პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაიხსნა თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების შესაბამისი წამლები, რაც მნიშვნელოვნად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში. ამის თაობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის განკარგულებას დღეს მოეწერა ხელი.
„მოგეხსენებათ, მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები, კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 10 იანვარს გამოაქვეყნა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც განხილულია მედიკამენტებზე ფასნამატის, ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგებებისა და ფარმაცევტული ბიზნესის დარეგულირების საკითხები.
კონკურენციის სააგენტოს დათვლით, შესაბამისი რეგულირების და მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების შემთხვევაში, მედიკამენტებზე წლიური დანაზოგი შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები იქნება განსახორციელებელი, რისთვისაც მან პარლამენტსა და ჯანდაცვის მინისტრს მთავრობის სხდომიდან მიმართა, დაიწყონ ერთობლივი მუშაობა.