Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწავლა თარგმანით - ქართულის გაკვეთილები ოქსფორდში


სწავლა თარგმანით - ქართულის გაკვეთილები ოქსფორდში
please wait

No media source currently available

0:00 0:07:28 0:00

ლია ჩოკოშვილი უკვე 25 წელზე მეტია, ოქსფორდის უნივერსიტეტში (ჯერ ენების სწავლების ცენტრსა და შემდეგ, გლობალურ სწავლებათა სკოლაში) უცხოელ სტუდენტებს ქართულ ენას ასწავლის.

რამდენიმე წლის წინ, ენის ტრადიციულად სწავლების გაკვეთილებს თარგმანით სწავლების მეთოდიც დაუმატა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტს, როგორც თავად ამბობს, ვირუსივით მოედო და თუ მანამდე, ქართულის სწავლის მსურველი სულ 5-6 სტუდენტი იყო ხოლმე, დღეს მათი რაოდენობა 33-ია.

პირველად, ლაშა თაბუკაშვილის პიესა - „ათვინიერებენ მიმინოს“ თარგმნეს. მერე, ნელ-ნელა, აარჩიეს სხვა ქართველი ავტორებიც: ერლომ ახვლედიანი, გურამ რჩეულიშვილი, აკა მორჩილაძე, გოდერძი ჩოხელი... ასე თარგმნა-თარგმნაში სტუდენტები ცოცხალ ქართულ ენას ეხებოდნენ, ენასაც ხვეწდნენ და ქართველი მწერლების ნაწარმოებებსაც თარგმნიდნენ.

ასე გაჩნდა თარგმანების გაკვეთილების შედეგად პირველი წიგნიც „კარს მიღმა“.

ლია ჩოკოშვილი ამ საქმეს ამ დრომდე მარჯორი უორდროპის ფონდის დახმარებით აგრძელებდა, თუმცა ახლა თარგმანის პროექტი დროებით შეჩერებულია.

ლია ამბობს, რომ ამ საქმეში პირველი მხარდამჭერი, ალბათ, მაინც მისი ქვეყანა უნდა იყოს და ისევე შეუწყოს ხელი ოქსფორდში ქართული ენის სწავლებას, როგორც ამას აკეთებს, მაგალითად, აზერბაიჯანი, სოხეთი, უკრაინა და სხვა არაერთი ქვეყანა.

ინგლისურად უკვე ნათარგმნი და გამოსაცემად მზად არის გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდა“ - ახლა ბრიტანეთში გამომცემლის ძიებაში არიან. საქართველოში წიგნს გამომცემლობა „სეზანი“ დაბეჭდავს. ლიას ერთ-ერთი სტუდენტი, ჯეფრი გოსფი მუშაობს სულხან-საბა ორბელიანის წიგნის, „მოგზაურობა ევროპაში“ თარგმანზე და ეს წიგნიც მალე იქნება მზად გამოსაცემად.

„მე მინდა, ამ საქმით ორ ქვეყანას შორის ლიტერატურული ხიდი გაიდოს. საძირკველი უორდროპების მიერ უკვე ჩადებულია, ჩვენ კი შეგვიძლია, ეს საქმე ისევ გავაგრძელოთ“, - უთხრა ლია ჩოკოშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუ დღეს ქართული ენის თარგმნის პროექტის ვებსაიტზე შეიხედავთ, იქ, სპონსორების სპეციალურ გრაფაში მხოლოდ უორდროპების ფონდის სახელს ნახავთ - დანარჩენი ველი ცარიელია. ლიას ძალიან უნდა, რომ ეს ველი ქართველებმა შეავსონ.

XS
SM
MD
LG