რუსეთის შეიარაღებული ძალები 10:00 საათიდან „სიჩუმის რეჟიმს“ აცხადებენ და ჰუმანიტარულ დერეფნებს ხსნიან 4 ქალაქის - კიევის, ხარკოვის, სუმის და მარიუპოლისთვის. ამის შესახებ ნათქვამია „უკრაინაში ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ მიერ დღეს, 7 მარტს, გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
გადაწყვეტილება ახსნილია უკრაინის ამ ქალაქებში „კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობით“ და რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი საფრანგეთს პრეზიდენტ მაკრონის „პირადი თხოვნით“.
რუსეთის ამ განცხადების მიხედვით, კიევში მყოფთ სთავაზობენ ჯერ ბელარუსში და იქიდან რუსეთში გამგზავრებას, ხოლო მარიოპულიდან, ხარკოვიდან და სუმიდან რუსეთის ქალაქებში - ტაგანროგსა და ბელგოროდში.
რუსეთის განცხადებას უკრაინის ხელისუფლებისგან რეაქცია ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
გასული კვირის ბოლოს, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოაცხადა მარიუპოლში, რათა ქალაქის მცხოვრებთ ჰუმანიტარული დერეფნით ესარგებლათ, თუმცა რეჟიმი დაირღვა, რაშიც უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.