Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსების კონკურსები გამოაცხადა


პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრაძნებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიები შეარჩევენ, ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების შემდეგ, გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობები საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - www.hr.gov.ge-ზე გამოქვეყნდება.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული სახით 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 13 იანვარს არ გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და არ დაადო ვეტო "სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ" კანონს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.

კანონის მიღების შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.

"მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა... განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG