Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უენდი შერმანის თქმით, რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომაზე რუსეთისგან არაფერი ახალი არ მოუსმენია


უენდი შერმანი
უენდი შერმანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა, რომელიც აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბრიუსელში 12 იანვარს გამართულ რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომაზე, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთისგან არაფერი ახალი არ მოუსმენია.

ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა, რომ გაუგებარია, რატომ გრძნობს ბირთვული იარაღის მქონე რუსეთი საფრთხეს თავისი ბევრად პატარა მეზობლის მხრიდან და რატომ ატარებს სამხედრო წვრთნას მისი საზღვრის მახლობლად.

„რასთან გვაქვს საქმე? ინტერვენციასთან? დაშინებასთან? ძირგამომთხრელ საქმიანობასთან? არ ვიცი, მაგრამ ეს ხელს არ უწყობს დიპლომატიურ დარეგულირებას,“ თქვა მან.

შერმანის თქმით, რუსეთს არ უკისრია დეესკალაციის თაობაზე ვალდებულება, მაგრამ არც ის უთქვამს, რომ ამას არ გააკეთებს.

ამასთან, შერმანის სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უარი არ თქვა დისკუსიების გაგრძელებაზე.

„რუსეთმა პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს, მართლა უსაფრთხოებას ეხება საქმე, - ასეთ შემთხვევაში მათ [პროცესში] მონაწილეობა უნდა მიიღონ, - თუ ეს საბაბი იყო და მათ შეიძლება ჯერ არც იცოდნენ,“ თქვა შერმანმა.

უენდი შერმანმა ტყუილი უწოდა მოსკოვის მტკიცებას, რომ უკრაინა მისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„მოსკოვი იყენებს სულ უფრო მეტად აგრესიულ რიტორიკას, პროპაგანდას და დეზინფორმაციას, როცა აცხადებს, რომ კონფლიქტი უკრაინას სურს და არა რუსეთს. ეს არ არის მართალი. უნდა გავიმეოროთ, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს; რუსეთი აგრძელებს ომის ხელშეწყობას აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელსაც თითქმის 14 ათასი უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა; და ახლა რუსეთის მოქმედებებია, რაც კვლავ კრიზისს იწვევს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის და ჩვენთვის,“ თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

შერმანმა აღნიშნა, რომ რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომაზე ნატოს 30 წევრი წარდგა ერთიანი პოზიციით და ეს რუსეთმაც გააცნობიერა: „ვფიქრობ, ერთი რამ, რაც რუსეთმა გააკეთა - რასაც შეიძლება ის არ ელოდა - [ისაა, რომ] მან მთელს ევროპას, ნატოს და ნატოს არა წევრ მოკავშირეებს უბიძგა გაეზიარებინა ერთი და იგივე პრინციპები, იგივე ამბიციები, იგივე იმედები და დიპლომატიისადმი იგივე ერთგულება.“

12 იანვარს ბრიუსელში გამართული შეხვედრა რუსეთ-ნატოს საბჭოს პირველი სხდომაა 2019 წლის შემდეგ. მოლაპარაკებებზე დაგეგმილი იყო რუსეთის მიერ „უსაფრთხოების გარანტიების“ თაობაზე ახლახან წამოყენებული მოთხოვნების განხილვა. მოსკოვი უპირველეს ყოვლისა მოითხოვს, რომ არ მოხდეს ნატოს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით, რათა ორგანიზაციამ არ მიიღოს საკუთარ რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, პირველ რიგში - უკრაინა და საქართველო.

XS
SM
MD
LG