახებ, ამ ეტაპზე, პროკურატურა არაფერს ამბობს, ეს ნიკოს მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, გია კვარაცხელიაზე შურისძიებაა. ამ ვერსიის თანახმად, შურისძიება უკავშირდება 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა, გურამ და დავით კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.
გიორგი კავილაძემ 28 თებერვალს, სასამართლო დარბაზში მიცემული ჩვენებისას თქვა, რომ გურამ და დავით კაკულიები მისი ბავშვობის მეგობრები არიან და ის 2021 წლის ივლისში, ორჯერ იმყოფებოდა სომხეთში მათთან. სომხეთში ჩასვლის მიზეზად მან მეგობრების თბილისში ჩამოყვანა დაასახელა, რაც საბოლოოდ ვერ მოხერხდა, რადგან მისი თქმით, ძმებ კაკულიებს საზღვარზე საბუთების პრობლემა შეექმნათ.
28 თებერვლის სასამართლო სხდომა სწორედ გიორგი კავილაძის სომხეთში მოგზაურობის მონაკვეთზე შეწყდა. იყო მოლოდინი, რომ 7 მარტის სხდომას, ზუსტად ამავე მონაკვეთიდან გააგრძელებდა პროკურორი და ძმები კაკულიებისა და გიორგი კავილაძის ურთიერთობის მეტ დეტალს გამოიკითხავდა, თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა.
ერთადერთი კითხვა, პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სომხეთში მოგზაურობის მონაკვეთზე, სხდომის მიწურულს დასვა. ანალოგიური კითხვა მან 28 თებერვლის სხდომაზეც დაუსვა ბრალდებულს: „რა მიზეზით ჩახვედით სომხეთში?“
ბრალდებულმა და მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, თითქმის ერთ ხმაში უპასუხეს პროკურორს, რომ მიზეზის შესახებ გიორგი კავილაძემ წინა სხდომაზე ილაპარაკა: „მეგობრების წამოსაყვანად ჩავედი ორივეჯერ, მაგრამ პრობლემები შეექმნათ შემოსვლაზე“, - თქვა ბრალდებულმა. მეტი დეტალი სომხეთში მოგზაურობის შესახებ 7 მარტის სხდომაზე აღარ დაზუსტებულა.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 16 მარტს, ამჯერად უკვე ჯგუფურად მკვლელობაში მეორე ბრალდებულის, ალეკო ჭელიძის ჩვენებით განახლდება. ალეკო ჭელიძემ გამოძიებას პირველი ჩვენება სწორედ 16 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე უნდა მისცეს. მან უნდა უთხრას გამოძიებას, რატომ ესროლა ნიკო კვარაცხელიას ათი ტყვია.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მისი მკვლელობა დეტალურად აღწერა ქუჩის სათვალთვალო კამერამ.
მკვლელობაში ბრალდებულები, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები, კვალის არევის მიზნით, იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის არევის მიზნით 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს.
ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) ჩადენილ დანაშაულს ედავება.
ბრალდებულები თავს მხოლოდ ნაწილობრივ ცნობენ დამნაშავედ. ისინი გამორიცხავენ ჯგუფურ მკვლელობას. ალეკო ჭელიძე ამბობს, რომ დანაშაული მხოლოდ მისი ჩადენილია და მას თანამზრახველი არ ჰყოლია. გიორგი კავილაძესთვის მიუღებელია მეორე ბრალდებაც, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაც.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 თებერვალს დააკავა. ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებითაა დაკავებული.
გამოძიების ვერსიით, ი.ბ. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კავილაძესთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გიორგი კავილაძესა და ალეკო ჭელიძეს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა.
დანაშაული დადასტურების შემთხვევაში 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით.