ჰონგ-კონგელი მეცნიერები კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ შესახებ, რომელმაც მოახერხა და დაახლოებით სამ კვირაში 77-ზე მეტ ქვეყანაში შეაღწია, გამოკვლევას აქვეყნებენ. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ჯგუფი, რომელმაც „ომიკრონის“ ლაბორატორიულ-მიკრობიოლოგიურ შესწავლაზე იმუშავა, აცხადებს, რომ „ომიკრონი“ 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება ზედა სასუნთქ გზებში და ბრონქის კედელში, ვიდრე მისი წინამორბედი, „დელტა“ ვარიანტი და 10-ჯერ უფრო ნაკლებად ფილტვის ქსოვილში.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გვეუბნება, რომ სწორედ ამ შედეგით შეიძლება აიხსნას „ომიკრონის“ ელვისებური გავრცელების მასშტაბი და ამ შედეგითვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ომიკრონმა“ შესაძლოა ადამიანებში ნაკლებად მძიმედ მიმდინარე ავადობა გამოიწვიოს, რაკიღა „ომიკრონის“ შემთხვევაში, ვირუსის კონცენტრაცია ფილტვებში ნაკლებია:
„ამ შედეგების გადათარგმნა კლინიკურად და ეპიდემიოლოგიურად ასე შეგვიძლია, რომ ადამიანის ზედა სასუნთქ გზებში, ანუ ლაპარაკისას, ვირუსის გამოყოფა უფრო გამარტივდა, უფრო დიდი რაოდენობით ვირუსი ამოიფრქვევა და მარტივად გადაედება სხვებს. გარდა ამისა, მართალია 100%-ით ამაზე თავს ჯერჯერობით ვერავინ დადებს, მაგრამ გამოკვლევის შედეგი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ფილტვის ქსოვილში ნაკლებია ვირუსის კონცენტრაცია, არ არის გამორიცხული, რომ ავადობა უფრო მსუბუქად მიმდინარეობდეს“.
თუკი ბოლო სამი კვირის საერთაშორისო გამოცდილებას გადავხედავთ და ყურადღებას მაგალითად, დიდ ბრიტანეთზე შევაჩერებთ, სადაც „ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად, რეკორდულად იმატა ინფიცირებულთა ყოველდღიურმა მაჩვენებელმა, სწორედ ჰონგ-კონგელი მეცნიერების დასკვნის შედეგებით შეიძლება აიხსნას, რომ ბრიტანეთში ინფიცირებულთა რეკორდულად მაღალი რიცხვების მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია:
„ბრიტანეთში ბოლო დღეებში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემთხვევები ფიქსირდება, ყოველდღიურად 78-80 ათასი შემთხვევა, თუმცა, კლინიკებში მხოლოდ 700-800 ადამიანი ხვდება, რაც არის ყველაზე განსხვავებული და რაც მთავარია, დაბალი მაჩვენებელი, კოვიდის წინამორბედების „დელტა“, „ალფა“ და სხვა ვარიანტებთან შედარებით. საშუალოდ მხოლოდ 1% ხვდება ჰოსპიტალში, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია“, - გვეუბნება ბიძინა კულუმბეგოვი.
თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ „ომიკრონი“ ძირითადად სწორედ ზედა სასუნთქ გზებში კონცენტრირდება და შესაბამისად, ლაპარაკისას, სიცილისას, ხველებისას, ცემინებისას, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით გაცილებით აქტიურად გამოიფრქვევა, ამ შემთხვევაში, კვლავ აქტიურად ბრუნდება დღის წესრიგში პირბადის მოხმარებისა და დისტანციის დაცვის საკითხი.
ამ მხრივ კი შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საკმაოდ არასახარბიელო მონაცემი გვაქვს, რაკიღა, „ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასების ინსტიტუტის“ ნოემბრის მიწურულის მონაცემებით, საქართველოში პირბადის მოხმარების მაჩვენებელი მხოლოდ 48%-ია, რაც 24%-ით ჩამოუვარდება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.
17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონი“ ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისათვის ლაბორატორიაში 10-მდე საეჭვო ნიმუშის კვლევა მიმდინარეობს. აქამდე ნაკვლევმა ნიმუშებმა ქვეყანაში „ომიკრონის“ არსებობა არ დაადასტურა.
თუმცა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ „ომიკრონი“ მეზობელ ქვეყნებში აქტიურად ვრცელდება, არ არის გამორიცხული, რომ ის უკვე საქართველოშიც იყოს, უბრალოდ, მისი ოფიციალური გამოვლენა ჯერ ვერ მოხერხდა.
რას აჩვენებს ბოლო კვლევები „ომიკრონისა“ და ვაქცინების შესახებ?
გამოკვლევები აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ საკმაოდ წარმატებულად უსხლტება როგორც ბუნებრივი გზით შეძენილ იმუნიტეტს, ისე ვაქცინით მიღწეულ იმუნიტეტს. მაღალია რეინფიცირებისა და ვაქცინით ორჯერ აცრილთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი, თუმცა, დამაიმედებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინის ბუსტერ-დოზა, საკმაოდ ეფექტურია ვირუსთან ბრძოლაში.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ვაქცინების ეფექტიანობა „ომიკრონთან“ მიმართებაში შემცირებულია.
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის მკვლევრებმა „ომიკრონთან“ მიმართებაში ამერიკული „ფაიზერისა“ და ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ეფექტიანობის შესწავლა გადაწყვიტეს. 25-25 კაციან, ორ ჯგუფში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ფაიზერის“ ჯგუფში ვირუსის განეიტრალება მოახერხა მხოლოდ ხუთმა ადამიანმა, ანუ, ვაქცინის ეფექტურობამ შეადგინა 20-24%, ხოლო „სინოვაკის“ ჯგუფში შემავალმა ვერცერთმა ადამიანმა ვერ მოახერხა „ომიკრონის“ თავიდან აცილება. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ეს გამოკვლევა 14 დეკემბერს გამოქვეყნდა.
კიდევ ერთი გამოკვლევის თანახმად, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა და ჯამში, 78 ათასი ადამიანი მოიცვა, ვაქცინებთან, უფრო ზუსტად კი „ფაიზერთან“ მიმართებაში ასეთი შედეგი აჩვენა - „ფაიზერის“ ორ დოზას შენარჩუნებული აქვს მძიმე დაავადებისგან დაცვისა და ჰოსპიტალში მოხვედრის 70%-იანი მაჩვენებელი. თუმცა, 33%-მდეა დასული ყველა ფორმის დაავადებისგან დაცვა. მაგრამ ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „ფაიზერის“ მესამე, ბუსტერ დოზის მიღების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 75,5%-მდე იზრდება.
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ ბუსტერის დამატების შემთხვევაში, მისი ეფექტიანობა 71,4%-ია.
ეპიდემიოლოგების შეფასებით, ამ ეტაპზე, კვლევა აჩვენებს, რომ კოვიდ-ვაქცინის ორი დოზა „ომიკრონის“ გასანეიტრალებლად ნაკლებეფექტიანი და სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში უკვე დგება „ბუსტერის“ დამატების აუცილებლობა.
შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედი პროტოკოლის თანახმად, ბუსტერ-დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბრიდანაა დაშვებული. ბუსტერ-დოზის მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს 18 წლიდან. მათ, ვინც ვაქცინირებულია „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკათი“, მესამე დოზის გაკეთება შეუძლიათ მეორე დოზა ვაქცინის მიღებიდან 5 თვის შემდეგ. ხოლო მოქალაქეები, რომლებიც აცრილნი არიან „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“, ბუსტერ-დოზა შეუძლიათ გაიკეთონ მეორე ვაქცინაციიდან 3 თვის თავზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში მესამე დოზით აცრილია 29 997 ადამიანი.
„ომიკრონი“ და კოვიდ-წამალი
ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“ აცხადებს, რომ საბოლოო ანალიზის თანახმად, მის მიერ შემუშავებული COVID19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული აბების, „პაქსლოვიდის“ ეფექტიანობა, მაღალი რისკის მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 90%-ს შეადგენს. ინფორმაცია კომპანიამ 14 დეკემბერს გამოაქვეყნა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პრეპარატი ასევე ინარჩუნებს ეფექტიანობას „ომიკრონის“ წინააღმდეგაც.
ჯერ კიდევ 5 ნოემბერს აცხადებდა „ფაიზერი“, რომ „პაქსლოვიდი“, ეს იმედისმომცემი იარაღი პანდემიასთან ბრძოლაში, ბაზარზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. სწორედ ნოემბერში გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, რომელშიც 1200 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, „ფაიზერი“ ამბობდა, რომ აბების ეფექტიანობა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით 89% იყო. საბოლოო მონაცემები კი, რომელიც 14 დეკემბერს გამოქვეყნდა, დამატებით 1000 ადამიანზე ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.
კვლევაში ჩართული ადამიანებიდან, რომლებიც „ფაიზერის“ სამკურნალო აბებს იღებდნენ, არცერთი არ გარდაცვლილა. ხოლო იმ ჯგუფში, ვისაც პლაცებო მიეწოდებოდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა.
„ფაზიერის“ აბები, ინფიცირების შემდეგ, სიმპტომების გამოვლენიდან მალევე, ხუთი დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ მიიღება.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ „ფაიზერი“ უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს 90 ქვეყანასთან მედიკამენტის მიწოდებასთან დაკავშირებით: „ჩვენი მიზანია, რომ მედიკამენტი რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ყველას“.
ბურლას თქმითვე, მაღალი შემოსავლის ქვეყნები მედიკამენტის კურსს 700 დოლარად შეიძენენ. დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვის კი კომპანია რამდენიმე სხვა შესაძლებლობას განიხილავს - „მათთვის არ იქნება ბარიერი, რომ ჰქონდეთ წვდომა მედიკამენტზე“.
„ფაიზერი“ აცხადებს, რომ 2021 წლის ბოლოსთვის, კომპანია გამოუშვებს „პაქსლოვიდის“ 180 000 სამკურნალო კურსს. 2022 წლის ბოლოს კი მინიმუმ 50 მილიონს. მათ შორის, 21 მილიონს წლის პირველ ნახევარში.
კვლევების პროცესში, ანტივირუსული აბებით უმკურნალეს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდ-პაციენტებს, რომლებსაც ვირუსის დამძიმების მინიმუმ ერთი რისკ-ფაქტორი ჰქონდა - მათ შორის, ასაკი და ჭარბი წონა.
აბების მიღება რეკომენდებულია ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ.
„ფაზიერმა“ წამლის საგანგებო გამოყენების უფლების მინიჭების მოთხოვნით, ამერიკელ მარეგულირებელს მონაცემები ნოემბერში წარუდგინა. დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) გადაწყვეტილება.
17 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 12 971 შეადგინა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა ინფიცირების 2979 ახალი შემთხვევა.
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 37,3%.