Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის გარეუბანში მდებარე საცხოვრებელ სახლს რაკეტა მოხვდა


კიევის გარეუბანში, ლობანოვსკის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლს რაკეტა მოხვდა. დანგრეულია შენობის მე-18-დან მე-20 სართულამდე. მაშველთა ცნობით, მსხვერპლი არ არის. მოსახლეთა უმრავლესობა საფრებში იმყოფებოდა.

უკრაინის მხარის თანახმად, შენობას რუსეთის რაკეტა მოხვდა. რუსეთის მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ახალი ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ სამუშაო ადგილზე იმყოფება. მან უარყო ცნობა იმის თაობაზე, რომ თითქოს არმიას იარაღის დაყრა უბრძანა.

უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ძალებმა გაანადგურეს 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი, 102 ტანკი და 536 ჯავშანმანქანა. მოკლულია 3500 ჯარისკაცი, 200-მდე კი - ტყვედ აიყვანეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წუხელ ღამით რუსეთის სამხედროებმა კონტროლი დააწესეს ქალაქ მელიტოპოლზე, ზაპოროჟიეს ოლქის სიდიდით მეორე ქალაქზე, რომელშიც 150 ათასი მაცხოვრებელია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განადგურებულია უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 800-ზე მეტი ობიექტი. მათ შორის - 14 სამხედრო აეროდრომი, 19 სამეთაურო პუნქტი და კავშირის კვანძი, 24 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 48 რადიოსალოკაციო სადგური, რამდენიმე თვითმფრინავი, ვერტმფრენი და დრონი.

რუსეთის მხარე არ აქვეყნებს საკუთარ ჯარებში მოკლულთა და დაჭრილთა შესახებ მონაცემებს. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 25 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთს შესაძლოა დაეკარგა 450-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.

დღეს მესამე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში შეიჭრნენ. 24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან".

უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

XS
SM
MD
LG