Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ძალადობრივი გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტმა ტოყაევმა შეძლო ძალაუფლების კონსოლიდაცია


ყაზახეთში უპრეცედენტო ძალადობრივი არეულობების შემდეგ, როგორც ჩანს, ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა შეძლო ძალაუფლების კონსოლიდაცია. მან მთელი რიგი ნაბიჯებით მნიშვნელოვნად დააცხრო საპროტესტო გამოსვლები და სახელმწიფოს მმართველ წრეებში თავისი ერთგული ადამიანები მოიყვანა.

გავლენიანი ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, ქარიმ მასიმოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს, განაცხადა საბჭოთა კგბ-ს მემკვიდრე ორგანიზაციამ 8 იანვარს. უშიშროების სამსახურის თანახმად, ასევე დააკავეს ხელისუფლების რამდენიმე სხვა წარმომადგენელი.

მასიმოვი 6 იანვარს დააკავეს, იმავე დღეს, რაც ტოყაევმა ის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნა და მის ადგილზე დანიშნა საკუთარი დაცვის ხელმძღვანელი ერმეკ საგიმბაევი.

ამასთან, ტოყაევმა საკუთარ ხელში აიღო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობა, რომელსაც 5 იანვრამდე სათავეში ედგა ყოფილი პრეზიდენტი, ძლევამოსილი ნურსულთან ნაზარბაევი.

ნაზარბაევმა ფართო უფლებამოსილებები შეინარჩუნა მას შემდეგ, რაც 2019 წელს გადადგა პრეზიდენტობიდან და სახელმწიფოს სადავეები ტოყაევს გადასცა.

სახელმწიფოს სათავეში მიმდინარე პროცესების საფუძველზე მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ მიმდინარეობს დაპირისპირება, ერთი მხრივ, ტოყაევის ერთგულ ადამიანებსა და, მეორე მხრივ, ნაზარბაევის მოკავშირეებსა და ოჯახს შორის, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყო გასული კვირის ძალადობრივი მოვლენების ზოგიერთ ასპექტს.

XS
SM
MD
LG