Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულია 198 ადამიანი


უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის შედეგად დაღუპულია 198 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაჭრილია 1115, აქედან 33 ბავშვი.

უკრაინის უდიდეს სპეციალიზებულ საბავშვო საავადმყოფო „ოხმატდეტში“ აცხადებენ, რომ 26 თებერვალს სასწრაფო დახმარებამ მათთან მიიყვანა დაახლოებით 7 წლის ბავშვი რუსეთის ჯარების იერიშის შედეგად მიღებული მძიმე ჭრილობებით.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, მძიმე ვითარების გამო ბავშვს პირდაპირ მიმღებ განყოფილებაში ჩაუტარდა ოპერაცია.

საავადმყოფოს თანახმად, ბავშვი ამჟამად სარეანიმაციო განყოფილებაში იმყოფება. მისი მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია.

„ჩვენ ვითხოვთ აგრესორისგან, სასრაფოდ შეწყვიტოს სამოქალაქო პირებსა და ბავშვებზე თავდასხმა. „ოხმატდეტის“ მედიკოსთა გუნდი მთელს მსოფლიო თანამეგობრობას მიმართავს: დაგვეხმარეთ. XXI საუკუნეში ევროპულ სახელმწიფოში ეს სისხლისღვრა უნდა დასრულდეს,“ ნათქვამია „ოხმატდეტის“ განცხადებაში.

დღეს მესამე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში შეიჭრნენ. 24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან".

უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

XS
SM
MD
LG