Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

52 წლის დევნილმა მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა


თბილისის ზღვასთან, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი 52 წლის მამაკაცი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა.

"დღეს ყველანი ვართ შემზარავი ტრაგედიის მოწმე, გარეთ ვიდექით და ვსაუბრობდით როგორი სამოქმედო გეგმა უნდა გვქონოდა, ამ დროს ამ ადამიანმა თავი მოიკლა. ის ფაქტობრივად შეეწირა იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც არ არის ადამიანზე გათვლილი და მიმართული. ეს ადამიანი აცხადებდა, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევდნენ სწორედ ასეთ ფორმას მიმართავდა და თავს მოიკლავდა, იქნებ ამის შემდეგ მაინც მოგვაქციონ ყურადღებაო. ეს ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომელმაც არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. იმედი მაქვს ამ ადამიანური ტრაგედიების ფონზე მაინც შერცხვებათ იმის, რაც მოხდა“, - უთხრა სააგენტო ინტერპრესნიუსს სანატორიუმ „ქართლის“ ერთ-ერთმა მცხოვრებმა თამარ საუთიევამ, რომლის თქმითაც, სანატორიუმში მცოვრები დევნილები დიდი ხანია აპროტესტებენ გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას:

„აქ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პირობებია, რასაც არაერთი ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს. მოვითხოვეთ, რომ დაუყონებლივ მომხდარიყო ჩვენი გასახლების პროცესი, გვთავაზობენ ალტერნატიულ გზებს, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. ამიტომ ვრჩებით ქუჩაში, ვერ შევდივართ სახლებში და ვიმყოფებით კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შედარებით უსაფრთხოა“.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მათსა და მოქალაქეებს შორის პერიოდულად ხდება სიტყვიერი დაპირისპირება.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სანატორიუმამდე მისასვლელი გზა ავტომანქანის მეშვეობით გადაკეტეს და პოლიციას არ მისცეს საშუალება გადაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებულად გადაესვენებინათ.

"ერთი კვირის წინაც ამბობდა, მე ამას გავაკეთებ, მე ამას საქმეს შევეწირები, მთავარია თქვენ გეშველოთო", - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებს.

სანატორუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.

XS
SM
MD
LG