უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოლიტიკური პარტია "ლელო" საქართველოს მთავრობას სთხოვს რეაგირებას რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. პარტიაში მიიჩნევენ, რომ რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა წარმოქმნას უკონტროლო ვითარება და სერიოზული გამოწვევები შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებას.
საქართველოს ხელისუფლებასთან ლელოს ორი მოთხოვნა აქვს:
1. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოქვეყნდეს სტატისტიკური მონაცემები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ გასული შვიდი დღის მანძილზე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მსურველთა რაოდენობაზე.
2. ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ.
საქართველოს მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით შექმნილია პეტიციაც, რომელსაც თითქმის 9 000 მოქალაქე აწერს ხელს.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.