Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღაზიები ღიაა, წყალი არის... რა პირობებში ცხოვრობენ ახლა უკრაინაში


პოლონეთის საზღვარზე უკრაინელ დევნილებს ყავას ურიგებენ
პოლონეთის საზღვარზე უკრაინელ დევნილებს ყავას ურიგებენ

ჯერჯერობით არის წყალი, საჭმელი, გადაადგილება შეიძლება, მაგრამ სახიფათოა, - ასე აფასებენ ადგილობრივები უკრაინაში არსებულ მდგომარეობას.

უკრაინის ომის მეორე დღეს მოსახლეობა თავშესაფრებსა და გზაში ხვდება. უკრაინელების ნაწილმა ქვეყანა უკვე დატოვა, მაგრამ უმეტესობა ადგილზე რჩება და რუსულ ჭურვებს თავს მეტროსა და სარდაფებში აფარებს.

„როდესაც დავინახე, რომ ქალაქში სამხედროები არიან, ვთქვი, ბარგი ჩაალაგეთ-მეთქი. ცოლ-შვილს გავუშვებ, რადგან რეალურად პრობლემები იქნება, მე ვრჩები. სადაც კარს გაგვიღებენ, იქ წავალთ, თუ კიევში შეგვიშვებენ, კიევში, თუ სხვაგან - სხვაგან, ჯერ თავადაც არ ვიცით“, - ამბობს მამაკაცი, რომელიც კოსტანტინოსკაში მატარებლის სადგურზე დგას.

კოსტანტინოსკა დონეცკის ოლქში მდებარეობს, როგორც ჩანს, აქ ბევრმა არ იცის, საით უნდა წავიდეს. ჟურნალისტებთან საუბრისას ქალი, რომელსაც ერთი ომი უკვე გამოვლილი აქვს, ჰყვება, რომ შეიძლება კიევისკენ, ნათესავებთან გაემგზავროს, ან იქნებ ლვოვისკენ და მერე უკვე როგორც მოუხერხდება. კიევი რომ ახლა უსაფრთხო ქალაქი არაა, ესეც იცის.

„მე ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქიდან ვარ და უკვე გადატანილი მაქვს ომის მთელი საშინელება. რომ გამოაცხადეს, ომი დაიწყოო, მაშინვე წამოვედი. ცოტა ტანსაცმელი, საჭმელი ჩავყარე და ეგ იყო. მანამდე კატლეტებს ვწვავდი და ტაფაზე დავტოვე. რამდენი ხნით მივდივარ, არ ვიცი. ეს კოშმარი უკვე ყელში ამოვიდა. ამბობენ, პოლონეთი იღებს დევნილებსო, მაგრამ იქამდე ჯერ ხომ უნდა მივაღწიო“.

დევნილები უკრაინიდან
დევნილები უკრაინიდან

25 თებერვლის ღამეს კიევი დაიბომბა, ქალაქი თავდაცვაზეა გადასული. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია საჰაერო ფრენები. მოსახლეობა თავს მეტროს აფარებს, განსაკუთრებით იმ რამდენიმე სადგურს, რომელიც მიწაში ყველაზე ღრმადაა. ბევრი სახლში რჩება, მათ შორის, იმ პრობლემებთან, რომლებიც ხალხს ომის გარეშეც ჰქონდა, მაგალითად, ავადმყოფობა და კოვიდპანდემია.

„საით მიდიხართ?“ - „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ამ შეკითხვაზე მოხუცი ქალი ტირილით პასუხობს, რომ - არსად. ანუ ქვეყნის დატოვებას კი არ აპირებს, არამედ: „საავადმყოფოში მივდივარ. ბაბუს ფილტვების ანთება აქვს, ალბათ ორმხრივი. წყეულიმც იყოს ეს პუტინი“.

კიევში ცხოვრობს ანდრია ცქიტიშვილი, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საომარი მდგომარეობის გამო ახლა ყველანი სახლებში არიან შეკეტილები, ქუჩები კი ცარიელია.

„ტრანსპორტი დადის, მაგრამ ცოტა. მაღაზიები ღიაა, პროდუქტები, ყველაფერი არის. არ მუშაობს ბანკები და არც ბანკომატები. მუდმივად საჰაერო განგაშია გამოცხადებული. გარეუბნებში ომი მიდის“, - ჰყვება ის.

ქალაქი გენიჩესკი, რომელიც ხერსონის ოლქში მდებარეობს, 24 თებერვალს რუსულმა ჯარმა აიღო. ქალაქის მერი ალექსანდრ ტულუპოვი „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქალაქი ფაქტობრივად მერიის ამარაა დარჩენილი. „არც ჯარი მყავს, არც პოლიცია. მარტო დავრჩით - მე და კომუნალური სამსახურები, - ამბობს მერი, - ზარალი დიდი არ ყოფილა, მაგრამ ხალხი დაშავდა. დაჭრილები არიან, გარდაცვლილებიც. საავადმყოფო მუშაობს და დაჭრილებს ყველას დაეხმარნენ. ქალაქში წყალი არის, სხვა ყველაფერიც არის, ნაგავი გაგვაქვს... თავშესაფრები მოვიარეთ, ხალხს ვამშვიდებდით, როგორც შეგვეძლო“.

ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორი ნათია თავბერიძე უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ჰყვება, რომ ჯერჯერობით ადგილობრივი უფლებადამცველები მოლოდინის რეჟიმში არიან.

„რამდენიმე უფლებადამცველს ვუკავშირდებით ჩერნიგოვში და კიევში. ისინიც თავშესაფრებში სხედან. სქელი კედლების გამო ინტერნეტი ცუდად იჭერს და კავშირიც ხშირად წყდება. ამბობენ, რომ რთული სიტუაციაა, არ იციან რა იქნება. ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ, არც ყოფით პრობლემებზე საუბრობენ. რომ ვეკითხებით, რა სჭირდებათ, კონკრეტულს ვერაფერს გვეუბნებიან. შესაძლოა ეს უფრო მომავალ დღეებში გამოიკვეთოს. ამბობენ, რომ უკვე ქალაქის დატოვებაც სახიფათოა, რადგან ქვეყანაში ომია და გზაზე რა მოხდება, არავინ იცის“.

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე
პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე

გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატი აცხადებს, რომ უკრაინიდან უკვე ათასობით დევნილია გამოსული, ისინი თავშესაფარს მეზობელ ქვეყნებში ეძებენ. გაეროს მონაცემები ოფიციალური უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის მომზადებული. გაეროში ვარაუდობენ, რომ უკრაინიდან ომის გამო დევნილების რაოდენობა 5 მილიონამდე გაიზრდება. აღსანიშნავის, რომ უკრაინაში 44 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 3 მილიონამდე - კიევში.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG