Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"პრეზიდენტებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სუვერენობის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მძიმე ვითარებაში, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. პრეზიდენტებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას. საუბრის ბოლოს კი პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით პარიზში მიიწვია", - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მესამე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს ატარებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს შეუერთდეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დაწესებულ სანქციებს. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით კი, პარლამენტში უკრაინის საკითხზე პრეზიდენტის ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა.

24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

XS
SM
MD
LG