Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალისტრატე - პატრიარქი ათეისტურ ეპოქაში


რად ცდი­ლობთ ჩვენს გარუ­სე­ბას? ეს ხომ არა­სო­დეს მოხ­დე­ბა: ხალ­ხი, რომელ­საც თა­ვის ენა­­ზე მეოთ­ხე-მე­ხუ­თე საუ­კუ­ნეე­ბი­დან აქვს ბიბ­ლია, მდი­და­რი საეკ­ლე­სიო-საღვთის­მეტყ­ვე­ლო და საე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა და უაღ­რე­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ენა, გა­ნა შეიძ­ლე­ბა გარუს­დეს?“, - ამ სიტყვებით მიმართა კალისტრატე ცინცაძემ ეგზარქოს ნიკონს, რომელიც ისევე, როგორ ყველა დანარჩენი ეგზარქოსი, საქართველოში რუსულ პოლიტიკას ატარებდა.

3 თებერვალს 70 წელი შესრულდა პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის გარდაცვალებიდან.

კალისტრატე ცინცაძე იმერელი კაცი იყო, სოფელ ტობანიერიდან. დაიბადა 1866 წლის 24 აპრილს. ჯერ თბილისის, მერე კი კიევის სასულიერო აკადემიებში სწავლობდა. საქართველოში დაბრუნებულს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ) უთხრა, მე და ეპისკოპოსი ალექ­სანდრე ოქ­რო­პი­რი­ძე უკ­ვე დავბერ­დით, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბე­რე­ბი, გარ­და ლეო­ნი­დი­სა (ის შემდეგ საქართველოს პატრიარქი გახდა), არ გვყავს და თუ სამშობ­ლო გიყ­ვარს, ბერობაზე იფიქრეო.

ველურ მხეცთა მხარე

კალისტრატე ბერად არ წასულა. 1893 წელს მღვდლად აკურთხეს და დიდუბის ეკლესიაში გაამწესეს. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს ავტოკეფალია დაკარგული აქვს. ქართულ ეკლესიას კი რუსი ეგზარქოსები მართავენ, მათ საქართვლოში ემორჩილებიან, თუმცა - „ცუდად“, ხანდახან ჯანყიც იფეთქებდა ხოლმე. თავის მემუარებში „ჩემი მოგონებებიდან“ კალისტრატე მრავალ შემთხვევას აღწერს, რომლის მიხედვითაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ რას ნიშნავდა სასულიერო მოღვაწეობა რუსი ეგზარქოსების ხელში.

მაგალითად, საქართველოს ეგზარქოსი პავლე ტვერის მთავარეპისკოპოს საბას წერს: სულაც არ ვისურვებდი, მოგიხდეთ ამ მწარე ფიალის შესმა - საქართველოში მოღვაწეობა... ერთადერთი მსურველი საქართველოში წასვლისა არის მთავარეპისკოპოსი პალადი ყაზანელი, ხოლო თქვენი მონა-მორჩილი უარს ამბობს ამ ველურ მხეცთა მხარეში წასვლაზე“.

მომდევნო ეგზარქოსად საქართველოში მართლაც პალადი ჩამოვიდა, მისი „განმანათლებელი“ საქმიანობებიდან კალისტრატე ცინცაძე ორ კურიოზულ შემთხვევას იხსენებს. ეგზარქოსმა იკითხა, რომელი ტაძარი იყო საქართველოში ყაზანის ხატის სახელზე აშენებული და როდესაც უპასუხეს, ამგვარი არაფერი გვაქვსო, გადაწყვიტა, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია ყაზანის ხატის ეკლესიად გამოეცხადებინა. დიდუბის უძველესი ეკლესია, რომელშიც 1215 წელს თამარ მეფემ ჯვარი დაიწერა, ივერიის ღვთისმშობლის სახელზეა აგებული.

ეგზარქოსმა პალადიმ ისიც მოიკითხა, სად უნდა მოეძებნათ ქართველების წმინდანებად შერაცხვის აქტები. აქაც უპასუხეს, რომ ამგვარი არაფერი იყო შემორჩენილი. ეგზარქოსმა განკარგულება გასცა, დაეჯარიმებინათ ის მღვდლები, რომლებიც ბავშვებს ქართული სახელებით ნათლავდნენ. კალისტრატე ცინცაძე წერს, ქართველები ბავშვებს მაინც ქართულ სახელებს არქმევდნენ, ერთი ეგ იყო, რომ „სამეტრიკო მაგიდის მოხელეებისთვის“ ქრთამის მიცემა დაიწყესო.

ბრძოლა ავტოკეფალიისათვის

ამ პირობებში იბრძოდნენ ქართველი სასულიერო პირები ეკლესიის ავტოკეფალიისთვის. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კალისტრატემ ჟურნალ „Пастырь“-ში ავტოკეფალიაზე წერილი გამოაქვეყნა.

გაგიჟდა ეგზარქოსი, დაიბარა რედაქტორი დავით ღამბაშიძე, მღვდლობასაც წაგართმევ, ჟურნალსაც დაგიხურავ, ახალგაზრდა ექსტრემისტ მღვდელს წერილი როგორ დაუბეჭდე, ახლავე ისევ დააწერინე, რომ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია არასოდეს ჰქონიაო. კალისტრატემ, რა თქმა უნდა, არ დაწერა“, - ჰყვება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე, რომელიც ქართველი სასულიერო პირების ცხოვრებასა და მოღვაწეობას იკვლევს.

კალისტრატე ცინცაძე
კალისტრატე ცინცაძე

ისტორიკოსი ამბობს, რომ კალისტრატე ცინცაძემ სხვებთან ერთად შეიმუშავა ავტო­კე­ფა­ლიის აღდ­გე­ნი­სა და მართ­ვა-გამგეო­ბის პროექტი. ავტოკეფალიის მოთხოვნით სამღვდე­ლოე­ბამ სინო­დის ობერ-პრო­კუ­რო­რისა და კავკა­სიის მეფის­ნაცვ­ლის სა­ხელ­ზე პეტიცია მოამზადა. პეტიციაში ისინი განმარტავდნენ, თუ რატომ იყო რუსე­თის იმპე­რა­ტო­რის ალექსანდრე I-ის 1811 წლის ბრძანე­ბუ­ლე­ბა (ამ ბრძანებულებით იმპერატორმა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლია გააუქმა) უკანონო. დოკუმენტს ხელს 412 სა­სუ­ლიე­რო პირი აწერდა. ეს ქართველებს არ შეარჩინეს, ეგ­ზარ­ქო­სმა ალექ­სიმ ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მოძრაო­ბის წარმომად­გენ­ლებს კაზაკები მიუსია და მათრახით აცემინა.

მიუხედავად ამისა, 1917 წელს ქართველ­მა სამღვდე­ლოე­ბამ სვეტიცხოვლის საპატ­რიარ­ქო ტა­ძარ­ში საზეი­მოდ გამოაც­ხა­და ავტო­კე­ფალიის აღდ­გე­ნა. დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი იყო, ვინც საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბით მმართ­ვე­ლო­ბა­ში შე­ვი­და.

რუსე­თის პატრიარქ­მა ტი­ხონ­მა საქართ­ვე­ლოს პატრიარქ კირიონ II-ს წერილი მოსწერა და შემოუთვალა, რუსე­თის საეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე გამოცხადდით და დანაშაული აღიარეთო. წერილზე პასუხი კა­ლისტრატემ გასცა. მან მუხლობ­რი­ვად გაარ­ჩია პატრიარქ ტიხო­ნის თითოეუ­ლი არგუმენტი და დას­ძი­ნა: რა­კი აღვად­გი­ნეთ კა­ნო­ნი­კუ­რი წყო­ბი­ლე­ბა, ქართულ­სა და რუ­სულ ეკლე­სია­შიც მტკიცედ უნ­და ვუთვალ­ყუ­როთ, რა­თა შემდგომ­ში არა­ვი­თა­რი მსგავ­სი არ იქმნეს“.

გზა ეკლესიის შესანარჩუნებლად

საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ სასულიერო პირებისთვის განსაკუთრებით მძიმე წლები დაიწყო. მათ დევნიდნენ, აპატიმრებდნენ, ხოცავდნენ, ეკლესიებს კი ანგრევდნენ. 1923 წელს დააკავეს კალისტრატე ცინცაძეც.

ვართ დატუ­სა­ღე­ბულ­ნი 1923 წლიდან ჩე­კას მიერ და ვიმყო­ფე­ბით N2 გა­მას­წო­რე­ბე­ლი სახლის საკნებ­ში, რვა თვის წამე­ბის შემდეგ გადაგვიყ­ვა­ნეს N1 გამას­წო­რე­ბელ სახლ­ში. აქ გავი­გეთ, რომ ვიმყო­ფე­ბით უზე­ნაე­სი სასამართ­ლოს ბრალმდებ­ლის განკარ­გუ­ლე­ბა­ში, მაგრამ ჩვენ არა­ვინ დაგვკით­ხა“, - ასეთი განცხადებით მიმართა მან საბ­ჭო­თა რესპუბ­ლი­კის უზე­ნაე­სი სასა­მართ­ლოს თავმჯდო­მა­რეს.

კალისტრატე ცინცაძე ციხეში დაახლოებით ერთ წელი იჯდა.

1932 წელს, საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ, იმავე წლის 21ივ­ნისს ახალ პატრიარქად კალისტრატე ცინცაძე აირჩიეს. სწორედ მისი პატრიარქობის პერიოდში, 1943 წელს აღიარა რუსეთმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.

უნიჭიერესი, განათლებული კაცი იყო. ფრთხილი და გაწონასწორებული. იმ ათეისტურ ხელისუფლებაში კალისტრატე მთებს ვერ გადადგამდა. ის ვერ გააგრძელებდა ამბროსი ხელაიას გზას. 30-იანი წლებიდან 70-იან წლებამდე საქართველოს თავისუფლების იდეა აღარ არსებობდა. კალისტრატემ მონახა გზა, ამ პირობებში რაღაცნაირად შეენარჩუნებინა ეკლესია“, - ამბობს სერგო ვარდოსანიძე.

როგორ გადაარჩინა კალისტრატემ ქაშუეთი

ქაშუეთის ტაძარი მინიმუმ ორჯერ არის გადარჩენილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ტაძრის მშენებლობას იწყებდნენ, მშენებლობის კომიტეტი და მისი ხელმძღვანელი ივანე ამილახვარი ეგზარქოსს ეწვივნენ. ეგზარქოსმა ვერ გაიგო, რატომ უნდა აშენებულიყო ტრადიციული ქართული ტაძარი, როდესაც შეეძლოთ რუსული მრგვალგუმბათებიანი ტაძარი აეშენებინათ. თავადო, განა ესენი არ სჯობს თქვენ პროექტს?“, - ჰკითხა მან ამილახვარს, რომელმაც უპასუხა, შეიძ­ლე­ბა სჯობს კიდე­ვაც, მაგრამ ჩვენ­ი წინაპ­რები ასე აგებდნენ ტაძრებსო. თქვე­ნო ბრწყინვა­ლე­ბავ, - მიუ­გო ეგზარ­ქოს­მა, - თუ­კი წინაპრე­ბი სისულელეებს სჩადიოდ­ნენ, ჩვენ რა­ტომ უნ­და გავი­მეო­როთ ისი­ნი?“ მხოლოდ ამილახვრის სიმტკიცისა და სიჯიუტის დამსახურებაა ის, რომ ქაშუეთი სამთავისის მსგავსი პროექტით აშენდა და არა რომელიმე იმ რუსული პროექტით, რომელსაც ეგზარქოსი კომიტეტს სთავაზობდა.

ქაშუეთის ტაძარი
ქაშუეთის ტაძარი

მაგრამ ქაშუეთს განსაცდელი კიდევ ელოდა. სერგო ვარდოსანიძე ამბობს, რომ 30-იან წლებში მთავრობამ გადაწყვიტა, ქაშუეთი დაენგრიათ და მის ადგილას აბანო აეგოთ.

კალისტრატეს ძალიან უყვარდა ქაშუეთი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ჩაატარა ბოლო წირვა, გამოემშვიდობა ტაძარს, მრევლს უთხრა, ხვალიდან უკვე ნგრევას დაიწყებენო და ეზოში გამოვიდა. დადის ეზოში და ლავრენტი ბერიას დედა, მართა ჯაყელი შეხვდა. მართამ უთხრა, დაწერე ეს ყველაფერი და ლავრენტის გავუგზავნიო. მაშინ ბერია უკვე მოსკოვში იყო... მე ნანახი მაქვს კალისტრატეს წერილის ასლი, ბერიას რეზოლუციით: „შეაჩერეთ, ხელი არ ახლოთ“. ვინღა დაანგრევდა მერე ქაშუეთს?!“ - ამბობს სერგო ვარდოსანიძე.

გროსპაპადაკემსილი ანაფორით

კალისტრატე ცინცაძეს ექვსი შვილი ჰყავდა. პოეტი რატი ამაღლობელი მისი ერთ-ერთი შთამომავალია, დედის მხრიდან, კალისტრატე მისი ბებიის ბაბუა იყო. პატრიარქის ნივთებიდან რატის წიგნები შემორჩა - რუსულ-ქართული ლექსიკონები და ჯიბის „ვეფხისტყაოსანი“.

რატი ამაღლობელი ჰყვება, რომ კალისტრატე ქაშუეთის ეზოში ცხოვრობდა და დილას მოწყალების გაცემით იწყებდა, რასაც წინ უცნაური რიტუალი - ფულის გამოხარშვა - უძღოდა.

„მაშინ ხურდებს ყრიდნენ ალბათ. ამ რკინის ფულს გამოხარშავდა და დილით თავის ხელით დაარიგებდა ხოლმე, - ამბობს რატი, - ჩვენთან სახლში მას გროსპაპას (ბაბუა გერმანულად) ეძახდნენ. გერმანელი ცოლი ჰყავდა, ოტილია ტომასი და ოჯახშიც ყველამ იცოდა გერმანული. როდესაც ეპისკოპოსი გახდა, ბერადაც აღიკვეცა და ცოლ-ქმარი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობდა. დედაჩემის მოგონებები ასეთი იყო: ცოტა იმერულად უქცევდა, მე ხუთი წლის ვიყავი და ვუსწორებდიო. ამის გამო მასნანუკა პროფესორიშეარქვა. ანაფორას იდაყვები ყოველთვის გაცრეცილი და დაკემსილი ჰქონდა. მუდამ დაჰყვებოდა მარწყვის სურნელი, რადგან წვერს მარწყვის საპნით იბანდა“.

კიდევ ერთი მოგონება, რომელიც კალისტრატე ცინცაძეს უკავშირდება, პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის. მან ამის შესახებ თბილისის 51-ე სკოლაში გამართულ შეხვედრაზე მოჰყვა.

ქატრიარქი ილია II
ქატრიარქი ილია II

„მე ვიყავი მგონი ათი წლისა, როცა პირველად და უკანასკნელად შევხვდი მას. მე არ ვიცოდი, როგორ უნდა მივსულიყავი პატრიარქთან და ჩემმა ნათლიამ, დედა ზიოლე დვალიშვილმა მითხრა, რომ მე რასაც გავაკეთებ, შენც ის გაიმეორეო... დაიჩოქა, ხელები დააწყო და მან დამლოცა მეც... დედა ზოილემ უთხრა მას, რომ ეს არის ნატო და გიორგის შვილიო. ის კარგად იცნობდა ჩემს მშობლებს, იმიტომ, რომ ჩემი მშობლების საშუალებით, იგი უკავშირდებოდა ორჯონიკიძეში მცხოვრებ ქართველებს. ეს იყო სვეტიცხოვლის ეზოში, საღამოსპირი, და მან თქვა: - მე ვლოცულობ თქვენი ოჯახისთვის. ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს იყო შეხვედრა ორი პატრიარქისა“.

პატრიარქი კალისტრატე 1952 წლის 3 თებერვალს ავადმყოფობით გარდაიცვალა. ის სიონში დაკრძალეს. 2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG