Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ არ მოვაპარინოთ COVID19-ს შობა-ახალი წელი - 7 რჩევა და ერთი შეგონება


დარწმუნებული ვარ, ყველა რჩევა, რომელსაც ამ სტატიაში წაიკითხავთ, გძულთ, ყელში ამოგივიდათ, მოგბეზრდათ, მოგყირჭდათ. ალბათ, ამ სტატიის ავტორიც, მე, ნერვებს გიშლით, გაღიზიანებთ, რატომ შეგიწუხეთ გული ამ წინასაახალწლოდ, რატომ არ გაცდით სადღესასწაულო დღეებით ტკბობას, რატომ არ დავიღალეთ ერთი და იმავეს ჩიჩინით, მაგრამ აი, ამ ერთხელაც და ბარემ ყველამ ერთად ჩავუთქვათ სურვილი, რომ დაე, ეს იყოს ბოლო ახალი წელი, როცა ახლობლების, მეგობრების, კოლეგების გვეშინია, როცა მშობლები და შვილებიც კი ერთმანეთს ეჭვის თვალით ვუყურებთ, პირბადის ზომა-წონას ვუფასებთ, ვაქცინაციის ვადას ვუთვლით, კონტაქტებს ვუკონტროლებთ და დაე, 2022 წლიდან ჩვენი ცხოვრება დაუბრუნდეს ისევ იმ მდგომარეობას, როცა ერთმანეთს მაგრად ვეხუტებოდით, ვკოცნიდით, ერთმანეთის ჭიქიდან ყლუპ ყავას ვიპარავდით და ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთის სიცილს ვხედავდით და არ გვიწევდა მკითხაობა, ახლა ამას თვალები რომ აქვს მოჭუტული, მიცინის თუ ეჭვის თვალით მიყურებსო.

მოკლედ, ეს ამხელა შესავალი იმიტომ დავწერე, რომ ერთი მხრივ, ბოდიშს გიხდით თავსმოხვეული რჩევების გამო და მეორე მხრივ, რა ვქნათ, პანდემიის მერამდენეღაცა ტალღა გვიახლოვდება COVID19-ის ცინცხალი და სუპერ-გადამდები მუტაციის, „ომიკრონის“ სახით და თავებს თუ არ გავუფრთხილდებით, ვერც საცივს შევირგებთ და ვერც გოზინაყს. იმის იქით აღარ გავაგრძელებ.

აბა, როგორ გითხრათ ახლა, რომ ყველაზე უსაფრთხოდ შობა-ახალ წელს სახლში გამოკეტილი, ტელევიზორის წინ, ტახტზე მიმჯდარი და მარტო, ჰა ჰა, ოჯახის ორ-სამ წევრთან ერთად შევხვდებით-მეთქი. რეალურად ასეცაა, მაგრამ არსებობს რამდენიმე გზა, როგორ არ მოვაპარვინოთ COVID19-ს შობა-ახალი წელი.

რჩევა 1 - ვაქცინაცია

რაღა თქმა უნდა, უპირველესი რჩევა ვაქცინაციაა. თუკი სადღესასწაულო სუფრას მხოლოდ ვაქცინირებული სტუმრები და მასპინძლები შემოუსხდებიან, ამ შემთხვევაში, ინფიცირების რისკი იკლებს. მაგრამ „ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად, სამწუხაროდ, ეს რისკი მაინც დიდია. სამხრეთ აფრიკულმა შტამმა თამაშის წესები შეცვალა და თუკი აქამდე სრულად ვაქცინირებული, ანუ ორჯერ აცრილი ადამიანის ინფიცირების რისკი საკმაოდ დაბალი იყო, დღეს ორი აცრა დაცვის მყარ გარანტიას ვეღარ გვთავაზობს და ამიტომ, ეპიდემიოლოგები უკვე შეთანხმდნენ, რომ „ომიკრონისგან“ თავის დასაცავად და მყარი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, საჭიროა კოვიდ-ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზაც.

მოდი, აქვე გეტყვით, როდის და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ბუსტერ დოზა, რომ უფრო თამამად და ომახიანად შემოსცხოთ საახალწლო სუფრაზე „მრავალჟამიერი“ ან „ჯინგლ ჯინგლ ბელ“-ი.

საქართველოში ბუსტერ დოზის მიღება შეგიძლიათ 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქეს, ვისაც მეორე დოზა ვაქცინა სულ მცირე სამი თვის წინ გაქვთ მიღებული. არ აქვს მნიშვნელობა მანამდე რომელი ვაქცინით იყავით აცრილი - „სინოფარმით“, „სინოვაკით“, „ასტრაზენეკათი“ თუ „ფაიზერით“. ბუსტერ დოზა შეგიძლიათ გაიკეთოთ ამ ვაქცინების მიღებიდან ზუსტად 3 თვის თავზე. საქართველოში ბუსტერ-დოზად გამოიყენება მხოლოდ „ფაიზერისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები.

რჩევა 2 - გატესტილი სტუმრები

ინფიცირების რისკის შემცირების კიდევ ერთი გზა საახალწლო წვეულებაზე, კოვიდ-ტესტირებაა. შეგიძლიათ მოაწყოთ წვეულება, რომელზეც ვაქცინირებულ სტუმრებთან ერთად, ტესტირებული სტუმრებიც გეყოლებათ. მაგალითად, 72-საათიანი პისიარ ტესტი ან 48-საათიანი სწრაფი ტესტი, მაგრამ ეს გარკვეულ ხარჯებთან და არცთუ მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ჩემი ვალი იყო მაინც შემეხსენებინა და მერჩია.

რჩევა 3 - როგორ შევეგებოთ სტუმრებს

ახლა, სტუმრად მოსულ მონატრებულ მეგობარს და ახლობელს ახლოს არ გაეკარო, შორიდან დაუქნიე ხელი-მეთქი რომ გითხრა, არასწორი ვიქნები, მაგრამ რა ვქნათ, ამ რეალობაში ჩაგვაყენა ამ მოუშორებელმა ჭირმა. მოკლედ, ხვევნა-კოცნა არ გინდათ. ალტერნატივად შემიძლია შემოგთავაზოთ მუშტის, იდაყვის, ქუსლის, თეძოს მირტყმა, გნებავთ, მიჯახება. რაც უფრო მეტად გიყვარს და გენატრება ადამიანი, ამ ყველაფრის მირტყმა-შეჯახების პროცესი მით უფრო მტკივნეული იქნება, მაგრამ იმაზე მტკივნეული არა, ვიდრე კორონა.

რჩევა 4 - როგორ დავსვათ და სად გავუმასპინძლდეთ სტუმრებს

მოდით, ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ ხალხმრავალი სუფრის გაკეთება ამ შობა-ახალ წელს არ ღირს. 10 კაცი საკმარისია. არა, შეიძლება არ არის საკმარისი, მაგრამ ამჯერად ასე აჯობებს.

თუკი სადღესასწაულო მაგიდა იძლევა საშუალებას, ცუდი არ იქნება, რომ სტუმრები, რომლებიც ერთი ოჯახიდან არ არიან, ერთი სკამის გამოტოვებით დასვათ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, პანდემიის დასაწყისში, ცოლ-ქმარს მანქანაში გვერდიგვერდ დაჯდომა რომ არ შეეძლო, მაგრამ თუ დაუკვირდებით, მთლად ეგრეც არ არის.

ოთახი, სადაც სადღესასწაულოდ შეიკრიბებით, ხშირად გაანიავეთ. კარგი იქნება, ერთი ფანჯარა მთელი საღამოს განმავლობაში შემოღებული დატოვოთ.

ვიცი, ძალიან მოგბეზრდათ, მაგრამ როცა ჭამა-სმით არ იქნებით დაკავებული, ჩემი მოკრძალებული რჩევით, ურიგო არ იქნება, თუკი პირბადეს გაიკეთებთ. სოპრანო თუ არ ხართ და სიმღერა პირის ფართოდ გაღებას არ გთხოვთ, თქვენ წარმოიდგინეთ, პირბადითაც კი შეიძლება ღიღინი გიტარის ჰანგებზე. თან ახალი წლის ღამეს, მგონი, ასეთი ღიღინი უფრო უხდება. რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ.

თუკი ეზოიანი სახლი გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ წვეულების ძირითადი ნაწილი ეზოში გადაიტანოთ. 31 დეკემბრის ღამეს, მაგალითად, თბილისში, მართალია დაბალი ტემპერატურა იქნება, მაგრამ გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ყინვა არ უნდა იყოს. რეგიონებში, განსაკუთრებით მთაში, რა თქმა უნდა, მეტად შეგცივდებათ, მაგრამ დაანთეთ ეზოში პატარა კოცონი, ცხელი ჩაი, ცხელი ყავა, ცხელი შოკოლადი, ღვინო თავისთავად და სუფთა ჰაერზე „ომიკრონებმა“ და „დელტებმა“, წესით და რიგით, განსაკუთრებული საფრთხე არ უნდა შეგიქმნათ. მაგრამ დისტანციის დაცვა არც ამ შემთხვევაში იქნება ზედმეტი. გახსოვდეთ, ოქროს შუალედი 1,5 ნახევარია.

რჩევა 5 – სუფთა ხელები

ამას, ალბათ, რჩევა და ცალკე ქვეთავის გამოყოფა პანდემიიდან ორი წლის თავზე აღარ სჭირდება, მაგრამ მაინც. სადღესასწაულო, ბრჭყვიალა კაბებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ჯიბეები ე.წ. სანიტაიზერებისთვის, ამიტომ ხელები ხშირად დაიბანეთ. თუკი ძილი მოგერევათ, შეეცადეთ დაუბანელი ხელებით არ მოიფშვნიტოთ თვალები. არა, ახალი წლის ღამეს ვის ახსოვს ძილი და თვალების ფშვნეტა, მაგრამ მაინც. მოკლედ, ფხიზლად იყავით ხელებთან.

რჩევა 6 - გართობა სტუმრების გარეშეც შეიძლება

ამ ორ წელში კი გაცვდა ეს იდეაც, მაგრამ თუკი ფიქრობთ, რომ მიუხედავად უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისა, მაინც დიდია რისკი ინფიცირების, ზედმეტ ნერვიულობას, აჯობებს, იმათ შეუამხანაგდეთ, ვისაც თქვენნაირად ეშინია ინფიცირების და Zoom-ფართი მოაწყოთ. ბოლო-ბოლო, სხვა თუ არაფერი, შთამომავლობას მაინც შემოუნახავთ ფოტოს, როგორ აღნიშნეთ 2022 წლის მობრძანება ონლაინ.

რჩევა 7 - თუკი არც ონლაინ-ფართი გინდა და არც სტუმარი

ეს ონლაინ შეხვედრები, ონლაინ მეცადინეობები და თათბირები შეიძლება ისე მოგბეზრდა, რომ სიტყვა „ონლაინ“-ზეც კი გაჟრიალებს და გგონია, რომ კორონა გეწყება. ამიტომ არანაირი ონლაინ დღესასწაული და ონლაინ სტუმრები არ გჭირდება იმისთვის, რომ საახალწლო ღამე გაიხალისო და გინდ მარტომ, გინდ ოჯახთან ერთად, ის მყუდროდ და უშფოთველად გაატარო. თუკი ცხობა გიყვარს, შემიძლია ძალიან გემრიელი ჯინჯერის ორცხობილების რეცეპტი გირჩიო.

გინდა? მაშინ, ჩაიწერე, თუ გადაიწერე, თუ როგორც გინდა. მე ჩემმა თანამშრომელმა, ლენამ მასწავლა და ძალიან გემრიელია:

  • ფქვილი - 200 გრამი.
  • დაფქული ჯინჯერი - 2 ჩაის კოვზი.
  • ილი (იგივე კარდამონი) – 1,5 ჩაის კოვზი.
  • დარიჩინი - 1,5 ჩაის კოვზი
  • მიხაკი - 0,5 ჩაის კოვზი
  • მუსკატი - 0,3 ჩაის კოვზი
  • სოდა - 1 ჩაის კოვზი
  • თაფლი - 1 სუფრის კოვზი
  • კარაქი - 100 გრამი
  • შაქრის ფხვნილი - 110 გრამი
  • კვერცხი 1 ცალი.

ახლა რას ვუშვრებით ამ ყველაფერს:

ერთმანეთში ვურევთ ფქვილს, ჯინჯერს, ილს, დარიჩინს, მიხაკს, მუსკატს, სოდას და კარგად ვზელთ. ცალკე ვურევთ ერთმანეთში თაფლს, კარაქს, შაქრის ფხვნილსა და კვერცხს. შემდეგ ამ ორ მასას ვაერთებთ, გემრიელად გადავზელთ, გავახვევთ სამზარეულოს ცელოფანში და მინიმუმ ორი საათით ვტოვებთ მაცივარში. შეგიძლია გამოცხობამდე ერთი დღით ადრეც კი მოამზადო ცომი და შეინახო მაცივარში. როდესაც გადაწყვეტ ორცხობილების გამოცხობას, გამოიღებ ცომს მაცივრიდან, გააბრტყელებ და როგორც გაგიხარდება და რა ფორმებიც გაქვს - გინდ ვარსკვლავები, გინდ გულები, გინდ „ჯინჯერის კაცუნები“, იმ ფორმებით მოჭრით ცომს, გაახურებ ღუმელს 200 გრადუსამდე, შესვამ ორცხობილებს და ღუმელს ცოტათი დაუწევ. ორცხობილები დაახლოებით 10 წუთში მზად გექნება.

და მარტო ორცხობილები კი არ გექნება მზად, არა. მთელი სახლი გაიჟღინთება ნამდვილი საახალწლო და ჯადოსნური სურნელით. შეგიძლია ფანჯრებიც კი გამოაღო და მეზობლებსაც შეახარბო.

თუ ცხობა არ გიყვარს და „ახლა კიდე ცომი მაზელინე ახალი წლის წინ“ განწყობის ადამიანი ხარ, მაშინ საშობაო-საახალწლო ფილმები მოიმარაგე. ამ შემთხვევაში, ყველაფერი გემოვნების ამბავია და არ მგონია, დიდად ჩემი რჩევები გამოგადგეს. თუ, მაინცდამაინც, ძალიან გაინტერესებს საყვარელი ფილმი, რომელსაც ჩემთვის შობა-ახალი წელი მოჰყავს, „ვერის უბნის მელოდიებია“ და კიდევ... „Love Actually“.

შეგონება

მთავარია, ჯანმრთელად და კარგად ვიყოთ. დროსტარებას, ქეიფსა და კრამიტების თავზე მტვრევას კიდევ მოვასწრებთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კრამიტით სვამს ღვინოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კრამიტით სვამს ღვინოს

სტატია მომზადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევებზე დაყრდნობით. ჩემი მოგონილი არ გეგონოთ.

XS
SM
MD
LG