„საჯარო დაწესებულებებში უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების მივლინება, რეალურად, მმართველი ძალის პოლიტიკურ უსაფრთხოებას ემსახურება და განსხვავებული აზრის გამოვლენისკენაა მიმართული, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან შეუთავსებელი მანკიერი პრაქტიკაა. კიდევ ერთი საფრთხე, რომელსაც ამ ინსტიტუტის არსებობა ქმნის, ანგარიშვალდებულების დაბალი დონე და ზედამხედველობის მექანიზმების ნაკლებობაა“, - აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.
DRI-ს კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესაბამის უწყებაში წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები მაქსიმალურად გასაიდუმლოებულია.
მთელ რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიზანმიმართულად არ გასცემს აღნიშნულ პირებსა და ობიექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მაშინაც კი, როდესაც ამაზე პირდაპირ მიუთითებს კანონი.
ამ ვითარებაში, როდესაც ფორმალურია და ფაქტობრივად არ ხორციელდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლი პარლამენტის მხრიდან, შეუძლებელია განისაზღვროს, თუ რა ფუნქციას ასრულებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ე.წ. ოდეერები და ნიშნავენ თუ არა მათ მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სუბიექტებში, მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნის (სუბიექტის მიერ უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესრულების მონიტორინგის) შესასრულებლად.
კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ
- სუს-ის მიერ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რიგ შემთხვევებში, არაუფლებამოსილ სუბიექტებთან არის გაფორმებული.
- მიუხედავად ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ნებაყოფლობითი ხასიათისა, რომელიმე მხარის ინიციატივით ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტები კვლევის პერიოდში არ გამოვლენილა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს ხელშეკრულებით ენიჭება არასაიდუმლო სამსახურებრივი მიმოწერის მონიტორინგის უფლებამოსილება, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ამ სამსახურის მიერ ადამიანების უკანონო და ტოტალური მოსმენისა და თვალთვალის დამადასტურებელი მასალების მასობრივად გავრცელების პირობებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუბიექტებთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას ოპერატიულ-ტექნიკურ საქმიანობას უკავშირებს, რაც კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.
საკანონმდებლო ნორმის ბუნდოვანება და მისი ადრესატის მიერ ნორმის ფართო განმარტება კი ართულებს კანონმდებლობის გვერდის ავლით დანიშნული ე.წ. ოდეერების გამოვლენას.
კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული სულ მცირე სამი მუნიციპალიტეტის მერი წარსულში უსაფრთხოების/კონტრდაზვერვის სფეროში მაღალ თანამდებობას იკავებდა.
საქართველოში „ოდეერების“ ინსტიტუტი საბჭოთა კავშირის დროს გაჩნდა, თუმცა ამ პრაქტიკაზე უარის თქმა დღემდე ვერ მოხერხდა. აქტიური რეზერვის ოფიცრები (ე.წ. ოდეერები) „კაგებეს“ ფარული წევრები იყვნენ, რომელთა მოვალეობაში შედიოდა ინფორმაციის მიწოდება უშიშროების კომიტეტისთვის, რასაც იყენებდნენ არა დანაშაულის გამოსავლენად, არამედ თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებებისა და განწყობების დასადგენად.
2015 წელს საქართველოში რეფორმა ჩატარდა, თუმცა პრობლემა არ მოგვარებულა. რეფორმამდე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში „უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრებს“ შინაგან საქმეთა მინისტრი ნიშნავდა.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შსს-ს გამოეყო და დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების დანიშვნისა და მათზე ზედამხედველობა/კონტროლის ფუნქცია სუს-ს გადაეცა. თუმცა, DRI-ში მიიჩნევენ, რომ რეალური რეფორმის ნაცვლად, 2015 წლის შემდეგ გატარებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ოდეერების“ დანიშვნა მხოლოდ დააკანონა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აქვეყნებს იმ დაწესებულებების სიას, რომლისგანაც კვლევის პერიოდში ინფორმაცია არ მიუღია:
- საგარეო საქმეთა სამინისტრო;
- აჭარის ა/რ-ის მთავრობის აპარატი;
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი;
- კიბერუსაფრთხოების ბიურო;
- ეროვნული სატყეო სააგენტო;
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
- სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;
- სოციალური მომსახურების სააგენტო;
- ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ასე კი იმ სუბიექტების სია გამოიყურება, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებული აქვთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია;
- სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა;
- შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ (ბათუმის პორტი);
- შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ (ფოთის პორტი);
- შპს „საქაერონავიგაცია’’;
- სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“.
ხოლო ეს არის იმ სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებმაც ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების თაობაზე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს ინფორმაცია არ მიაწოდეს:
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
- სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტო;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
- სპეციალური პენიტენციური სამსახური;
- შპს „ენგურჰესი“;
- სს „თელასი“;
- სს „საქართველოს რკინიგზა“;
- შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“.