თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. ორგანიზატორი მოძრაობა #სირცხვილიაა.
მოქალაქეებმა შეკრება საღამოს 7 საათზე დაიწყეს. ხალხის სიმრავლის გამო საავტომობილო გზა გადაიკეტა. წინა ორი დღის აქციებისგან განსხვავებით ორგანიზატორებმა ახალა ხმის გამაძლიერებლები მიიტანეს. სამოქალაქო მოძრაობის ლიდერები მათ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის წარმატებაზე აცნობდნენ ინფორმაციას.
ისმოდა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებიც. აქციის მონაწილეები, ძირითადად ახალგაზრდები, ამავე ქვეყნის დროშებით არიან მისულები.
დღეს მესამე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში საომარ მოქმედებებს ატარებენ. 24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.