„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის, დავით ფაცაციას გადადგომის მოთხოვნით თბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.
„იმის მაგივრად, რომ აფხაზეთი მთავრობის ხელმძღვანელი დავით ფაცაცია დაკავებული იყოს დევნილების პრობლემების მოგვარებით, ეს დაწესებულება გადააქცია საოჯახო ბიზნესად. სწორედ ამ ადამიანის გულგრილობას შეეწირა დღეს დევნილი პირი, რომელმაც ხელისუფლების ყურადღების მიქცევის მიზნით თავი მოიკლა“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
„ამ ტრაგედიამ გამოგვიყვანა ქუჩაში. ადამიანი იძულებული გახადეს თავი მოეკლა. იმის მაგივრად რომ დაეხმარონ, ცინიკურად ექცევიან და ვხედავთ ადამიანი რა მდგომარეობამდე მიიყვანეს. ამიტომ დავით ფაცაციას, რომელიც ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრია, ამ პოსტზე დარჩენის არანაირი უფლება არ აქვს. მან რაც რაც შეიძლება დროზე უნდა დატოვოს თანამდებობა, რადგან მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ საზოგადოებას, აბუჩად აიგდო ათიათასობით დევნილი და ამას ქართული საზოგადოება არ შეეგუება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ერთიანი ნაციონაულრი მოძრაობის ახალგაზრდული გუნდის წარმოკადგენელმა, ნიკა ნოზაძემ.
16 იანვარს თბილისის ზღვას დასახლებაში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი 52 წლის მამაკაცი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა.
„ღირსეული პირობები დევნილებს!“, „30 წელია ვიცდით. როდემდე?“, „აღასრულე კანონი“, - ამ მოთხოვნებით სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებულმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია ერთი კვირის წინ გამართეს.
„გვინდა მინისტრს მივაწვდინოთ ხმა, რომ დევნილები დღეს ცხოვრობენ უღირს და სრულიად საშიშ პირობებში, ავარიულ შენობაში. გვესმის, რომ სამუშაო დრო არ არის, მაგრამ იქნებ გამონახოს დრო და შეგვხვდეს“, - აცხადებდნენ დევნილები, რომელთა თქმით, სამინისტრო მათ მხოლოდ ქირით გადასვლას სთავაზობს.
მოგვიანებით დევნილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი, დავით ფაცაციაც შეხვდა, თუმცა დაპირისპირების განმუხტვის ნაცვლად, ამ შეხევედრამ ვითარება კდევ უფრო მეტად დაიძაბა.
"დღეს ყველანი ვართ შემზარავი ტრაგედიის მოწმე, გარეთ ვიდექით და ვსაუბრობდით როგორი სამოქმედო გეგმა უნდა გვქონოდა, ამ დროს ამ ადამიანმა თავი მოიკლა. ის ფაქტობრივად შეეწირა იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც არ არის ადამიანზე გათვლილი და მიმართული. ეს ადამიანი აცხადებდა, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევდნენ სწორედ ასეთ ფორმას მიმართავდა და თავს მოიკლავდა, იქნებ ამის შემდეგ მაინც მოგვაქციონ ყურადღებაო. ეს ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომელმაც არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. იმედი მაქვს ამ ადამიანური ტრაგედიების ფონზე მაინც შერცხვებათ იმის, რაც მოხდა“, - უთხრა 16 იანვარს სააგენტო ინტერპრესნიუსს სანატორიუმ „ქართლის“ ერთ-ერთმა მცხოვრებმა თამარ საუთიევამ, რომლის თქმითაც, სანატორიუმში მცოვრები დევნილები დიდი ხანია აპროტესტებენ გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას:
„აქ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პირობებია, რასაც არაერთი ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს. მოვითხოვეთ, რომ დაუყონებლივ მომხდარიყო ჩვენი გასახლების პროცესი, გვთავაზობენ ალტერნატიულ გზებს, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. ამიტომ ვრჩებით ქუჩაში, ვერ შევდივართ სახლებში და ვიმყოფებით კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შედარებით უსაფრთხოა“.