Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახლები სახურავის გარეშე - კახეთში სტიქიისგან დაზარალებულები ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებენ


ყვარლის სოფლებში, გავაზში და კუჭატანში ადგილობრივების ერთი ნაწილი, ის ოჯახები, ვინც 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში რამდენჯერმე მოსულმა სტიქიამ დააზარალა და მათ საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა, დახმარებას ითხოვს. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტმა 4 მილიონ ლარამდე დახარჯა.

დაზარალებულთა შორის არის კუჭატანში მცხოვრები ზურაბ კორტიევი. ის სწუხს, რომ მეშვიდე თვეა სახლში სახურავის ფუნქციას ასრულებს ე.წ. ბრეზენტი, რომელიც წყალს ვერ იკავებს და წვიმის დროს ოთახები იტბორება. შიდა ინფრასტრუქტურაც მთლიანად განადგურდა.

როგორც კორტიევმა რადიო თავისუფლებას უთხრა, სტიქიიდან მალევე, მერიიდან მისულმა სპეციალისტებმა, დაზარალებულად ცნეს, აღწერეს ზიანიც. პარალელურად, მერიაში განცხადება შეიტანა და დახმარება ითხოვა, თუმცა რეაგირება ჯერ არ მომხდარა.

„მერიაში მითხრეს, რომ დახმარების მიმღებთა სიაშიც ვიყავი, მაგრამ ფული ჩემზე აღარ ეყოთ. 5 სახლს, რომელსაც სახურავი გაბზარული ჰქონდა, სახურავი გადააფარეს. ბოდიში, მაგრამ მე ფეხებზე დამიკიდეს. სახლმა უკვე ლპობა დაიწყო, ყველაფერი დაზიანდა. არადა, როცა სტიქია იყო, მაშინვე მითხრეს, რომ 100-პროცენტიანი ზარალი იყო და სახურავი უნდა შეეცვალათ. მაშინ ხელოსნები მოვიდნენ, აზომეს, გადაზომეს და წავიდნენ. მას მერე აღარავინ მოსულან“, - ამბობს დაზარალებული კორტიევი.

მთლიანად არ აქვს გადახდილი, თუმცა დაზიანებულია კუჭატანში მცხოვრები გოგა ზარდიაშვილის სახლის სახურავიც. დატეხილი სახურავიდან წყალი წვიმისას ოთახებში ჩადის და ნივთებს აზიანებს. გოგაც 2021 წლის ზაფხულის სტიქიის დაზარალებულია. მას 5-ჯერ დასჭირდა მერიაში განცხადების დაწერა, თუმცა უშედეგოდ. გოგამაც იცის სხვა დაზარალებულები, რომლებსაც სახურავები განცხადების დაწერიდან მალევე შეუკეთეს.

ყვარლის ორ სოფელში, სტიქიით დაზარალებულთა პრობლემაზე, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ილაპარაკა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა ლაშა ალადოშვილმა. მისი ინფორმაციით, ყვარელში ათეულობით ოჯახია, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სახლების გადახურვას დაჰპირდნენ, თუმცა არ შეასრულეს. ალადოშვილი ამბობს, რომ ვიდრე პრობლემა არ მოგვარდება, ის ამ საკითხს ყველა სხდომაზე გააჟღერებს.

„სტიქიის დროს რეალურად დაზიანდა სახურავები, მაგრამ ხელისუფლებამ ეს თემა წინასაარჩევნოდ გამოიყენა. გაჭირვებულ ადამიანს სულ არ აინტერესებს, ვინ იქნება მთავრობაში, ამიტომ ყველას ხმა მიაცემინეს "ოცნების" კანდიდატისთვის და სანაცვლოდ სახურავებს დაჰპირდნენ, მაგრამ დარჩნენ მოტყუებული. ასე ამ ხალხის დატოვება არ შეიძლება. მეუბნებიან, რომ თანხა გამოიყოფაო, მაგრამ რამდენი იქნება და რა დრო დასჭირდება, ვნახოთ“, - ამბობს ლაშა ალადოშვილი.

რადიო თავისუფლება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს გივი ზაუტაშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, 2021 წელს სტიქიამ გავაზსა და კუჭატანში სულ რამდენ ოჯახს დაუზიანა საცხოვრებელი სახლის ინფრასტრუქტურა და მათგან რამდენს დაეხმარა სახელმწიფო. ასევე გვაინტერესებდა, რას აპირებს მერია იმ ოჯახებთან დაკავშირებით, ვის სახლსაც სახურავი დაპირების მიუხედავად ამ დრომდე არ აქვს. მერმა კომენტარი არ გააკეთა.

ამ თემაზე საკრებულოს სხდომაზე მცირე განმარტება გააკეთა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილმა. მისი ინფორმაციით, პრობლემა რეალურია და მუშაობენ მის მოგვარებაზე.

„ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ჩვენ მითითებული გვაქვს, რომ სახლების ნაწილი არის დარჩენილი, რომელსაც სახურავი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სახლების გადახურვის სამუშაოებიც დაფინანსდება“, - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქია 2021 წელს ორჯერ იყო, 6 ივლისს და 21 აგვისტოს.

  • 6 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტმა ორი სწრაფი შესყიდვა განახორციელა. ერთით 161 ოჯახის სახლების შესაკეთებლად თითქმის ორი მილიონის, 1 999 784.22 ლარის სამუშაოები იყიდა, მეორეთი - 499 972 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომლითაც 40 ოჯახის სახლები უნდა მოწესრიგებულიყო. ამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მუნიციპალიტეტს 45 000 ლარი დაუჯდა.
  • 26 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის მუნიციპალიტეტმა 18 750 ლარი გადაიხადა, შემდეგ კი 100 ოჯახისთვის სახურავების შესაკეთებლად 1 მილიონი ლარი გამოყო.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG