Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰააგაში გამოძიების დაწყებაზე: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერით" ეხმაურება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის შესაძლო დანაშაულთა გამოძიების დაწყებას:

„38 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა უკრაინაში არსებული სიტუაციისა და ადგილზე განხორციელებული შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის, რასაც მოჰყვა პროკურორის გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ ვდგავართ სამართლიანობისთვის, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით".

დიდმა ბრიტანეთმა კიდევ 38 ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2 მარტს მიმართა.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაიწყო საომარი მოქმედებები, რასაც კრემლი უწოდებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის" მიზნით. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ქალაქებზე რუსეთის სამხედრო ძალების სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულია 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ საერთაშორისო ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს საქართველო არ შეუერთდა. როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, სანქციებს არ უერთდებიან ქვეყნის და მისი მოსახლეობის "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, თუმცა უკრაინას მისგან აქვს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა. სანქციებზე უარი ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც 1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თბილისიდან კონსულტაციისთვის ელჩი გაიწვია.

სანქციებზე უარის გამო, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოითხოვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.

XS
SM
MD
LG