Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ განაცხადა სეპარატისტული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დე ფაქტო ხელმძღვანელმაც


თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ არმიის მეომარი
თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ არმიის მეომარი

უკრაინის აღმოსავლეთში, ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე სეპარატისტული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დე ფაქტო ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა, დონეცკის დროებით ოკუპირებული რეგიონის მსგავსად, გამოაცხადა მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციის შესახებ, იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“ სეპარატისტების საიტით გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით.

„იმისათვის, რომ არ იქნეს დაშვებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, მოვუწოდებ „რესპუბლიკის“ მოსახლეობას, ვისაც არ აქვს მობილიზების მიწერა, ასევე, არ არის დაკავებული სოციალური და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მუშაობაში, უმოკლეს ვადაში გაემგზავროს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე".

პასეჩკინის თანახმად, რუსეთი მზად არის თავის ტერიტორიაზე მიიღოს და განათავსოს ევაკუირებულები. მან მოუწოდა რეგიონის კაცებს, ვისაც შეუძლია ხელში იარაღი აიღოს, "დაიცვას თავისი მიწა". პასენჩიკმა გამოაცხადა, რომ ვითომ უკრაინის არმია აპირებს „შეხების ზოლზე პროვოკაციებს“ და ლუგანსკის ოლქის სიღრმეში შეჭრას.

უფრო ადრე უკრაინის დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დე ფაქტო ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია რუსეთში, რადგან ვითომ მოსალოდნელია უკრაინის არმის მხრიდან თავდასხმა.

18 თებერვალს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა მოუწოდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას, არ დაუჯერონ რუსეთის პროპაგანდისტულ განცხადებებს „უკრაინის თავდასხმის შესახებ“. მისი თქმით, უკრაინა მხოლოდ თავს იცავს. უკრაინის საზღვრებთან შარშან დეკემბრის შემდეგ რუსეთის ჯარის მოზღვავების ფონზე დასავლეთში შიშობენ, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას ამზადებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის ძალები ემზადებიან უკრაინაზე თავდასხმისთვის „უახლოეს დღეებში“, შეჭრის წინ კი მოხდება ყალბი თუ ნამდვილი თავდასხმები და დაიწყება დეზინფორმაციის კამპანია, რომელმაც უნდა გაამართლოს შეჭრა.

XS
SM
MD
LG