საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების კომიტეტი განცხადებას ავრცელებს "3+3" პლატფორმის ფორმატში მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დროშის განთავსებასთან დაკავშირებით.
„ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონალურ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეხვედრაში არ მონაწილეობდა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ახლავს ფოტო, რომელშიც, მონაწილე ქვეყნების ეროვნული დროშების გვერდით, საქართველოს დროსაც ჩანს.
10 დეკემბერს მოსკოვში რუსეთს, თურქეთს, ირანს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მინისტრის მოადგილეების დონეზე გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ითქვა, რომ ეს ქვეყნები დაინტერესებული არიან, საქართველო ჩაერთოს „3+3“ პლატფორმის მუშაობაში. ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამინისტრომ "3+3" რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე, სადაც აღნიშნა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
„ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად ა.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი“,- განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
3+3 პლატფორმის ფორმატში პირველი შეხვედრა, სამხრეთ კავკასიაში „მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის“ საკითხებს მიეძღვნა.