ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ხვდებიან მისი ადვოკატები ნიკა გვარამია, დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილია.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანა. ექსპრეზიდენტთან შეხვედრამდე ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის ბოლო მონახულებისას ის ძალიან ცუდად იყო: "მე არ ვიცი ამ ტრანსპორტირების მერე რა ექსცესური ვითარება იყო, არ იყო. მე უნდა ვნახო, რომ პატიმარი ცოცხალია".
პარლამენტის დეპუტატმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ, რომელმაც 29 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა, რუსთავის საპატიმროსთან მედიას უთხრა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, არა საპატიმროში, არამედ რეანიმაციაში გადაყვანა იქნებოდა ლოგიკური გადაწყვეტილება: "მაგრამ ადამიანები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, წავიდნენ ღია მკვლელობაზე. სხვა შეფასება არ შეიძლება ამას ჰქონდეს".
ექსპრეზიდენტის გარემოცვაში არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისთვის 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, ბრეგაძემ უპასუხა, რომ არსებული სტანდარტით, რომელიც ყველაზე ვრცელდება, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, პატიმარი გადაჰყავთ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილსაც იქ გადაიყვანენ, რადგან გამონაკლისი არავინაა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო უფლებამოსილების გადამეტების, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.