რუსული ინტერნეტგაზეთი „მედუზა“, რომელიც რუსეთის მთავრობის კრიტიკით გამოირჩევა, მომხმარებლებს მოუწოდებს დროულად ჩამოტვირთონ „მედუზას“ აპლიკაცია, რადგან მოსალოდნელია მთავრობამ დამოუკიდებელ მედიაზე ნადირობა დაიწყოს.
„მედუზამ“ ასევე გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომელშიც რუსეთის მთავრობას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ამ ღამეს პუტინმა დონბასში „სპეცოპერაციის“ წამოწყების შესახებ განაცხადა. რუსეთის მთავრობას უყვარს რეალობის შემნიღბავი ევფემიზმები: მათთვის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ექსტრემისტები“ არიან, საკუთარი სასახლეები -„აპარტ ოტელები“, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები კი - „საზღვარგარეთის აგენტები“. ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
დარწმუნებული ვართ „მედუზას“ ყველა მკითხველი ხვდება, რომ ომი ყოველთვის მკვლელობას ნიშნავს, მათ სიკვდილსაც, ვინც იბრძვის და იმათისაც, ვინც მშვიდობიანი მოქალაქეა. რუსეთის თავდაცვის სტრუქტურები ცდილობენ, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები დაარწმუნონ, რომ საფრთხე მხოლოდ „საბრძოლო ინფრასტრუქტურას“ ემუქრება. ტყუიან! არ არსებობს იარაღი, რომლის გამოყენებასაც ხალხი არ შეეწირება. ჩვენ უკვე ვკითხულობთ პირველ ინფორმაციებს დაღუპულების შესახებ. მათი რაოდენობა გაიზრდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ომი პოლიტიკის სხვა საშუალებით გაგრძელებაა. პრუსიის საბრძოლო თეორეტიკოსმა კარლ ფონ კლაუზევიცმა ეს ფორმულა მე-19 საუკუნეში ჩამოაყალიბა. მაგრამ თანამედროვე სამყაროში, რომელმაც ორი მსოფლიო ომი გამოიარა და ბირთვული იარაღის გამოყენების საზარელი გამოცდილებაც აქვს, ომი პოლიტიკის გაგრძელება კი არა, ჩაფლავებული პოლიტიკაა. ჩვენს შემთხვევაში ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ, რომელმაც უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა, ვერ შეძლო იმ ამოცანებთან გამკლავება, რომლებიც მის წინაშე იყო წამოჭრილი, რაც არ უნდა ყოფილიყო ის.
მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება ტანკებისა და სამხედრო ავიაციის გამოყენება - თავდაცვისთვის. „სპეცოპერაციას“ რომ აცხადებდა, პუტინმა სწორედ ეს მიზეზი მოიშველია. პრობლემა ისა, რომ რუსეთს თავს არავინ ესხმის, ხოლო დონბასის ჰუმანიტარულ კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ისევ რუსეთის მთავრობას ეკისრება.
მე-20 საუკუნის ტრაგიკულ გამოცდილებას პუტინი უნდა დაერწმუნებინა, რომ მეზობელი ქვეყნების საქმეებში მოსკოვის ჩარევით ეს ქვეყნები რუსეთს კიდევ უფრო შორდებიან. ასე მოხდა 1940 წელს ბალტიისპირეთის ქვეყნების შემოერთებისას, ასე მოხდა 1956 წელს უნგრეთში შეჭრის შემდეგ, 1968 წელს - პრაღის გაზაფხულზე. მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდენტს ისტორიის გაკვეთილების გათვალისწინება კი არა, მხოლოდ ისტორიაზე ლექციების კითხვა უყვარს.
ვხვდებით, ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ბევრზე ვერაფერზე მოვახდენთ გავლენას. მაგრამ ვალდებული ვართ მკაფიოდ და ხმამაღლა განვაცხადოთ, ეს ჩვენი ომი არაა და ჩვენ მას მხარს არ ვუჭერთ. უკრაინაში შეჭრა მოხდა რუსი ხალხის სახელით, მაგრამ არა მისი ნებით. ჩვენთვის ეს სირცხვილია, რომელიც სამუდამოდ ჩვენთან დარჩება.
საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. რუსეთის ჯარი რუსეთის ტერიტორიაზე უნდა დაბრუნდეს. მოდით, მოვრჩეთ. ომის შეჩერება არასდროს არის გვიანი“.