დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID19-ის პანდემიის მერვე ანგარიშს აქვეყნებს. ვრცელ დოკუმენტში ასახულია ვაქცინაციის, ინფიცირების, ლეტალობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც 2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიცავს.
COVID19 და სიკვდილობა - ლეტალობის მაჩვენებელი 1,48%
4 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კოვიდით 15 575 ადამიანია გარდაცვლილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საანგარიშო პერიოდისთვის, ანუ 2021 წლის 31 დეკემბრისთვის კი გარდაცვლილი იყო 13 860 ადამიანი.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა 50,2%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის თანმხლები ქრონიკული დაავადება:
- კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია (57%);
- დიაბეტი (25,9%);
- ონკოლოგიური დაავადება (5,6%).
გარდაცვლილთა 52% კაცია. ყველა ლეტალურ შემთხვევაში, დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული.
შემთხვევათა 81,1%-ში დაავადება გართულებული იყო პნევმონიით, გარდაცვლილთა 79,7%-ს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.
COVID19-ით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურებში, 70 წელზე ნაკლები პაციენტები 39,2%-ს შეადგენენ. 70-79 წელი - 29,3%; 79 წელს ზემოთ პაციენტები - 31,7%.
ვაქცინა და კოვიდი
კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან, ანუ, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სრულად (2 დოზით) ვაქცინირებული 1 151 070 პირიდან დაინფიცირდა 74 804 ადამიანი, ანუ, ვაქცინირებულთა მხოლოდ 6,49%. კორონავირუსით დაინფიცირდა ბუსტერ დოზით (3 დოზა) აცრილი 133 ადამიანი.
2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია ვირუსით ინფიცირების 661 696 შემთხვევა.
ანალიზის თანახმად, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, არავაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი 7,7-ჯერ მეტი იყო იგივე პერიოდში სრულად ვაქცინირებულ პირებთან შედარებით.
ვაქცინირებულ პირებში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 86,94%-ით ამცირებს ინფიცირების ალბათობის რისკს. ბუსტერ დოზა ამ მაჩვენებელს 99,66%-მდე ზრდის.
ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისგან დაცვა
ვაქცინირებულ ინფიცირებულთა შორის, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 8 414 შემთხვევაში, მათ შორის, ბუსტერ დოზით ვაქცინირებულ 6 შემთხვევაში.
შედარებისათვის, იგივე პერიოდში, ჰოსპიტალიზირებულ იქნა 130 648 კოვიდინფიცირებული. ამ მონაცემებით, კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა 90,56%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას არავაქცინირებული პოპულაციისგან განსხვავებით. ბუსტერ დოზის შემთხვევაში კი ეს 99,9%-ია.
ინტენსიური და კრიტიკული/რეანიმაციული მოვლის საჭიროებისგან დაცვა
საანგარიშო პერიოდში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა საჭირო გახდა 434 ვაქცინირებულის შემთხვევაში. შედარებისათვის, ამავე პერიოდში, ინტენსიური და რეანიმაციული დახმარება დასჭირდა 10 805 არავაქცინირებულ ინფიცირებულს.
ამ მონაცემების საფუძველზე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ვაქცინა 94.14%-ით ამცირებს ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებას არავაქცინირებულ პოპულაციასთან შედარებით.
ვაქცინირებულ ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელი
გასული წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში, ვაქცინირებულ პოპულაციაში (1 151 070) დაფიქსირდა კოვიდით სიკვდილის 385 შემთხვევა. შედარებისათვის, იმავე პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირდა კოვიდით სიკვდილის 10 532 შემთხვევა.
დროის ამ პერიოდში, სრულად ვაქცინირებულთა შორის ლეტალობა 0,52%-ია. იგივე პერიოდში, ქვეყანაში კოვიდით გამოწვეული ზოგადი ლეტალობა 1,59%-ია.
იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენები (იშგამი) - გართულებები და ლეტალობა
2022 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ 2 514 871 აცრა ჩატარდა, რომელთაგანაც იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენები (იშგამი) აღირიცხა 1929 შემთხვევაში. იშგამის პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 0,1%-ს. სერიოზული იშგამის მაჩვენებელი კი 0.01%-ს.
ამ შემთხვევებიდან სერიოზულად მიჩნეულია 206 შემთხვევა, საიდანაც 177 პაციენტს გაეწია გადაუდებელი დახმარება.
206 სერიოზული შემთხვევიდან, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა განიხილა 152 შემთხვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად, რომელთაგანაც:
- 96 იმუნიზაციის მიზეზობრივ კავშირთან თავსებადია;
- 51 შემთხვევა დაკავშირებული იყო იმუნიზაციისადმი შიშთან;
- 45 შემთხვევაში დაფიქსირდა ვაქცინურ პროდუქტთან დაკავშირებული რეაქცია;
- 34 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც არათავსებადი იმუნიზაციასთან;
- ხოლო 20 შემთხვევა როგორც გაურკვეველი.
იმუნიზაციის შემდგომ განსაზღვრულ პერიოდში რეგისტრირებულია 7 ლეტალური შემთხვევა. 5 კლასიფიცირდა, როგორც იმუნიზაციასთან არათავსებადი. 1 შემთხვევა ჯერ არ განხილულა კომიტეტის მიერ. 1 შემთხვევის განხილვა შეჩერებულია კომიტეტში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.
„ომიკრონი“, ინფიცირება, ავადობა და გარდაცვალება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მესამე კვირის კოვიდით ინფიცირების შემთხვევების 90-95% „ომიკრონის“ BA.1 და BA.2 სუბშტამებია.
ამასთან BA.2 ვარიანტს გაცილებით სწრაფი გავრცელების ტენდენცია ჰქონდა და სულ რაღაც სამიოდე კვირაში ინფიცირების შემთხვევების ნახევარის მიზეზი გახდა. „ომიკრონმა“ იანვარში პრაქტიკულად ჩაანაცვლა მანამდე მოცირკულირე „დელტა“ ვარიანტი, მაშინ, როცა „ალფა“ და „დელტა“ შტამებს ამისთვის 2-3 თვე დასჭირდათ.
შესწავლილი შემთხვევების 14%-ში დასტურდება, რომ პაციენტებს წარსულში უკვე გადატანილი აქვთ COVID19-ის სხვა შტამი.
„ომიკრონით“ ინფიცირებულთა 36,1%-ს არ აქვს მიღებული ვაქცინის არცერთი დოზა. ხოლო შემთხვევათა 50% სრულად ვაქცინირებულია.
„ომიკრონის“ დადასტურებული შემთხვევებიდან (1151 შემთხვევა), ჰოსპიტალიზებული იყო 38 ადამიანი (3,3%), ლეტალურად დასრულდა 3 შემთხვევა (0,3%).
რეინფიცირება - 52 გარდაცვლილი
პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ოფიციალურად აღიცხულია შესაძლო რეინფიცირების 10 997 შემთხვევა სულ მცირე 60 დღის შუალედით.
რეინფიცირებულთაგან 52 პაციენტი გარდაიცვალა.
შესაძლო რეინფიცირების 10 997 შემთხვევიდან სრულად ვაქცინირებული იყო 1833 ადამიანი. მათგან 4 პაციენტი გარდაიცვალა. ყველა გარდაცვლილი იყო 50 წელს ზევით.
პანდემიას 143 მედმუშაკი ემსხვერპლა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში 143 მედმუკაში გარდაიცვალა, რაც შეადგენს მედპერსონალის ინფიცირების საერთო რაოდენობის 0,4%-ს შეადგენს.
COVID19-ით დაავადებულთა შორის, 3,8% სწორედ ჯანდაცვის მუშაკები არიან. დაინფიცირებული სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის 81% სტაციონარების, მათ შორის, სტაციონარის მიმღები, ინტენსიური და რეანიმაციის განყოფილების სამედიცინო პერსონალია. ინფიცირებულთა უმეტესობა, 81%, ქალია. ინფიცირებულთა 80% 30-დან 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა.