პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ანტიპუტინური კოალიცია უნდა ჩამოყალიბდეს.
აშშ-ის და პოლონეთის პრეზიდენტებთან, ჯო ბაიდენთან და ანჯეი დუდასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრების შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ პუტინი და ომი უკრაინის და მსოფლიოს წინააღმდეგ.
უკრაინის პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს დაუყოვნებლივ სანქციებს, უკრაინის დახმარებას თავდაცვის და ფინანსური საშუალებებით და საჰაერო სივრცის დაკეტვას. "მსოფლიომ რუსეთს მშვიდობა უნდა აიძულოს", - წერს ვოლოდმირ ზელენსკი.
"განვაგრძობ მოლაპარაკებებს ლიდერებთან. მივიღე მხარდაჭერა ყატარის ემირისგან. მსოფლიო ჩვენთან არის"- უკრაინის პრეზიდენტის ტვიტერის გვერდზე მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებების შესახებ ახალი ცნობები ჩნდება.
24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.