Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სასამართლოში დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა


დღეს, 7 მარტს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ(ICJ) დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა. საქმე ეხება რუსეთის მიერ ცნების, გენოციდის დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად.

უკრაინამ რუსეთს 26 თებერვალს უჩივლა, მის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების შეჭრიდან მესამე დღეს. უკრაინის წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია დონბასში ეთნიკური რუსების წინააღმდეგ გენოციდი, რაც გამყარებული არ არის არანაირი ფაქტობრივი საფუძვლით.

უკრაინა გაეროს საერთაშორისო სასამართლოსგან ითხოვს რუსეთის მიმართ ზომების გამოყენებას და საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერებას. დღეს სასამართლო ისმენს უკრაინის არგუმენტებს, რომლებსაც რუსეთმა პასუხი უნდა გასცეს ხვალ, 8 მარტს.

ჰააგაში მიმდინარე სხდომას არ ესწრებიან რუსეთის წარმომადგენლები. ამერიკელი მოსამართლის განცხადებით, ნიდერლანდში რუსეთის ელჩმა აცნობა, რომ „მისი მთავრობა არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ზეპირ განხილვაში“.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში(ICC) დაწყებულია გამოძიება რუსეთის მიერ უკრაინაში ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

XS
SM
MD
LG