Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიიდან აირჩიეს


შოთა წურწუმია, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე
შოთა წურწუმია, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 14 ხმით აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი შოთა წურწუმია. გაბათილდა ერთი ბიულეტენი, რადგან მასზე კანდიდატი შემოხაზული არ იყო.

მანამდე შოთა წურწუმიას 15-ივე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ერთხმად გამოუცხადა ღიად მხარდაჭერა. მათ შორის 7 წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ამდენივემ პარტიიდან “საქართველოსთვის” და ერთმა დეპუტატმა “ლელოდან”. ერთი ბიულეტენის გაფუჭების მიზეზად ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ შეეშალა.

სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა ფარულ კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად არ მიიღეს მონაწილეობა მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” წევრებმა, სულ 12-მა დეპუტატმა.

სხდომის დასაწყისში “ქართული ოცნების” წევრმა ჯანო პერტაიამ განაცხადა, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას კენჭისყრაში და არც საკუთარ კანდიდატს დაასახელებდნენ, რადგან იციან, რომ ოპოზიცია წინასწარ შეთანხმდა და დღეს “პოლიტიკური ქორწილი” იმართება. ჯანო პერტაიამ ასევე აღნიშნა, რომ ენანება ყოფილი თანაპარტიელი, ამჟამად პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელი შოთა წურწუმია, “ნაციონალურ მოძრაობასთან” სათანამშრომლოდ.

როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სხდომაზე აღნიშნეს, აქვთ ინფორმაცია რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვედრა ჰქონდათ პარტიების ლიდერებთან, რომლებმაც პრაქტიკულად “აიძულეს” ისინი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე შეთანხმებულად აერჩიათ.

კენჭისყრის დაწყებამდე, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა არაერთხელ მოუწოდეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრებს, რომ სხდომა გადადებულიყო, შეხვედროდნენ ერთმანეთს და მიეღოთ “ჩხოროწყუსთვის სასიკეთო” გადაწყვეტილება.

საპასუხოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სხდომა უნდა ჩატარდეს კანონის თანახმად და ყველამ საკუთარი ნებით დაუჭიროს მხარი საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურას.

ჩხოროწყუს ახალარჩეული საკრებულო 27 წევრისგან შედგება. აქედან 7 მანდატი ეკუთვნის პარტიას “საქართველოსთვის”, 7 - “ნაციონალურ მოძრაობას”, 1 - “ლელოს” და 12 - “ქართულ ოცნებას”.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო იმ საკრებულოების რიცხვშია, რომლებშიც თავმჯდომარე მანამდე გამართულ სამ სხდომაზე ვერ აირჩიეს. მიზეზი, ოპოზიციის პროტესტის გამო, კვორუმის არქონა იყო. მართალია მეორე სხდომაზე, 9 დეკემბერს ოპოზიციის პროტესტამდე ფარული კენჭისყრა შედგა, თუმცა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ასარჩევად საჭირო 14 ხმა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ კენჭისყრამდე ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წარდგენილ შოთა წურწუმიას კანდიდატურას, მან კენჭისყრაში, რომელშიც 14 ოპოზიციონერი და “ქართული ოცნების”12 დეპუტატი მონაწილეობდა, 12 ხმა მიიღო. 13-მა დაუჭირა მხარი “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ ჯუმბერ იზორიას. ერთი ბიულეტენი გაბათილდა იმის გამო, რომ ორივე კანდიდატი იყო გადახაზული.

მესამე სხდომაზე, 16 დეკემბერს, მხოლოდ “ქართული ოცნების” კანდიდატს უყარეს კენჭი, რადგან მას ჰქონდა კონკურენტზე მეტი ხმა მიღებული. ჯუმბერ იზორიას სხდომაზე მყოფი 19 დეპუტატიდან მხოლოდ 12-მა დაუჭირა მხარი, 7 ბიულეტენი გაბათილდა, რადგან გადახაზული იყო კანდიდატი.

ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ “ქართული ოცნების” 12 და პარტია “საქართველოსთვის”-7 წევრი. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ენმ-დან 8 დეპუტატი, რომლებმაც სხდომა მანამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“- ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავისა და ბათუმის - საკრებულოში, სადაც ყველაზე მეტი წევრი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი - „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს, არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

XS
SM
MD
LG