Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამინისტრო: „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა თბილისის ზღვის დასახლებაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას. სამინისტროში აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობის სახურავიდან 16 იანვარს გადმოხტა.

სამინისტრო ირწმუნება, რომ ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. სამინისტრო თანაუგრძნობს აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს“, - ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ასე გრძელდება:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა. იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს“.

16 იანვარს თბილისის ზღვის დასახლებაში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა.

„ღირსეული პირობები დევნილებს!“, „30 წელია ვიცდით. როდემდე?“, „აღასრულე კანონი“, - ამ მოთხოვნებით სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებულმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია ერთი კვირის წინ გამართეს.

„გვინდა მინისტრს მივაწვდინოთ ხმა, რომ დევნილები დღეს ცხოვრობენ უღირს და სრულიად საშიშ პირობებში, ავარიულ შენობაში. გვესმის, რომ სამუშაო დრო არ არის, მაგრამ იქნებ გამონახოს დრო და შეგვხვდეს“, - აცხადებდნენ დევნილები, რომელთა თქმით, სამინისტრო მათ მხოლოდ ქირით გადასვლას სთავაზობდა.

XS
SM
MD
LG