Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა შიმშილობა შეწყვიტეს


"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათმა მხარდამჭერებმა, რომლებიც პარტიის ოფისთან კარვებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდნენ, შიმშილობა შეწყვიტეს. მათი მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო.

როგორც პარტიაში აცხადებენ, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება სააკაშვილის თხოვნის შემდეგ მიიღეს.

"მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე", - თქვა ნიკა მელიამ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ.

შიმშილობის აქცია პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ნიკა მელიას მიმართვის შემდეგ დაიწყეს. "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე, რომელიც თბილისში 21 დეკემბერს გაიმართა, ნიკა მელიამ თქვა, რომ იწყებოდა მასობრივი შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით. იმავე საღამოს პარტიის ოფისთან კარვები გაიშალა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამბობდნენ, შიმშილობდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათი ნაწილი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში გახდა გადასაყვანი.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 20 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს ღამის საათებში გადაიყვანეს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მისი მკურნალობის პროცესი დასრულებულია.

XS
SM
MD
LG