დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებები შევიდა, შედეგად განსახლების პროცესი უფრო დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდა - ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცვლილებები ეხება "სოფლად სახლის" პროექტს, რომელიც დევნილი ოჯახებისთვის მათ მიერ არჩეული სახლების შეძენას აფინანსებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ცვლილებების შედეგადად იზრდება ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხები შემდეგი სქემით:
ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 000 ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ შემდგომ წევრზე 3000 ლარი ემატება. მაგალითისთვის, 7-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს 40 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის.
იცვლება ვადები და სახლის მიღების პროცედურებიც:
- შესასყიდი სახლის წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, 3 თვის ნაცვლად, 6-თვიანი ვადა ეძლევათ.
- „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროცედურისას, საცხოვრებლის ღირებულების დადგენის მიზნით, საექსპერტო დასკვნა აღარ მომზადება. ეს გადაწყვეტილება სამინისტროს თქმით, სრულად პასუხობს დევნილთა მოთხოვნას და განსახლების პროცესს რამდენიმე თვით დააჩქარებს.
სოფლად სახლის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება. 2020 წელს ამ პროგრამის ფარგლებში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემებით, 1100-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი.
საქართველოს მთავრობა პირობას დებს, რომ 2022 წელს, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალ საცხოვრებელს მიიღებს 3 000-ზე მეტი დევნილი.
დევნილთა სააგენტო განსახლების ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც.
ადმინისტრაციული დაპირების მქონე დევნილებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, არ დაელოდონ მშენებლობების დასრულებას და თავად მოიძიონ საცხოვრებელი ბინა, რომელსაც შემდგომ სააგენტო შეუსყიდის. კვადრატული მეტრის მაქსიმალურ ღირებულებას თბილისში 550 დოლარის, ხოლო რეგიონებში 470 დოლარის ეკვივალენტს შეადგენს ლარში. თანხის საერთო რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.