სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას არ აქვს პასუხი, რატომ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო იმ კანონის პარლამენტში დასაბრუნებლად, რომელიც მისთვისაც მიუღებელი იყო. ასე გამოეხმაურა თოლორაია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ხელი მოეწერა კანონისთვის, რომელის ინსპექტორის სამსახურს აუქმებს.
"ძალიან რთულია ამ ქვეყნაში ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რაოდენ რთულია სწორი პოზიციის დაკავება სწორ დროს, თუმცა ხელის მოწერას მოჰყვა მისი ასევე მწვავე განცხადება, რომელშიც საუბარია არაერთ პრობლემაზე, რომელზეც მე ვსაუბრობდი და მასაც აქვს დანახული.
ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს კანონი ამ ფორმით მისაღები არ არის, მაგრამ რატომ არ იქნა ვეტოში გამოხატული ამაზე, ალბათ, თავად ექნება პასუხი", - თქვა თოლორაიამ "ფორმულას" ეთერში.
მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ მოლოდინი ჰქონდა, პრეზიდენტი გამოიყენებდა ვეტოს.
"[ვეტოს] მოლოდინი არსებობდა, მოლოდინი გააჩინა მისმა საკმაოდ მწვავე განცხადებამ, რომელიც მან გაავრცელა რამდენიმე დღის წინ, რისთვისაც მე მას ვუხდი კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას და რა თქმა უნდა, ამ ფონზე არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ იგი გამოიყენებდა ამ ვეტოს უფლებას.
არ ვიცი, ალბათ, უფრო კონკრეტულად მას უნდა ვკითხოთ რა გახდა ვეტოს გამოუყენებლობის მიზეზი იმ ფონზე, როდესაც დღევანდელ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე, თავად ხედავს არაერთ პრობლემას ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და პრობლემები, რომელზეც ის საუბრობდა პირველ განცხადებაში, რეალურად პრობლემად დარჩა, ასევე, ამ შემთხვევაში, ამიტომ თავისთანად ცხადია, ამ ვეტოს მოლოდინი არსებობდა", - თქვა მან.
დღეს, 13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და არ დაადო ვეტო "სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ" კანონს, რომლითაც ეს სამსახური უქმდება და თანამდებობას ტოვებენ ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები.
"ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის", - წერია განცხადებაში.
იმის მიუხედავად, რომ მან ხელი მოაწერა კანონპროექტს, მისთვის მიუღებელია ის დაჩქარებული პროცესი, რომლითაც ეს სამსახური გაუქმდა.
"ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება", - ახადებს ის.
კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული სახით 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.
კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.
კანონის მიღების შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.
"მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა... განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია განცხადებაში.