Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თამარ ცბიერი“ - ეს და სხვა მივიწყებული ქართული ოპერები 


საქართველოში მთელი თაობები გაიზარდა, რომლებსაცაბესალომ და ეთერის“, „დაისისდაქეთო და კოტესგარდა ქართული ოპერა არ უნახავთ. ქართული ოპერების აბსოლუტური უმრავლესობა ათეულობით წელია სცენაზე არ დადგმულა, ზოგიერთი მათგანის კლავირი კი დღემდე მხოლოდ ხელნაწერის სახით არსებობს.

„ქრისტინე“, „თამარ ცბიერი“, „თქმულება შოთა რუსთაველზე“... ქართული ოპერები იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ვინმემ ერთი შეხედვით შეიძლება წარმოიდგინოს. თუმცა, მათი უმეტესობა სცენაზე არავის უხილავს, ყოველ შემთხვევაში ის თაობა, რომლის დროსაც ეს ოპერები იდგმებოდა, დღეს ცოცხალი აღარ არის.

პირველი ქართული ოპერა, რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“, რომელიც 1918 წელს დაიდგა, საერთოდ უცნობი ნაწარმოებია. ამ დრომდე არ გამოცემულა მისი კლავირიც (ოპერის ჩანაწერი ფორტეპიანოსთვის).

ცბიერი თამარი, შემდეგში დარეჯანი

კიდევ ერთი ქართული ოპერის „თამარ ცბიერის“ კლავირი კი მხოლოდ ახლა გამოვიდა. „თამარ ცბიერიც“ ფაქტობრივად პირველი ქართული ოპერაა, რადგან მასზე მუშაობა მელიტონ ბალანჩივაძემ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო და ნაწილობრივ დადგა კიდეც, თუმცა შემდეგ ოპერის დამთავრება გაუჭიანურდა და როდესაც მაინც დაასრულა, სცენაზე უკვე რამდენიმე სხვა ოპერა იდგმებოდა.

„არ მეგულება ერი, რომელსაც პირველი ოპერის [„თამარ ცბიერი“] სანოტო ტექსტი დღემდე არა აქვს გამოცემული, მით უფრო, რომ მისი დადგმიდან 120 წელზე მეტი გავიდა. აქამდე მხოლოდ ხელნაწერების სახით არსებობდა. ერთი ქუთაისის ოპერის თეატრის ბიბლიოთეკაში იყო და მეორე - თბილისის კონსერვატორიაში. აქედან სრული სახე არც ერთს არ ჰქონდა. საჭირო გახდა მათი ერთმანეთთან შედარება და ერთ ვარიანტად ჩამოყალიბება“, - ამბობს პროექტის ავტორი, მუსიკათმცოდნე მარინა ქავთარაძე.

„დარეჯან ცბიერის“ კლარისი
„დარეჯან ცბიერის“ კლარისი

ნაწარმოებში მოქმედება მე-17 საუკუნის დასავლეთ საქართველოში ხდება. თამარი იმერეთის დედოფალია. ბევრი რამ მართლაც ისტორიული რეალობიდანაა აღებული, მაგრამ არიან გამოგონილი პერსონაჟებიც: მგოსანი გოჩა, ცირა, ნიკო, მასხარა.

„თამარ ცბიერი“ საქართველოს გარდა რუსეთშიც იდგმებოდა. თამარ მეფეში რომ არ არეოდათ, გადაწყვიტეს მთავარი გმირისთვის სახელი შეეცვალათ. ამის გამო დღემდე ოპერას ორი სახელწოდებით იცნობენ: „თამარ ცბიერი“ და „დარეჯან ცბიერი“.

„თამარ ცბიერი“ თბილისის ოპერის სცენას 60-იან წლებამდე შემორჩა, ქუთაისისას - 80-იანებამდე. 1920-იანი წლების მერე აღარ დადგმულა „ქრისტინე“, 1940-იანი წლების მერე - „თქმულება შოთა რუსთაველზე“.​

ერთი ეგზემპლარი და ისიც მუზეუმში

პირველი ქართული ოპერები სცენაზე საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში გამოჩნდა. ოპერა ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ეროვნულობის ერთ-ერთი გამოვლინებაა - მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველმა კლასიკოსმა კომპოზიტორებმა თავი სწორედ ოპერაში დაიმკვიდრეს. ოპერა იმდენად პოპულარული იყო, რომ ვერდის არიებს ქუჩაში ხალხი ქართული ტექსტით მღეროდა.

მარინე ქავთარაძე ამბობს, რომ ის ნაწარმოებები, რომლებიც ქართული ოპერის განვითარების ადრეულ ეტაპზე იქმნებოდა, შეიძლება მუსიკალური თვალსაზრისით უზადო არ იყოს, მაგრამ ისტორიული კუთხით საინტერესოა და კლავირების გამოცემას ნამდვილად იმსახურებს.

ამჯერად იგეგმება კიდევ ერთი ოპერის - დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ - კლავირის გამოცემა. ეს ოპერა 1919 წელს დაიდგა.

ასევე სურთ „ქრისტინეს“ გაციფრულებაც.​

ქრისტინესკლავირი არ არსებობს, მხოლოდ პარტიტურა და ისიც მუზეუმში ინახება ერთ ეგზემპლარად. არაყიშვილის ოპერის კლავირი კი ხელნაწერის სახით აქვს შემონახული მის შთამომავალს. რომ ნახოთ, გული გაგისკდებათ, ლანდი გასდის, ისეა გაცრეცილი“, - ჰყვება მარინა ქავთარაძე.

რევაზ გოგნიაშვილი
რევაზ გოგნიაშვილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ამბობენ, რომ ქართული ოპერებიდან ამჯერად „დაისის“ დადგმას გეგმავენ, რომელიც ასევე კარგა ხანია არ დადგმულა, შემდეგ სეზონზე კი - „ლელასი“.

თუმცა, კიდევ უამრავი ქართული ოპერაა, რომელსაც მუსიკათმცოდნების თქმით, „დადგმა სჭირდება“.​

მაგალითად,მინდია“, „ლატავრაცარ არის ხელწამოსაკრავი ნაწარმოები. ასევე მშვენიერი ოპერა იყო არჩილ კერელესიძისბაში აჩუკი“. უკვე 80-იანი წლების პერიოდიდან გია ყანჩელისდა არს მუსიკადა ბიძინა კვერნაძისიყო მერვესა წელსა-შუშანიკის წამებისმიხედვით. ასევე, ბიძინა კვერნაძისმედეა“. ოპერის სახელმწიფო თეატრს ვალდებულება უნდა ჰქონდეს, რომ სეზონზე ერთი ქართული ოპერა დადგას. შეიძლება რედაქტირება დასჭირდება ამ ოპერებს, მაგრამ სულ დავიწყება არ შეიძლება“, - ამბობს მარინა ქავთარაძე.

მუსიკათმცოდნე მაია სიგუა ჰყვება, რომ ოპერის თეატრი წარმოსადგენად საუკეთესო დადგმებს არჩევს, ამის გამო ძალიან ბევრი ოპერა, რომელიც მუსიკალურ სასწავლებლებში ისწავლება, სცენაზე არავის უნახავს.

არ ვიცი, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, ისევ ოპერის თეატრმა უნდა დადგას, რა თქმა უნდა. მაგალითად, „ქრისტინე, ავია თუ კარგია, არავის გვაქვს ნანახი. აუცილებლად დასადგმელია. იგივეთქმულება შოთა რუსთაველზენანახი არა მაქვს. დიდი სიამოვნებით ვნახავდი ბიძინა კვერნაძის ძალიან გახმაურებულ ოპერასიყო მერვესა წელსა“. დიდი სიამოვნებით ვნახავდი თაქთაქიშვილისსამ ნოველას“. ასევე სასურველია რეპერტუარში გვქონდეს გია ყანჩელისდა არს მუსიკა“.

სად წავიდა საბავშვო ოპერები?

კიდევ ერთი, რაც დღევანდელ საოპერო თეატრს აკლია, ქართული საბავშვო ოპერებია. საბავშვო ოპერა ორნაირი არსებობს, ბავშვების დადგმული და დიდების. ასეთი ნაწარმოები თავისი სიუჟეტითა და მუსიკალური ენით ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს.​

ადვილად დასამახსოვრებელი მელოდია, დინამიურობა... ყოველთვის არ აკმაყოფილებს საბავშვო ოპერა ამ მოთხოვნებს, მაგრამ რომელიც აკმაყოფილებს, ის უნდა დაიდგას. ქართული სიტყვა სცენიდან რომ ისმის, ეს დიდ გავლენას ახდენს, მით უფრო - ბავშვზე. მაგალითად, თავისუფლად შეიძლება მერი დავითაშვილისნაცარქექიადავდგათ. მახსოვს, ძალიან ფერადოვანი წარმოდგენა იყო და ანშლაგებით მიდიოდა ხოლმე“, - ამბობს მარინა ქავთარაძე.

ოპერა „დაუპატიჟებელი სტუმრები“
ოპერა „დაუპატიჟებელი სტუმრები“

„ნაცარქექიას“ გარდა, ქართული საბავშვო ოპერებია: აკაკი ანდრიაშვილის „ჩხიკვთა ქორწილი“, ივანე გოკიელის „წითელქუდა“...

ან თუნდაც ალექსანდრე ბუკიას „დაუპატიჟებელი სტუმრები“, სადაც სეფექალები მახინჯ სადედოფლოს საქორწინოდ რთავენ და თან უმღერიან: „ვისია ეს ლალის ბაგენი? თოვლის მკერდზე მძივები ამდენი?“... სადედოფლოს არიას კი თავზე აწერია: „იმღერება მანჭვა-გრეხით“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG