მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო ათასობით ადამიანი საავადმყოფოებში აღმოჩნდა, კიდევ უფრო გამწვავდა პრობლემა, რომელიც სამედიცინო სექტორში ისედაც იყო - საავადმყოფოებში მოხვედრილი პაციენტების ახლობლები ჩივიან, რომ მათ ძალიან უჭირთ, ან საერთოდ ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებსა და ექიმებთან დაკავშირებას.
„სააკაშვილის საკანში უფრო იოლად შეხვალ, ვიდრე შენს ავადმყოფ ახლობელთან“, - ამბობს მამუკა (სახელი შეცვლილია), რომელსაც რამდენიმე თვის წინ კოვიდით დეიდაშვილი დაეღუპა. ვინაობას საჯაროდ არ ამხელს, გარდაცვლილის სამედიცინო ისტორია დღემდე არ მიგვიღია და ეს რომ წაიკითხონ, საერთოდ აღარ მომცემენო.
მამუკას 65 წლის დეიდაშვილი 18 დეკემბერს კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს. უცბად „შაქარმა აუწია“. ანალიზების აღებისას კოვიდიც აღმოაჩნდა. მამუკა ამბობს, რომ ჭარბი წონის გარდა მის ნათესავს არანაირი ქრონიკული დაავადება არ აწუხებდა, მათ შორის არც დიაბეტი. აცრა ორჯერ ჰქონდა გაკეთებული. საავადმყოფოში მოხვედრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გონზე იყო.
„31-ში ვეღარ დავუკავშირდით. შიგნით შესვლა და რამის გაგება წარმოუდგენელი ამბავია. გელაპარაკებიან ტელეფონით, არც იცი, ვინაა, რა ჰქვია, უბრალოდ, ვიღაც გპასუხობს განყოფილებიდან. ნაცნობი იწვა იქვე და მერე იმან მოგვიყვა, რომ 31-ში ცუდად გამხდარა, გონება დაუკარგავს, გულის მასაჟიც დასჭირდაო. ეს ყველაფერი ჩვენთვის არ შეუტყობინებიათ. მხოლოდ 24 საათის შემდეგ, შვილმა რომ მოიკითხა, მაშინ უთხრეს“, - ჰყვება მამუკა.
ექიმებმა ახლობლებს უთხრეს, რომ პაციენტი ანტიბიოტიკების მიმღეობაზე გამოიკვლიეს და მკურნალობაც დაუნიშნეს. ამის შემდეგ ერთი კვირა ის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იყო.
„8-ში დილით, უკვე სხვა ექიმმა გვითხრა, ფილტვები ჩირქით გაივსო და ახლა ვთესავთ ანტიბიოტიკების მიმღეობაზეო. ამის მერე მალევე გარდაიცვალა. ეჭვი გვაქვს, რომ არასწორად მკურნალობდნენ. ჩვენ ხომ უნდა გვცოდნოდა, რას რატომ უნიშნავდნენ? როგორ შეიძლება, პროაქტიული მხოლოდ ახლობელი იყოს?! გაზით უნდა აძრობდე თითოეულ სიტყვას. იმაშიც ვიღაცეების ჩარევა დაგვჭირდა, რომ ფორმა N100 იუსტიციის სახლში დროულად გადაეგზავნათ, გარდაცვალების ცნობა რომ აგვეღო და დაგვემარხა“.
„სად იყავით, შვილო, აქამდე“
2020 წლის მარტში, ქუთაისის კლინიკაში, სადაც კოვიდპანდემიის გამო ჰოსპიტალში კარანტინი იყო გამოცხადებული, 72 წლის ქალი ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს. მისი შვილი ნანა აკობიძე იხსენებს, რომ თბილისიდან ქუთაისში ორ საათში ჩავიდა, მაგრამ დედა მხოლოდ 7 დღის მერე, გამოწერისას ნახა.
„ადრეც ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ ისე არ ვუშვებდი არც ერთ რეანიმაციულში, უკან არ შევყოლოდი. დედა ამას მიჩვეული იყო და ვერ გაიგო, ახლა რატომ არ მიაკითხა არავინ. ადამიანს სჭირდებოდა ახლობლის ხმის გაგება, ამბავი, რომ აგერა ვართ. შეაგდეს ისე, რომ 7 დღე ვერც ერთ ნაცნობი სახე ვერ დაინახა. ექიმებს ვეუბნებოდი, ტესტს გავიკეთებ, სპეციალურ აღჭურვილობას ჩავიცმევ, ოღონდ ცოტა ხანი შემიშვით-მეთქი. არაფერმა გაჭრა. 7 დღის შემდეგ რომ გამოვიყვანეთ, გვკითხა, სად იყავით, შვილო, აქამდეო და ამის შემდეგ მას დალაგებულად აღარ ულაპარაკია. ეს იყო პანდემიის დასაწყისში“, - ჰყვება ნანა აკობიძე.
სტიკერი ჩანთაზე
ხათუნა ცხადაძე წელიწადზე მეტია მამას მკურნალობს. ამ დროის განმავლობაში საკუთარ თავზე გამოცადა, რომ ექიმები პაციენტის მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობით ინტერესდებიან, მისი შფოთვა, შიში და სხვა ყველაფერი კი ყურადღების მიღმა რჩება.
„ნუთუ არ შეიძლება, რომ საავადმყოფოში ვიღაც ჰყავდეთ, ვისაც ახლობლებთან გამართული ურთიერთობა დაევალება. მაგრამ არ ჰყავთ იმიტომ, რომ ამის საჭიროება კონცეფციის დონეზე არ არის აღიარებული. შეკითხვის დასმაზე ღიზიანდებიან, თითქოს რამე გმართებს, როცა შენი ახლობლის ჯანმრთელობაზე ეკითხები. შეიძლება ოჯახთან კომუნიკაცია ექიმის ვალდებულება არ იყოს?!“
ერთ-ერთ საავადმყოფოში მამამისს კოვიდიც გადაედო და მას ახლა უკვე ამ ვირუსის გამო მკურნალობენ.
„სანამ ინტუბირებაზე გადაიყვანდნენ, 6 დღის განმავლობაში რეანიმაციაში იყო, მაგრამ კონტაქტური, მაინც არავინ დაგვალაპარაკა. როცა დავაწვინეთ, ვუთხარით, მისმა ექიმმა, ვისთანაც ადრე მკურნალობდა, თქვა, აუცილებლად დამირეკონ, კონსულტაციისთვისო. ნომერი დაგვიტოვეთ, სტიკერით მიაკარით ჩანთასო. მივაკარით, მაგრამ ის ჩანთა შემდეგ სტიკერიანად გამოგვიტანეს უკან. არავის დაურეკავს. ექიმთან კომუნიკაცია რომ ყოფილიყო, ხომ ვეტყოდით, რომ დარეკვაა საჭირო. არ კმარა სტიკერის მიკვრა. ათას ხელში გადის ერთი ავადმყოფი. „ყველაფერს ვუკეთებთ“, „გადავყევით“ ამას მეუბნებიან, მაგრამ...“
ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ექიმებთან კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამაზე პრეტენზია ბევრს აქვს. მისი თქმით, განსხვავდება საავადმყოფოებიც. სადაც მენეჯმენტი გამართულია, იქ ახლობელებს ინფორმაციას აწვდიან.
„სახელმწიფომ ექიმებს მიუგდო ეპიდემიის მართვა და უკვე ორი წელია, რაც სამედიცინო სექტორი უმძიმესი ზეწოლის ქვეშაა. გაუმართლებელია, რომ ექიმებზე გადავტეხოთ ჯოხი. კი, პრობლემა არის, მაგრამ ეს პრობლემა არ იქნებოდა, სახელმწიფოს რომ ადეკვატური ზომები მიეღო. უზარმაზარი ზეწოლაა ჰოსპიტალურ სექტორზე ისე, რომ არავინ არ ფიქრობს, სექტორი ამას როგორ გაწვდება. ეჭვებში გადავარდნა, რომ პაციენტს რაღაცას არ უკეთებენ, არ არის სწორი. დარწმუნებული ვარ, რომ ექიმები თავს არ ზოგავენ“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში განსაკუთრებით თვალშისაცემია მედპერსონალის ნაკლებობა, ექთნების სიმცირე. ამას ემატება ისიც, რომ ბევრი ექთანი ვაქცინაციის პროცესშია ჩართული და ისინი ჰოსპიტალურ სექტორს აკლდებიან.
თანდაყოლილი ზრდილობის ამარა
პიარის სპეციალისტი ნუცა სუბელიანი ამბობს, რომ მართალია, არიან ექიმები, რომლებმაც იციან, პაციენტსა და მის ახლობელს სწორად როგორ დაელაპარაკონ, მაგრამ ბევრს მსგავსი უნარ-ჩვევები ბუნებრივად არა აქვს და სწავლა სჭირდება.
„ამას სჭირდება ექსპერტის ჩართულობა, სწავლა, ტრენინგი. მხოლოდ კოვიდის დროს არ არის ასეთი პრობლემები. პაციენტი ტირის, ეშინია და ექიმი ყურადღებას არ აქცევს, შენთვის არ მცალია ახლაო, ეუბნება“.
ფილმებში არ ტყუიან
„ფილმებში რომ ვუყურებ, მშურს, რეანიმაციაში მყოფ პაციენტს აქეთ-იქიდან ახლობლები რომ უსხედან. ზოგს ერთი ხელი უჭირავს, ზოგს - მეორე“, - ამბობს ნანა აკობიძე.
„ეს მარტო კინო არ არის, დეიდაჩემი ნიუ-იორკში გარდაიცვალა. ყოველ ორ საათში გამოდიოდა ექიმი. ახლობლები ბოლო წუთამდე იქ იყვნენ. როცა კვდებოდა, შვილებს უთხრეს, შემოდით, დაემშვიდობეთო“, - იხსენებს ხათუნა ცხადაძე.
პაციენტის უფლებების შესახებ კანონის მე-3 თავში განმარტებულია, რომ პაციენტს, მისი თანხმობის შემთხვევაში კი - მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, აქვს უფლება, გაეცნონ სამედიცინო ჩანაწერებს, ასევე მოითხოვონ მისი ასლი. პაციენტს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების გაწევისას მიიღოს სრული ინფორმაცია, ამასთან, დროულად და გასაგებ ენაზე, აქ იგულისხმება მკურნალობის საშუალებები, ფასი, გამოკვლევის პასუხები, ექიმების ვინაობა და კვალიფიკაცია, ანუ ფაქტობრივად ყველაფერი, რითაც კი შეიძლება პაციენტი დაინტერესდეს.
„სისტემა ექიმს არც ტრენინგს უტარებს, არც უწყვეტ განათლებას სთავაზობს, რომ კარგი, გულისხმიერი სპეციალისტი დაფასდეს. შესაბამისად, ექიმიც უკვე ფულის შოვნაზეა ორიენტირებული და აღარ მიიჩნევს საჭიროდ, პაციენტს დაუჯდეს და ინფორმაცია მიაწოდოს. სისტემამ იმდენად მძიმე სიტუაციაში ჩააყენა ჩვენი ექიმები და განსაკუთრებით ექთნები, რომ თავად ამბობენ, განწირულები ვართ იმისთვის, რომ ჩვენს მიმართ უკმაყოფილების ტალღა წამოვიდესო“, - ამბობს ჯანმრთელობის კომუნიკაციის სპეციალისტი თიკო ცომაია.
„მე მიმკურნალია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში და ძალიან დიდი განსხვავებაა. იქ ყველა ცდილობს, შენი ემოციური მდგომარეობა გაითვალისწინოს. თურქეთში ინფექციურშიც, სადაც უცხო პირის შეშვება არ შეიძლება, ჩემს ქმარს მისცეს უფლება შემოსულიყო, ყველა წესის დაცვით, რა თქმა უნდა. ანესთეზიაზე სულ სიმღერ-სიმღერით დამაძინეს. როცა გავიღვიძე, მაშინვე ჩემი მეუღლე ამოიყვანეს. ამ დროს, როცა საქართველოში კეთდება ოპერაცია, ახლობლები გარეთ დგანან და ექიმი შეიძლება 2-3 საათი არ ჩავიდეს მათთან“, - ჰყვება ნუცა სუბელიანი.
კორონავირუსის გამო საქართველოში უკვე 15 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. საავადმყოფოებში მკურნალობს 6 ათასამდე პაციენტი, კიდევ 2 ათასამდე ადამიანი კლინიკურ სასტუმროებშია, სულ ინფიცირების 200 ათასამდე აქტიური შემთხვევაა.