აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში არსებული პოლარიზაციის დასრულებისკენ. ამის შესახებ ელჩმა მედიასთან საუბარში განაცხადა ღონისძიებამდე, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებს შეეხებოდა.
კელი დეგნანმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა შეაფასა, რომელიც ინკლუზიურ პროცესს შეეხებოდა და რომლის შესახებაც მან შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე ისაუბრა.
„ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოში არსებული ვითარება ძალიან კარგად აღწერა, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ორგანიზებულ სამიტზე თავის შესანიშნავი სიტყვით გამოსვლაში. მან დაასახელა გამოწვევებიც და შესაძლებლობებიც. მან მოუწოდა ინკლუზიური მმართველობისკენ, მოუწოდა პოლარიზაციის შემცირებისა და დიალოგისკენ, რომელიც მოემსახურება საქართველოში გაჯანსაღების პროცესს. ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რაც მოემსახურება გამთლიანების პროცესს და ღრმა პოლარიზაციის შემცირებას, რაც ამ ქვეყანაში შეინიშნება ბოლო რამდენიმე წელია. ეს, ჩემი აზრით, არის შესანიშნავი ინიციატივა. პრეზიდენტმა წინ წამოსწია ეს ინიციატივა, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა, კონსტიტუციით მინიჭებულ ფარგლებში. ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამგვარ ინიციატივას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
მან ამავდროულად ხაზი გაუსვა ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ლიდერების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.
„ამავე დროს, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საქართველოს არჩეულმა ლიდერებმა ერთობლივად იმუშაონ პარლამენტში. პოლარიზაციის დასრულებისთვის მრავალი ინიციატივა შეიძლება პარლამენტში შეიქმნას, რათა შედგეს მართლაც ინკლუზიური მმართველობა. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ოპოზიციის ლიდერებთან და მმართველი პარტიის პარლამენტის წევრებთან ერთად, რომლებსაც ერთად მუშაობა უნდათ, საქართველოს საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. ეს იქნებოდა განახლება საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ პარლამენტის წევრები მოახერხებდნენ იმ საქმეში წინსვლას, რისთვისაც ისინი აირჩიეს მოქალაქეებმა, იმ პოლიტიკური ფონის გარეშე, რაც იწვევს საქართველოში პროგრესის პარალიზებას და სარგებელს კი აძლევს მხოლოდ რუსეთს. ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს დიალოგის დასაწყებად, რომელიც გააჯანსაღებს ამ ქვეყანას და შეამცირებს ღრმა პოლარიზაციას, რომელიც უკვე დიდი ხანია, გრძელდება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე 10 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, „საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას საქართველოს ორი ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა.
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში საპროტესტო შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის, მიმართვა გაავრცელა, რომლის თანახმად, დიალოგის დასაწყებად „საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და ერთად ვისაუბროთ წარსულზე და, რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ მომავალზე და ჩვენი ხალხის ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრების პირობებზე“. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ასეთ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ არ აქვს ილუზია, რომ მსგავსი შეხვედრისთვის მას გაათავისუფლებენ, ამიტომ შეხვედრის ადგილად გორის სამხედრო ჰოსპიტალს მოიაზრებს.
„როგორც უკანონო პატიმარს, არ მაქვს ილუზია, რომ ამ შეხვედრის მოტივით გათავისუფლებული ვიქნები. ამიტომაც, გთავაზობთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ჯერჯერობით პატიმრის სტატუსით ვიმყოფები და არც ვითხოვ თქვენგან შეწყალებას და არც ამ შეხვედრაზე ვაპირებ ამის მოთხოვნას“, - წერს სააკაშვილი.
სააკაშვილის ამ განცხადების კომენტირებისას, ტელეკომპანია „მთავარი არხის" ეთერში საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილმა დასახა კონკრეტული ტაქტიკა, რაც არსებული ვითარებაში ადეკვატური ნაბიჯია.
„სააკაშვილმა კონკრეტული ტაქტიკა დასახა, როდესაც თქვა, რომ დავგეგმოთ იმ მოდელით, როგორც მანამდე მარგველაშვილმა თქვა, სამი პრეზიდენტის შეხვედრა. რატომ არის ეს ამ ვითარებისთვის ადეკვატური - შენ ბუნებრივად აკეთებ უკვე წონის აწევას ამ პროცესისა და შეიძლება თუ გუშინ გაკრიტიკებდნენ მარტო, როგორც მოქმედ მეხუთე პრეზიდენტს, გაკრიტიკებდა კონკრეტული პოლიტიკური ძალა, დღეს, როდესაც იგივე პოზიციაზე ხართ მეოთხე, მესამე, მეხუთე [პრეზიდენტები] შენი პოლიტიკური წონა ბევრად იზრდება. მეორე მომენტი: შენ ქმნი მანამდე საქართველოში არარსებულ პრეცედენტს. ასეთი შეხვედრა არის, მარტივად რომ ვთქვათ, ზოგადად ყველა პოლიტიკური გემოვნების, სპექტრის მოცვა, რომლის შედეგადაც ამ შეხვედრაზე კონკრეტულ მუხლებს ან კანონპროექტს არ გაივლი, მაგრამ ძალიან კარგ პლატფორმას [ქმნი] და ეს არის პრეზიდენტის როლი, პოლიტიკურ პლატფორმას შექმნი შემდეგი საუბრისათვის. იმედი მაქვს ქალბატონი პრეზიდენტი ნაბიჯებს გადადგამს. პესიმიზმი მაქვს იმ მიმღებლობის მიმართ, რაც ამ ნაბიჯებს შეიძლება ჰქონდეს“, - "ქართული ოცნების" მხრიდან? ჰკითხეს მას. "დიახ“, - უპასუხა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, „სამი პრეზიდენტის“ შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში უნდა გაიმართოს. მისივე თქმით, თუ ამის მზაობა ექნება სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილს შეხვედრას დაასწრებენ.