სოსო ტუხაშვილი 1922 წლის 3 იანვარს დაიბადა. რადიო თავისუფლება მას 100 წლის მოკრძალებულ იუბილეზე შეხვდა.
„შემოდი, ტარიელ, გაიხადე ფარაჯა“, - გასძახის დაბადების დღის მოსალოცად მოსულ სტუმარს. „ფარაჯა“, რომელიც ტარიელს აცვია, ჩვეულებრივი, დათბილული ქურთუკია, მაგრამ წინა საუკუნის შუა წლების ჯარისკაცი ზამთარში ჩასაცმელ ტანსაცმელს დღემდე ასე ეძახის. სტალინის ფოტოც დღემდე აქვს შემოდებული თაროზე. რადიოს უსმენს, გაზეთებს კითხულობს. დღევანდელი ყოფა არ მოსწონს, არც საკუთარი ჯანმრთელობა, თვალებში ვეღარ ვიხედები და ძვირიანი წამლებიც ვერაფერს მშველისო. უკვირს, როგორ ძლებდა ადრე სანგრებში, „დილით თოვლს გადავიფერთხავდი შინელიდან და მორჩა, არაფერი მემართებოდა“, - მერე ახსენდება, რომ მაშინ 20 წლის ბიჭი იყო და საკუთარ თავზე იცინის, ჰი, ჰი, ჰი...
ლიმონათზე წასული ბავშვის ამბავი
კვირა დღე იყო, 1941 წელი... 18 წლის კახელი ბიჭი, სოსო ტუხაშვილი ბაზრობაზე ლიმონათის საყიდლად წავიდა. მაშინ ყველა პარკის თუ მოედნის ბოძზე რადიო ეკიდა. სწორედ ამ რადიოში გამოაცხადა მოლოტოვმა ომის დაწყების ამბავი. შოკში ჩავარდნილი ხალხი უმისამართოდ გარბოდაო, იხსენებს. თვითონაც სახლში გაიქცა, ატირებულ დედასთან. მისი ერთი ძმა უკვე ჯარში მსახურობდა, ახლა კი ალბათ მასაც გაიწვევდნენ.
გაიწვიეს, ოღონდ ერთი წლის მერე. ჯერ გორში ჩაიყვანეს გასანაწილებლად და მერე საბჭოთა მატარებლითა და მეფის რუსეთის დროინდელი რკინიგზით ომში გაუშვეს. ამ დროისათვის გერმანელები უკვე თითქმის საქართველოს სამხედრო გზამდე იყვნენ მოსული და ახლომახლო სოფლებში მცხოვრებლები თბილისისკენ მოდიოდნენ.
„ჩვენ წინ მივდივართ და ხალხი პირიქით, აქეთ მოდის, მოჰყავთ ხარები, ცხვრები, ღორები... ყაზბეგისკენ უკვე დაჭრილები მოდიოდნენ, თავშეხვეულები... როგორია“.
პირველი ბრძოლა
პირველ ბრძოლაში 45 კაციდან ცოცხალი მხოლოდ 3 გადარჩა, მათგან ერთი სოსო იყო.
„გვითხრეს, გაიშალეთ! მაგრამ ვერა ვხედავთ გერმანელებს. მივდივართ როგორც ბატები. უცებ დაიწყო სროლა, მაგრამ რა დაიწყო. ზოგი იძახის მოვკვდი, ზოგი - დავიჭერი... ვინაა პატრონი“.
სოსო ტუხაშვილი იხსენებს, რომ გერმანელებს კარგი შეიარაღება ჰქონდათ, კარგად ეცვათ. „ჩვენები ზოგჯერ დაბამბულ „ტრუსიკ-მაიკას“ ხდიდნენ მოკლულ გერმანელებს. ვეუბნებოდი, არ გახადოთ!“ მათი თვითმფრინავები სწრაფი იყო, საბჭოთა კი „ზოგი თავისით ვარდებოდა“. 1943 წლამდე ომის მოგების არ მჯეროდაო, ამბობს, მერე კი მათ თავზე ამერიკული თვითმფრინავები გამოჩნდნენ და მათაც იმედი მიეცათ.
სოსო „პეხოტაში“ (ქვეითი ბატალიონი რ. თ.) იყო, ბრძოლის გარდა დაზვერვაც ევალებოდა და კიდევ „ენას“, ანუ ცოცხალი გერმანელის მოყვანა. ასე რატომ უწოდებდნენ, არ ახსოვს, მაგრამ ის კი კარგად დაამახსოვრდა, რომ ამ „ენას“ ხელში ჩაგდება ადვილი საქმე სულაც არ იყო. გერმანელები სანგრების წინ ორნაირ ნაღმებს მარხავდნენ, ერთი შედარებით პატარა ჯარისკაცებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე - მრგვალი და დიდი - ტექნიკის ასაფეთქებლად.
დაზვერვაზე უფრო ღამით გადიოდნენ. საერთოდ ღამით ცოცხლდებოდა ფრონტი, ღამე მოჰყავდათ მაშველი ძალა, მოჰქონდათ მარაგი, ისროდნენ... პროკლამაციებს კი გერმანელები ყოველთვის ჭამის დროს ყრიდნენ, თან ორ ენაზე: რუსულად და ქართულად. პროკლამაციების გარდა სადილად „პერლოვკა“, პური და 150 გრამი არაყიც ჰქონდათ, წყალი ყოველთვის არა.
„ხან ზღვას ვსვამდით. შავი ზღვა მლაშეა, აზოვის - არა... ვინც გამოცდილი იყო, ინახავდა საჭმელს და დღის განმავლობაში ინაწილებდა. მე დილითვე შევჭამდი და მერე დავფარფატებდი მშიერი. ერთი გორელი მოჭიდავე გვყავდა, ერთი პორცია არ მყოფნისო, შემომჩივლა. მეც უფროსს ვუთხარი და დაუნიშნეს მეორე პორციაც, მაგრამ... ასე, ხანდახან მეც არ მყოფნიდა ერთი პორცია. არაყს არ ვსვამდი, ბევრი დალევდა ხოლმე, მაინც ვკვდებითო, მე - არა, ხალხი მებარა და ფხიზლად უნდა ვყოფილიყავი. არც პაპიროსი მომიწევია“.
ქერჩი და სევასტოპოლი
„ორი ქართული დივიზია დაიღუპა ქერჩში, ჩვენ მესამეში ვიყავით“, - იხსენებს სოსო ტუხაშვილი და ჰყვება, რომ ქერჩში სასიკვდილოდ ტყვია არც იყო აუცილებელი, დაფეხვილი გემები ნაპირამდე ვერ მიდიოდნენ და ხმელეთზე მოსახვედრად ჯარისკაცებს შუა წყალში უწევდათ გადასვლა.
სოსო ტუხაშვილი ომში ორჯერ დაიჭრა. მეორე განსაკუთრებით მწარედ ახსოვს. მედპუნქტები სკოლის შენობებში იყო გახსნილი, ისიც საკლასო ოთახში დააწვინეს სამკურნალოდ, ნამჯაზე.
1945 წლის 9 მაისს ომი დამთავრდა. ვინც ცოცხალი დარჩა, ერთმანეთს ულოცავდა, მაგრამ ქერჩი და სევასტოპოლი სწორედ ის ადგილებია, სადაც ყველაზე ნაკლებად დარჩნენ ცოცხლები. აქ 100 ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა.
მშვიდობის წლები
შინ დაბრუნებულმა სოსომ ცოლად რუისელი გოგო მოიყვანა - მარიამ ხანიშვილი. შვილიც შეეძინათ, თამარი. დღეს არც ერთი აღარ არის ცოცხალი, ერთი შვილიშვილი დარჩა, ნინო.
„რაც თავი მახსოვს, სულ მარტო ვარ. ომში მარტო წავედი, ომიდან რომ ჩამოვედი, მარტო ვიყავი. ცოლი რომ მოვიყვანე, სულ ავად იყო და მაინც მარტო ვიყავი. ახლაც მარტო ვარ. დღეს ჩასვლა მინდოდა ქვევით, ჩავიცვი და აღარ შემიძლია... რომ იტყვიან, ვეღარა ვქაჩავ. დავიღალე, მინდა, რომ წავიდე. დიდი გუდა მაქვს ცოლისთვის მოსაყოლი ამბების... უნდა მოვუყვე, ის რომ წავიდა, მას მერე რა ხდებოდა. დავიღალე მარტოობით“.