Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი პარტია, ერთი ცხოვრება - ნანა იოსელიანი 60 წლისაა


მოჭადრაკე ნანა იოსელიანი 60 წლის გახდა. ნანა იოსელიანი არისსაჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის გამარჯვებული; მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი; ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი. მან, ნონა გაფრინდაშვილთან, მაია ჩიბურდანიძესთან და ნანა ალექსანდრიასთან ერთად ქართული ჭადრაკის ლეგენდა შექმნა.

რ.თ.: ბავშვობიდან რომ დავიწყოთ, რამდენადაც ვიცი, ძალიან ემოციურად იღებდით მოგება-წაგებას, ამასთან თავად გადაწყვიტეთ ჭადრაკი გეთამაშათ, თან ისე, რომ თამაში არც იცოდით.

ნ.ი.: ნამდვილად არ ვიცოდი. მოგებაზე სხვათა შორის დიდი ემოციები არ მქონდა, მაგრამ მარცხი მართლა კატასტროფა იყო ჩემთვის, თან სულ ერთი იყო ვისთან წავაგებდი, ძლიერ მოთამაშესთან თუ სუსტთან.

რ.თ.: მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ამის გამო არავინ გსაყვედურობდათ.

ნ.ი.: აბსოლუტურად, პირიქით, რომ ხედავდნენ, ბავშვი ტირის, განიცდის... საერთოდ არ ჰქონდათ გეგმაში ჩემი ჭადრაკი. ამ დროს 9 წლის ვიყავი. მწვრთნელების ყურადღებაც ჩემი განცდებით მივიქციე. დაინახეს, რომ ბავშვისთვის სულ ერთი არ არის. ასე მოვედი ჭადრაკში. აქტიური ვიყავი, ყველაფერზე დავდიოდი: მუსიკა, ფორტეპიანო, ტანვარჯიში... მერე ჭადრაკმა ნელ-ნელა ყველაფერი შეჭამა. დარჩა სკოლა, ინგლისური და ჭადრაკი.

რ.თ.: ჟურნალისტიკაზეც ხომ სწავლობდით?

ნ.ი.: ეს მერე. სხვათა შორის სკოლაშიც კარგა ხანს ვტიროდი ოთხიანზე. უკვე დიდი გოგო ვიყავი, მაგრამ ოთხიანს რომ დამიწერდა მასწავლებელი, ყველა ჩემკენ შემობრუნდებოდა ხოლმე. იცოდნენ, ცრემლები მაინც მომადგებოდა თვალებზე. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, თუმცა ძალიან შემიწყეს ხელი. თავიდან თვალის ექიმობა მინდოდა. თვალზე პრობლემები მქონდა, ხშირად მიწევდა თვალის ექიმებთან სიარული და მომეწონა ეს პროფესია.

რ.თ.: თქვენი ემოციურობა ალბათ ხელსაც გიშლიდათ, ჭადრაკს კარგი ნერვები უნდა.

ნ.ი.: რა თქმა უნდა, რაღაცას გაძლევს, რაღაცას - გართმევს. თუმცა, ნერვული სისტემა საკმაოდ სტაბილური მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ ემოციური ვიყავი.

რ.თ.: როგორ ახერხებდით ფორმაში ყოფნას, ვარჯიშობდით?

ნ.ი.: ვვარჯიშობდი, დავრბოდი, დამხმარე მყავდა ფიზიკურ მომზადებაში. მაშინ პარტია 5 საათი გრძელდებოდა, მერე გადაიდებოდა ხოლმე. ტურნირიც დიდხანს გრძელდებოდა და ფიზიკური მომზადება იყო საჭირო, რომ გონებას მეხუთე საათისთვისაც გაეძლო. კომპიუტერის შემოსვლასთან ერთად ეს გადადებებიც დამთავრდა. ახლა პარტიის დასრულებამდე თამაშობენ.

ნანა იოსელიანი
ნანა იოსელიანი

რ.თ.: კიდევ როგორ შეიცვალა თქვენს მერე ჭადრაკი?

ნ.ი.: ჩემს დროს ტურნირები სცენაზე, თეატრებში იმართებოდა. უფრო პრესტიჟულიც იყო. მერე და მერე დაიწყო ღია ტურნირები, სადაც ქალები და ვაჟები ერთად ასპარეზობენ. ახალგაზრდებისთვის ეს უფრო მისაღებია, ზურგჩანთას გადაიკიდებენ და მიდიან, მოგზაურობენ ერთი ქვეყნიდან მეორეში. ახლა ჭადრაკი უფრო კომერციული გახდა. რომანტიზმი საერთოდ აღარ აქვს. დროის კონტროლიც შეიცვალა. ადრე მაგალითად, ბლიცში ტურნირები არ ტარდებოდა, ახლა ტარდება, უფრო ხანმოკლეა და ორგანიზატორისთვის იაფი ჯდება. თუ სწრაფ ჭადრაკშია ტურნირი, დღეში შეიძლება რამდენიმე პარტიაც ითამაშონ. რაღაც დაკარგა, რაღაც შეიძინა ჭადრაკმა, მაგრამ მაინც მგონია, რომ უფრო დაკარგა. მე ახალ ჭადრაკს ცოტა ხანს გავუძელი და მერე თავი დავანებე.

რ.თ.: ქართველ დიდოსტატებს ერთმანეთთანაც გიწევდათ თამაში, რთული არ იყო ერთმანეთთან დაპირისპირება?

კი, ყოველთვის კონკურენტები ვიყავით. მგონია, რომ ეს ღირსეულად გადავლახეთ და ერთმანეთის გულშემატკივრებად დავრჩით.

რ.თ.: ახლა ვის ეთამაშებით ხოლმე?

ნ.ი.: თამაშით არ ვთამაშობ. თუმცა, ხანდახან მენატრება. ორი მოსწავლე მყავს თელავში და ონლაინ ვამეცადინებ. ზოგადად ჭადრაკის მოთამაშე ბავშვები სხვანაირები არიან, მით უფრო დღეს, როცა მეტი საცდურია ბავშვისთვის.

ჭადრაკის ერთი პარტია ერთი ცხოვრებაა. შენ მხედართმთავარი ხარ და გეგმას აწყობ. არც ერთი სვლა არ უნდა გააკეთო ტყუილად. გეგმა უნდა გქონდეს, შეიძლება მცდარი, მაგრამ მაინც. ერთი პერიოდი ვამბობდი, არ არის აუცილებელი ბავშვი მოჭადრაკე გახდეს, მაგრამ ჭადრაკის სიღრმე უნდა იგრძნოს-მეთქი. აქ შემოქმედებითობაც აუცილებელია, დამოუკიდებლობაც. შენით უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ვერავის დაუძახებ, მოდი, მომეხმარეო.

რ.თ.: საყვარელი ფიგურა გქონდათ?

ნ.ი.: ორი კუ მიყვარდა. კუს და მხედარს დაახლოებით ერთნაირი ძალა აქვს, მაგრამ კუს უფრო ძნელად ველეოდი ხოლმე.

რ.თ.: მიუხედავად წარმატებისა, გქონდათ დანაკლისის შეგრძნება?

ნ.ი.: ალბათ. სულ ვცდილობდი, უკმაყოფილების გრძნობა არ მქონოდა. შეიძლება რაღაც დავაკელი, ან ასე იყო საჭირო. არ ვიცი.

რ.თ.: როგორ ფიქრობთ, უფრო ინტუიციური მოჭადრაკე ხართ, თუ უფრო გათვლაზე ორიენტირებული?

ნ.ი.: ინტუიცია ჩემს შემთხვევაში ნაკლებად იყო, ეგ კიდევ სხვა ნიჭია. ჩემთვის ეგ იყო პრობლემა, რომ არჩევანი, გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა.

რ.თ.: თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი წარმატება რა იყო?

ნ.ი.: 1979 წელს 17 წლის ასაკში ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრი ჩატარდა და იქ პირველი 13 პარტია მოვიგე. სპორტსმენისთვის გამარჯვება ჩვეულებრივი ამბავია, მარცხია რომ გაბერებს.

რ.თ.: ასე გულთან ახლოს რატომ მიგქონდათ?

ნ.ი.: ალბათ ყველას მიაქვს, უბრალოდ არ გამოხატავენ. ერთხელ მითხრა ერთმა მოჭადრაკემ, ბოლო მარცხის დავიწყება მხოლოდ შემდეგი მარცხის მერეა შესაძლებელიო.

რ.თ.: ვიცი, რომ თქვენი შვილი ეჭვიანობდა ჭადრაკზე.

არ უყვარდა, კი. ყველა ჩვენგანმა დავაკელით ალბათ ბავშვებს ყურადღება.

რ.თ.: დღემდე არ ისწავლა?

ნ.ი.: ალბათ, სვლები იცის. ჩემი შვილი მეუბნება, ისე მიხაროდა შენთან რომ ვიყავი ხოლმეო...

რ.თ.: კინოშიც ხართ გადაღებული, თქვენ „მატი“ გაქვთო, რომ ეუბნებით მეტოქეს.

ნ.ი.: ჰო, „მატი“ გაქვთ... მსახიობი ჩემგან არ დადგა. იმის მერე არასდროს მითამაშია კინოში. ჭადრაკმა ყველაფერი შეჭამა, ნერვული სისტემაც. მე 40 წლის ასაკში დავანებე თავი თამაშს.

რ.თ.: რატომ დაანებეთ? 40 წელი ხომ არაფერია.

ნ.ი.: იმიტომ რომ ყველაფერი შეიცვალა ჩემს ირგვლივ. სანამ ახალგაზრდა ხარ, ყველა პირობას გიქმნის: აი, ნანა მეცადინეობს, ჩუმად; აი, ნანა შეკრებაზეა... მერე ხომ პირიქით ხდება, შენ უნდა უპატრონო სხვას. პირობები გჭირდება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG