თურქეთის მიერ ინიცირებული რეგიონული პლატფორმის, 3+3 მომდევნო სხდომა ანკარაში იგეგმება და თურქეთს იმედი აქვს, რომ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს. ამის შესახებ, როგორც აზერბაიჯანული და რუსული სააგენტოები, „აპა“ და „რია-ნოვოსტი“ იუწყებიან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს 19 დეკემბერს განუცხადა ისლამაბადში, სადაც „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავდნენ ავღანეთში შექმნილ ვითარებას.
ჩავუშოღლუს თქმით, 3+3 პლატფორმის პირველ შეხვედრაში, რომელიც მოსკოვში გაიმართა, საქართველო არ მონაწილეობდა, მაგრამ მომდევნო სხდომა ანკარაში ჩატარდება და მასში საქართველოს მონაწილეობას ელიან.
თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს მონაწილეობით, სამხრეთ კავკასიაში მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის(3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ. ამას წინ უძღოდა რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
პლატფორმის პირველი შეხვედრა, რომელშიც რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები მონაწილეობდნენ, 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა.
საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ პლატფორმაში 3+3 მონაწილეობას არ აპირებს და მშვიდობის შესანარჩუნებლად აზერბაიჯანსა და სომხეთს სთავაზობს მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს.