რუსეთი მზადაა, გააგრძელოს ნატოსთან დიპლომატიური მოლაპარაკებები უსაფრთხოების საკითხებზე, მაგრამ ეს არ უნდა დაიყვანებოდეს სლოგანების დეკლარირებამდე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ, ბრიუსელში რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ. „ჩვენ მზად ვართ, დავიცადოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს შინაარსიანი დისკუსია... უნდა გვქონდეს საერთო მიზანი,“ თქვა მან.
როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, გადადგმულია პირველი ნაბიჯი, მოსკოვმა პარტნიორებს მოუწოდა, წარმოადგინონ თავიანთი ხედვა იმაზე, თუ რა მიმართულებით უნდა ვიაროთ, რის შემდეგაც გასაგები გახდება, რა ინსტრუმენტები და ფორმატები იქნება საჭირო, რათა უზრუნველვყოთ საერთო მიზნისკენ სვლა.
გრუშკომ განაცხადა, რომ 2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსში იქნებიან მიღებული, უაზრობა იყო. მისი სიტყვებით, ნატოს არ ჰქონდა უფლება, სუვერენული სახელმწიფოების ნაცვლად მიეღო გადაწყვეტილება.
მან აღნიშნა, რომ ოთხშაბათის მოლაპარაკებების მსვლელობისას დადგა საკითხი, რომ სერიოზულ რისკებს ქმნის ალიანსის „გაუაზრებელი ხაზი“ თავის შემადგენლობაში პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიღების თაობაზე.
ამასთან, გრუშკოს თქმით, რუსეთმა მონიშნა სამხედრო-ტექნიკური კონტრზომების წყება, რომელთა გამოყენებისთვისაც ის მზადაა დიპლომატიური მცდელობების ჩავარდნის შემთხვევაში.
„რუსეთმა აღნიშნა: ჩვენ მოგვეპოვება კანონიერი სამხედრო-ტექნიკური ზომები, რომლებსაც გამოვიყენებთ, თუკი რეალურ საფრთხეს ვიგრძნობთ. ჩვენ კი უკვე ვგრძნობთ მას. თუკი ჩვენს ტერიტორიას განიხილავენ ობიექტად საიერიშო საშუალებათა დასამიზნებლად, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავეთანხმებით... ყველა საჭირო ზომას მივმართავთ, რათა მუქარა მოვიგერიოთ სამხედრო საშუალებებით, თუკი პოლიტიკურით არ გამოვა,“ დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ.
რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომა მეორე შეხვედრა იყო მოლაპარაკებების სერიაში, რომელიც ეხება მოსკოვის მიერ უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნას. პირველი განხილვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციებს შორის გაიმართა ჟენევაში 9-10 იანვარს. მესამე შეხვედრა 13 იანვარს შედგება ეუთოს ფარგლებში.
ორშაბათს, ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა გაიმეორა, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს გაფართოებას. მისი სიტყვებით, მოსკოვი არ ენდობა ნატოს და მოითხოვს „რკინა-ბეტონის, იურიდიულად ღირებულ გარანტიებს“.