Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე: „ჩემი ვარაუდით, ეს მომდევნო რამდენიმე დღეში მოხდება“


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ძალიან მაღალია“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე, კვლავაც ღიაა კარები პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრისთვის.

ჟურნალისტების თხოვნაზე, რომ შეეფასებინა რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის საფრთხის დონე, ბაიდენმა აღნიშნა, რომ, მისი ვარაუდით, „ეს უახლოეს რამდენიმე დღეში მოხდება“.

პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ დეკლარირების მიუხედავად, რუსეთს არ გაუყვანია უკრაინის საზღვართან მყოფი მისი ჯარები, რის გამოც აშშ-ს აქვს „მიზეზი, იფიქროს“, რომ რუსეთი „ჩართულია ყალბი დროშის ოპერაციაში“.

"ჩვენ ყველა მინიშნება გვაქვს, რომ ისინი მზად არიან შევიდნენ უკრაინაში, შეუტიონ უკრაინას",- განაცხადა ბაიდენმა.

თეთრი სახლის დატოვების დროს ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიიღო რუსეთის პასუხი აშშ-ის მიერ უსაფრთხოების თაობაზე შეთავაზებულ წინადადებებზე , მაგრამ ჯერ არ წაუკითხავს და ამიტომ ვერ გააკეთებს მასზე კომენტარს.

17 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩს, ჯონ სალივანს გადასცა შეერთებული შტატების მიერ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე გაგზავნილ წინადადებებზე მოსკოვის პასუხი, რომელშიც მოსკოვი იმეორებს, რომ მისი მოთხოვნები უცვლელია.

სააგენტო „ტასს“-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში რუსეთი აცხადებს, რომ ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა აშშ-სთან რუსული მხარის მიერ მომზადებული უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებს.

"რუსეთმა, კერძოდ, მოითხოვა ნატო-ს გაფართოებაზე უარის თქმა, საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არსებული „ბუქარესტი ფორმულის“ უკუგდება და სამხედრო საშუალებების, მათ შორის შეტევითი შეიარაღებისა და ნატოს ინფრასტრუქტურის გაყვანა 1997 წლამდე არსებულ პოზიციებზე.

XS
SM
MD
LG