Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტასომ და მარიამმა კოვიდ-კლინიკებისთვის პლანშეტების ყიდვა გადაწყვიტეს


ტასო მოდებაძისა და მარიამ სულამანიძის მამები, ამ შემოდგომაზე, კოვიდს ემსხვერპლნენ. მშობლების სიკვდილი ორივესთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, მაგრამ მათი დაკარგვის სიმძიმეს უფრო მეტად ისიც ამძაფრებდა, რომ ისევე როგორც სხვა ათასობით ადამიანმა, ვერც ტასომ და მარიამმა მოახერხეს მამებთან გამომშვიდობება. გოგოების მშობლები კოვიდ-კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებაში უცხო ადამიანების, ავადმყოფებისა და სამედიცინო პერსონალის გარემოცვაში გარდაიცვალნენ.

მამის გარდაცვალების შემდეგ, მარიამმა მის ტელეფონში გაუგზავნელი შეტყობინებები იპოვა. გაუგზავნელი იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მამას იმ მომენტში ინტერნეტი არ ჰქონდა. მამის გზავნილების გასწვრივ წითელი ძახილის ნიშნები იჯდა - მესიჯი ვერ გაიგზავნა.

კლინიკაში შეყვანიდან სამ დღეში გარდაიცვალა ტასოს მამა. სიკვდილამდე გონება არ დაუკარგავს. შვილებს ტელეფონით ელაპარაკებოდა. თუმცა მის ტელეფონს ვიდეო-ზარის განხორციელების ფუნქცია არ ჰქონდა. „იმ ტელეფონით ვერც საყვარელ სერიალს უყურებდა, რომელსაც ყოველ საღამოს ელოდა ხოლმე“, - დარდობს ტასო.

მძიმე გამოცდილებამ, იმის გააზრებამ, რომ მშობლებმა სიცოცხლის ბოლო წუთები ოჯახისგან შორს, მარტოებმა გაატარეს, მხოლოდ იმიტომ, რომ პროტოკოლის თანახმად, კოვიდ-ინფიცირებულის მონახულება აკრძალულია, გოგოები ერთი იდეის გარშემო გააერთიანა - ტასომ და მარიამმა კოვიდ-კლინიკებისთვის ე.წ. პლანშეტების შეძენა გადაწყვიტეს და დაახლოებით ორი კვირის წინ, ონლაინ პლატფორმის დახმარებით, პლანშეტების შესაძენად თანხის შეგროვება დაიწყეს.

პირველი ეტაპისთვის, ტასო და მარიამი 20 პლანშეტის ყიდვას გეგმავენ. პლანშეტებს კახეთში მდებარე ოთხ-კოვიდ კლინიკას გადასცემენ. თითი კლინიკას ხუთ პლანშეტს. მათი გეგმაა 10 000 ლარის შეგროვება:

ტასო მოდებაძე მამასთან ერთად
ტასო მოდებაძე მამასთან ერთად

„კახეთში სულ შვიდი კოვიდ-კლინიკაა. შვიდივე კლინიკას ველაპარაკე და ჩვენს ინიციატივაზე ყველა მენეჯერს ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა, - ამბობს ტასო მოდებაძე, - მათი განწყობა მიუთითებდა, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი პაციენტები მკურნალობის პროცესში გაჯეტებს გამოიყენებენ. ველაპარაკე ექთნებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ პაციენტების მდგომარეობაზე პოზიტიურად აისახება ოჯახის წევრებთან ვიზუალური კომუნიკაცია. იმ ავადმყოფებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ პირადი ტელეფონებით დაელაპარაკონ ოჯახის წევრებს, ახლობლებს ან მკურნალობის ხანგრძლივი და რთული პროცესი შედარებით შეიმსუბუქონ, მაგალითად, მოუსმინონ მუსიკას, უყურონ ფილმებს, ახალ ამბებს გაეცნონ, იგრძნონ, რომ სამყაროსგან მოწყვეტილ სივრცეში არ არიან, ჩვენი ინიციატივით, ამის შესაძლებლობას მივცემთ“.

რესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო

მარიამის მამა თბილისში, რესპუბლიკურ კლინიკაში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მარიამს თავადაც გადატანილი ჰქონდა კოვიდი და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა ექიმებს, მიეცათ მამის ნახვის საშუალება, მან ეს ვერ მოახერხა:

„ვიდეოზარით დალაპარაკების საშუალება მაინც ხომ უნდა იყოს. ყველას ხომ არ აქვს ე.წ. სმარტ ტელეფონი. გაჯეტები კი, რომლის შეძენასაც ვგეგმავთ, სწორედ ასეთ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეუმსუბუქებს ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობას. კოვიდით გარდაცვალება არ ჰგავს სხვა სიკვდილს. არ ჰგავს სიკვდილს, როდესაც მაგალითად, მოხუცი კვდება და შეგიძლია გამოემშვიდობო ან მძიმე ავადმყოფის სიკვდილს, რომლის გარდაცვალებასაც ნელ-ნელა ეგუები და გამომშვიდობებისკენ მიდიხარ. კოვიდით სიკვდილი ისეთი სიკვდილია, როცა ერთ დღეს ელაპარაკები ადამიანს, მეორე დღეს მძიმდება, გადაჰყავთ მართვით სუნთქვაზე და იქ სრულდება ყველაფერი. ვერც შენ მოასწარი ვერაფრის თქმა და ვერც მან. თავიანთი ბოლო სურვილები, აზრები უთქმელი რჩებათ და მერე დასდევ ექიმებს კითხვებით, რას ფიქრობდა? როგორ იყო? რა რეაქციები ჰქონდა? ექიმებს კი ასობით სხვა პაციენტი ჰყავს და ძალიან გულისხმიერი უნდა აღმოჩნდეს, რომ ამ ყველაფერზე დეტალურად გელაპარაკოს“.

მარინე ბერიძე, რომელმაც კოვიდის მძიმე ფორმით ერთი წლის წინ იავადმყოფა, დარწმუნებულია, რომ მის გამოჯანმრთელებას ხელი სწორედ გარესამყაროსთან კომუნიკაციამ, უფრო ზუსტად კი იმ მუსიკამ შეუწყო, რასაც ის კოვიდ-კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, სწორედ გაჯეტის დახმარებით ისმენდა.

მდგომარეობის მორიგი დამძიმების შემდეგ, ტელეფონით ნაცნობ მონაზონს დაუკავშირდა და სთხოვა მისთვის ეგალობა. ამბობს, რომ სწორედ ამ დროს იგრძნო, რომ მელოდია მის სუნთქვას იმ რიტმს აძლევდა, რომელიც ჰაერის უფრო ღრმად ჩასუნთქვაში ეხმარებოდა. ის ღამე მარინემ წარმოსახვითი მელოდიის თანხლებით, შვილებთან ცეკვაში გაატარა:

მარინე ბერიძე
მარინე ბერიძე

„მე არ ვარ პათეტიკური და ეგზალტირებული ადამიანი, მაგრამ შეგრძნება მქონდა, რომ დაფლეთილ ფილტვებში ჰაერმა დაიწყო ჩასვლა. გალობის მოსმენის შემდეგ მივხვდი, რომ მელოდია ძალიან მეხმარებოდა. დავიწყე იმ მელოდიების გახსენება, რომელიც თითქმის ყველას გვაქვს ყურში, მაგალითად, შტრაუსის ვალსი და მთელი ერთი ღამე წარმოსახვაში ჩემს ვაჟიშვილებთან ერთად ცეკვაში გავატარე. ცხოვრებაში არ მიცეკვია, ქორწილშიც კი ძლივს გამაშლევინეს ხელი, ინდაურივით ფართხალებდიო, დედა მეჩხუბა... და მთელი ღამე, ორი სხვადასხვა ხასიათის ადამიანთან, ჩემ წარმოსახვაში, სხვადასხვა მუსიკაზე ვცეკვავდი“.

ამის შემდეგ, მარინემ ინტენსიურად დაიწყო მუსიკის მოსმენა:

„ტელეფონის დახმარებით ვეძებდი მუსიკას და ვუსმენდი. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი აძლევს ავადმყოფს სუნთქვის რეგულირების საშუალებას. „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“, - ამას სულ დაგძახიან ექიმები, მაგრამ ის რიტმი არ არის საკმარისი, რაღაც სხვა იყო საჭირო და ეს რაღაც სხვა მუსიკის სმენის დროს ვიპოვე. ვგრძნობდი, რომ ფილტვებში სხვადასხვა უბნები ტკაცუნით იხსნებოდა. ოდნავ მეტ ჰაერს ვსუნთქავდი. ეს შეიძლება სუფთა ფსიქოლოგიური მომენტი იყო და არაფერი ჰქონდა საერთო ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ძალიან მეხმარებოდა. როცა შედარებით უკეთ გავხდი, ექთნებმა მითხრეს, რომ სამჯერ გადავურჩი ინტუბირებას. ბოლო მომენტში გამოდიოდი მდგომარეობიდანო“.

მაკა სარიშვილმა, რომელმაც 69 წლის მამა თებერვალში დაკარგა, არ იცის, შეძლებდა თუ არა მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამის ნახვას, მაგრამ ის კი იცის, რომ მამას მისი ნახვა ძალიან უნდოდა. მაკას მამამ კოვიდ-კლინიკაში თითქმის სამი კვირა გაატარა. ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მოახერხა შვილის დანახვა, ისიც ფანჯრიდან. უკანასკნელად შვილს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, ტელეფონით ელაპარაკა. მართალია მაკას მამის სიტყვები აღარ ესმოდა, მაგრამ გარკვეულ ბგერებს მაინც არჩევდა:

„სანამ ლაპარაკი შეეძლო ტელეფონით, გველაპარაკებოდა ხოლმე. უბრალო ტელეფონი ჰქონდა, „ნოკია“. სულ რაღაცას გვთხოვდა. სულ რაღაცას გვეკითხებოდა მე და დედას. სამნი ვცხოვრობდით ისე, როგორც ერთნი. მე, დედა და მამა. არასდროს დავცილებივართ ერთმანეთს. ვერც კი წარმოედგინა ჩვენგან შორს ყოფნა. აინტერესებდა, როგორ ვიყავით, რას ვაკეთებდით, სახლში რა ხდებოდა. დეტალურად ვუყვებოდით ხოლმე ყველაფერს, რომ ჰქონოდა განცდა, თითქოს ისიც ჩვენთან ერთად იყო. რაც მამა გარდაიცვალა, სულ ვეკითხები საკუთარ თავს - შევძლებდი კი მისი ბოლო საათების ნახვას? ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მამას ძალიან ენდომებოდა კიდევ ერთხელ ჩვენი დანახვა. ისიც კი უხაროდა, როცა ვეუბნებოდი, რომ საავადმყოფოსთან ვიდექი. სიახლოვის შეგრძნება ჰქონდა და უხაროდა. ამიტომ ვფიქრობ ხოლმე, რომ კარგი იქნებოდა, მამას თუნდაც უკანასკნელად, თუნდაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოეხერხებინა და დავენახეთ, ჩვენი ხმა გაეგო“...

კოვიდ-კლინიკებისთვის გაჯეტების შეძენის გარდა, ტასო მოდებაძესა და მარიამ სულამანიძეს, კოვიდით გარდაცვლილთა ოჯახების დასახმარებლად სხვა იდეებიც აქვთ.

„ოჯახებს, რომლებმაც კოვიდის გამო მარჩენალი დაკარგეს, გვინდა, რომ გარკვეული სოციალური პაკეტებით დავეხმაროთ. გარდა ამისა, შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებოდეს. გვინდა, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს კოვიდით სიკვდილი და გვინდა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით დავძლიოთ ეს ტკივილი და დანაკარგი“.

29 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში, კოვიდ-კლინიკებში მკურნალობს 4 794 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 13 707 პაციენტი.

XS
SM
MD
LG