Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 თებერვლიდან თბილისში ტრანსპორტში თანხის გადახდის სისტემა იცვლება


1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება. ახალ წესებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

სამგზავრო აბონემენტების შეძენა 5 იანვრიდან მეტროს სალაროებსა და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი. გადახდის ახალი წესით, მოქალაქეების ნაწილისთვის ძვირდება მგზავრობის ღირებულება.

მაგალითად, თუ აქამდე 50-თეთრის ერთჯერადად გადახდით შესაძლებელი იყო 90 წუთის განმავლობაში ულიმიტოდ სარგებლობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი, "მარშრუტკა"), ახლა ფასი ორმაგდება და 1 ლარის გადახდა იქნება საჭირო. თუმცა შემოდის ერთწლიანი გადახდის სისტემაც.

სააბონემენტო პაკეტები ასეთი იქნება:

  • ულიმიტო 90 წუთიანი ბარათი - ფასი იქნება 1 ლარი;
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - ფასი იქნება 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - ფასი იქნება 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი ბარათი - ფასი იქნება 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - ფასი იქნება 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - ფასი იქნება 150 ლარი;
  • ულიმიტო 1-წლიანი ბარათი - ფასი იქნება 250 ლარი.

იმ სოციალური ჯგუფებისთვის, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება.

  • უფასო - დედაქალაქში რეგისტრირებული: უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები; სამხედრო ძალების ვეტერანები; სკოლის მოსწავლეები; შსს-ს უბნის ინსპექტორები;
  • 10 თეთრი - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები;
  • 20 თეთრი - დედაქალაქში განლაგებული ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები; სკოლისა და ბაღების თანამშრომლები; 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; პენსიონერები; საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები; უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები; მანდატურები; სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკები.
XS
SM
MD
LG