Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპის საკრებულოში დაპირისპირებისას ჟურნალისტები დაშავდნენ


ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო კასპის საკრებულოში, სადაც ავტომობილების შეძენის მიზნით ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხს განიხილავდნენ. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები მივიდნენ, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს.

გარდა ამისა, მათ საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარიშვილი დიპლომის გაყალბებაშიც დაადანაშაულეს.

სხდომათა დარბაზში დაწყებული ხმაურის ფონზე ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. პოლიციელებმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რა დროსაც ჟურნალისტებმა მსუბუქი დაზიანება მიიღეს. დაზიანდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვიდეოაპარატურაც. ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ პოლიციელები განსაკუთრებული აგრესიით ჟურნალისტების მიმართ გამოირჩეოდნენ.

„ჩვენ დარბაზში ვიმყოფებოდით. ოპოზიცია ბიუჯეტის ცვლილებას და საკრებულოს თავმჯდომარის დიპლომის საკითხს აპროტესტებდა. აგრესია დაიწყო საკრებულოს აპარატის უფროსის, ზურაბ ჩიტიშვილის მხრიდან, ის დარბაზიდან ჩვენ გაძევებას ითხოვდა და თან საკრებულოს თავმჯდომარის, შალვა ბეგლარიშვილის დიპლომის ასლს აფრიალებდა და ამტკიცებდა, რომ არ იყო გაყალბებული. მალე დარბაზში პოლიციელებიც გამოჩნდნენ და ჟურნალისტების ძალით გაყვანა დაიწყეს. ამ შეხლა-შემოხლაში მე, „ტვ-პირველის“ ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე, ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი და მისი ოპერატორიც დავშავდით - ოპერატორს ტუჩი აქვს გახეთქილი. დაზიანებულია „მთავარის" აპარატურაც. არადა ასეთი აგრესია საჭირო სულ არ იყო, იქ შესული ადამიანები მხოლოდ აზრის გამოთქმას ითხოვდნენ. ყველა მიმდებარე განყოფილებიდან გამოიძახეს პოლიცია, სამხარეო პოლიციის უფროსიც კი ჩამოვიდა კასპში“, - ამბობს ლადო ბიჭაშვილი.

კასპის საკრებულოს შენობაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა და სამართალდამცველებმა შენობიდან გააძევეს ოპოზიციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. საკრებულოს დარბაზში მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები და პოლიციელები დარჩნენ.

ცოტა ხნის წინ საკრებულოს კარს ბოქლომი დაადო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ ნონიაშვილმა. მისი თქმით, მოძალადე პოლიციელებთან ერთად, შენობაში ჩაკეტა საკრებულოს "ოცნების" წევრებიც.

XS
SM
MD
LG