Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის მეორე მცდელობაც ჩაიშალა, ვერ შექმნეს „ჰუმანიტარული დერეფანი“


უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან მოსახლეობის გაყვანის მეორე მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, უკრაინელი სეპარატისტები, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს და უკრაინის ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებენ უუნარობაში, შეინარჩუნონ "ჰუმანიტარული დერეფანი".

უკრაინის მარიუპოლის საქალაქო საბჭო აცხადებდა, რომ 6 მარტს უნდა მომხდარიყო დაახლოებით 400 000 ადამიანის ევაკუაცია ცეცხლის დროებით შეწყვეტის პირობებში, რომელიც ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათამდე გაგრძელდებოდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა, ანტონ გარაშჩენკომ განაცხადა, რომ დაგეგმილი ევაკუაცია მონიშნული ჰუმანიტარული დერეფნის გავლით, შეჩერდა რუსეთის ჯარის მხრიდან სროლის გამო. რუსეთის სააგენტო "ინტერფაქსს" მოჰყავს დონეცკის სეპარატისტული ადმინისტრაციის წარმომადგენლის ნათქვამი, რომ უკრაინის მხარემ არ დაიცვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. სეპარატისტთა წარმომადგენელმა თქვა, რომ ქალაქის დატოვება შეძლო მხოლოდ 300-მა ადამიანმა.

მსგავსი გეგმა ჩაიშალა 5 მარტსაც მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის პირობა მთლიანად არ შესრულდა, რასაც მხარეები ერთმანეთს აბრალებდნენ.

ორგანიზაცია "ექიმები უსაზღვრებოდ“ მარიუპოლში შექმნილ ვითარებას "კატასტროფულს" უწოდებს.

ამასობაში ბრძოლები გრძელდება ბევრ სხვა რეგიონში 6 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მე-11 დღეს, რამაც სიკვდილი და ნგრევა და 1,5 მილიონზე მეტი ადამიანის მიერ ქვეყნის იძულებით დატოვება გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის ავიაციამ დაბომბა და გაანადგურა უკრაინის ქალაქ ვინიცის სამოქალაქო აეროპორტი. უკრაინის სამხედროებმა 6 მარტს განაცხადეს, რომ ისინი რუსეთის ძალებთან "სასტიკ ბრძოლებში" არიან ჩართული სამხრეთის ქალაქ მიკოლაივთან, რომელიც აკონტროლებს გზას შავი ზღვისპირა მთავარ ქალაქ ოდესისკენ, დასავლეთით.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა ასობით სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს მთელ ქვეყანაში, მათ შორის ძლიერად დაბომბეს საცხოვრებელი რაიონები ქალაქ ჩერნიშევში, რომელიც კიევიდან, დედაქალაქიდან, ჩრდილოეთით მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ათობით მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს ჩერნიჰივში. ხალხი ცდილობდა გაქცევას ქალაქებში ბუჩასა და ირპენში მაშინ, როცა მათ საჰაერო დარტყმებით ბომბავდნენ.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში რუსეთის ტაქტიკა შეადარა მოსკოვის იმ ტაქტიკას, რომელიც მან ჩეჩნეთში და სირიაში გამოიყენა, როცა ქალაქები დაიბომბა და მძიმედ დაზიანდა მას შემდეგ, რაც რუსული ძალები მოულოდნელ წინააღმდეგობას წააწყდნენ მათი დამცველების მხრიდან.

რუსეთი უარყოფს, რომ სამოქალაქო რაიონებს უშენს ცეცხლს.

XS
SM
MD
LG