Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: საქართველოში მოქმედებს ომის პარტია


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის შიშები, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთის მოქალაქეების საქართველოში სტიქიურად შემოსვლის შესახებ, დისკრიმინაცია და შოვინიზმია და ამ განწყობებს მიზანმიმართულად ახალისებს ოპოზიცია.

"საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამის, ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ მოქმედებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები ააცილოს თავიდან", - თქვა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით, უვიზო რეჟიმი საქართველომ რუსეთთან 2012 წელს, აგვისტოს ომიდან სამი წლის შემდეგ აამოქმედა და როცა ახლა ის ადამიანები, ვინც მაშინ ამ გადაწყვეტილების უკან იდგნენ, სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას დააბრუნოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ.

"წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც დისკრიმინაციას ყველანაირი დათქმის გარეშე კრძალავს. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არანაირი გამართლება არ აქვს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ უმძიმეს აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ, თუმცა ამ ქმედებისთვის უდანაშაულო ხალხის დასჯა კატეგორიულად მიუღებელია.

დღეის მდგომარეობით საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია ამ მასშტაბის კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის. ამგვარი მიდგომით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი", - თქვა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე ისაუბრა იმ კომპანიებზე, რომლებიც უარს აცხადებენ გაუწიონ მომსახურება რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში.

კობახიძე მიიჩნევს, რომ არსებობს "სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს." ის მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის და ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს.

"აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს. თუმცა კამპანიის ავტორები ამ ფაქტსაც არაფრად აგდებენ და მეტიც, გამორიცხული არაა, ამ პრობლემის შექმნა მათი განზრახვის შემადგენელი ნაწილიც იყოს", - თქვა ირაკლი კობახიძემ და დააანონსა კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი შეიმუშავებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ.

დღეს, 4 მარტს, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დროებითი სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით მიმართა პარტია "ლელომ." მან ასევე ხელისუფლებას მოსთხოვა, გაასაჯაროოს მონაცემები რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთისა და თავშესაფრის თხოვნის შესახებ.

ინტერნეტში გროვდება ასევე ხელმოწერები მოქალაქეების მიერ შექმნილ პეტიციებზე, რომლებიც რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვენ. პეტიციებს ათასობით ადამიანი აწერს ხელს.

რუსეთიდან მოქალაქეების გამოდინება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დაწესებული მკაცრი სანქციებითა და ხელისუფლების მხრიდან ომის მოწინააღმდეგეთა დევნით არის განპირობებული.

საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე აქვს პოზიცია, რომ არ უერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, არ აწესებს საკუთარ შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიებისთვის და ამას "ეროვნული ინტერესებით" ხსნის.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.

XS
SM
MD
LG