საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. პრემიერის შეფასებით, ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას და გაძლიერებას.
„იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსპარანტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია", - მიიჩნევს ღარიბაშვილი.
როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, პერსონალური მონაცემების ნაწილი ცალკე გამოიყოფა, ის არ უქმდება და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, მეტი უფლებებით.
„დეტალებში არ მინდა შევიდე, პარლამენტს თავისი გეგმა, გრაფიკი და დღის წესრიგი აქვს. მე ვიცი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი ცდილობს, ყველა მიმდინარე საკითხი დახუროს, შემდეგ, მოგეხსენებათ, არის არდადეგები, ვიდრე გაიხსნება საგაზაფხულო სესია. ალბათ, აქედან გამომდინარე არის ნაკარნახევი, დავარქვათ სიჩქარე. თუმცა, მე ამას სიჩქარეს ვერ დავარქმევდი. მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რაიმე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი - არა. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა, საპარლამენტო ცხოვრების, მუშაობის რეგლამენტი ითვალისწინებს მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებას ამა თუ იმ კანონპროექტის, მაშინ რატომ არა? კითხვა რაში მდგომარეობს, თუ მეორე მხარეს არგუმენტი იქნება ის, რატომ არ მოხდა ამის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ა.შ, ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში", - თქვა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელ ლონდა თოლორაიაზე და აღნიშნა, რომ ის კვალიფიციური და გამოცდილი კადრია.
„მე არ მინდა, ინდივიდებზე ვილაპარაკო, ამ შემთხვევაში ქალბატონ ლონდა თოლორაიაზე, შემიძლია, აქედან საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო ქალბატონ ლონდას მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი, თუ არ ვცდები, მანამდე მუშაობდა პროკურატურაში წლების განმავლობაში, შემდეგ - პოლიციაში. ჩვენ სიამოვნებით, თუ მას აღარ მოუნდება, მიიღოს მონაწილეობა ან ერთი, ან მეორე სამსახურის კონკურსში, მას ყველა კარი აქვს ღია და მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას. ასე რომ, პიროვნული ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პარლამენტის ბიურომ დღეს, 27 დეკემბერს, მხარი დაუჭირა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
„ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და მის ნაცვლად ორ სხვა სტრუქტურას ქმნის, ინსპექტორის აპარატის მოქმედი თანამშრომლები 1 მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდებიან და უწყდებათ შრომითი კონტრაქტები. კანონპროექტი მათ სამართლებრივი დავის შესაძლებლობასაც უზღუდავს.
პროექტში არსებობს ასეთი ჩანაწერი:
"სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებზე 2022 წლის 31 მარტიდან არ ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. აღნიშნულ პირებს არ აქვთ მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობებებზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. ისინი შეიძლება 2022 წლის 1 მარტიდან კანონის შესაბამისად ჩაირიცხონ მოხელეთა რეზერვში".
იმის შესახებ, რომ ამ კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ ლიკვიდაცია და კანონის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის 1 მარტიდან ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება, ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს, 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა.
ამ ჩანაწერის მიუხედავად, მმართველი პარტიის ლიდერები დეზინფორმაციას უწოდებენ ლონდა თოლორაიას დღეს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი აპარატის თანამშრომლები სამსახურის გარეშე რჩებიან უწყების გაუქმების შემდეგ.
27 დეკემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება ვინმეს სამსახურიდან გათავისუფლებასა და კადრების შეკვეცას არ ისახავს მიზნად.
„ყალიბდება ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლებსაც, არა კადრების შეკვეცა და ადამიანების გათავისუფლება, არამედ, შეიძლება, დამატებაც დასჭირდეს. ბუნებრივია, პროფესიონალი კადრები თავიანთ სტატუსებს შეინარჩუნებენ. ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაც იქნება, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ უწყებაში, უწყების გაყოფისა და ორი მიმართულებით გაძლიერების შემდეგ, თავიანთ სტატუსებსა და თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. ორივე მიმართულებით ისინი ამ ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი კადრები არიან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, საგამოძიებო ფუნქცია და პერსონალური მონაცემების დაცვა ერთად არ არის თავსებადი და ამგვარი პრაქტიკა, როცა ორივე ფუნქციას ერთი უწყება ითავსებს, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
- სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.
საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორად 2019 წლის ივლისში, 6 წლის ვადით აირჩია ლონდა თოლორაია.