Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" კანონს ისე ცვლის, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ოპოზიციის გარეშე დაჩქარებულად შეძლოს


"ქართული ოცნება" ცვლის კანონს, რომლითაც მას ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნა, ოპოზიციის გარეშე, მხოლოდ დროებით დროში გაწელილ ვადებში შეუძლია. ახალი კანონპროექტით, მმართველ პარტიას უნდა, რომ არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების დროებითი დამტკიცება დროის მოკლე პერიოდში შეძლოს.

მმართველმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც, მას ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე შეეძლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების დანიშვნა დროის მოკლე ვადაში. მმართველი პარტია კანონპროექტის მიღებას ჩქარობს, უნდა, რომ შემდეგი არჩევნებისთვის უკვე ახალი წესით არჩეული თავმჯდომარე ჰყავდეს ცესკოს. ამ შემთხვევაშიც მმართველ პარტიას შეეძლება მხოლოდ 6 თვის ვადით აირჩიოს თანამდებობის პირები.

კანონპროექტი პარლამენტში 12 დეკემბერს დარეგისტრირდა, მის ინიციატორებად და ავტორებად "ქართული ოცნების" წევრები: შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან მითითებული.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი, რომლის შეცვლაც ახლა "ქართულ ოცნებას" უნდა, თითქმის 6 თვის წინ ამავე პარტიის ინიცირებული კანონპროექტია. მაშინ ეს 19 აპრილს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილი და, მეორე მხრივ, მმართველი პარტიისა და ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების შეჯერებული ცვლილებების ერთი ნაწილი იყო.

როგორ ირჩევა დღეს ცესკოს თავმჯდომარე?

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ხუთი წლის ვადით. ამისთვის საჭიროა, რომ პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა პარლამენტის სრული შემადგენლობის არა ნაკლებ ორი მესამედის ხმები მიიღოს. 150-წევრიან პარლამენტში ამისთვის 100 ხმაა საჭირო, რაც ხელისუფლებაში მყოფ "ქართულ ოცნებას" არ აქვს.

თუ პირველ ან მეორე კენჭისყრაზე კანდიდატი 100 დეპუტატის მხარდაჭერას ვერ იღებს, კანონმდებლობით თავმჯდომარის არჩევა დეპუტატების სამი მეხუთედით - 90 ხმით არის შესაძლებელი. "ქართულ ოცნებას" არც ამდენი დეპუტატი ჰყავს პარლამენტში.

იმ შემთხვევაში, თუ ეს სამი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება, ცესკოს თავმჯდომარე 6 თვის ვადით აირჩევა, ამისთვის საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი. დღეს არსებული მონაცემებით, მმართველ პარტიას პარლამენტში 83 დეპუტატი ჰყავს და ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე მხოლოდ 6 თვით შეუძლია აირჩიოს ცესკოს თავმჯდომარე.

"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ არა მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის, არამედ ცესკოს წევრების არჩევის წესიც შეცვალოს.

რატომ ცვლის კანონს?

2021 წლის 2 აგვისტოს პარლამენტმა მხოლოდ მეოთხე მცდელობაზე შეძლო აერჩია ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი და კომისიის ორი წევრი. იმის გამო, რომ არჩევის ყველა წინა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობაზე ექვსი თვის ვადით დაინიშნენ.

მმართველი პარტიის ლიდერები, რომლებიც ამ ახალი კანონპროექტის ინიციატორები არიან, მოქმედ კანონში ორ პრობლემას ხედავენ:

  1. ოპოზიციასთან კონსენსუსის გარეშე ცესკოს თავმჯდომარის 5 წლის ვადით არჩევა შეუძლებელია და 6 თვით კანდიდატის დასანიშნად დაახლოებით 4 თვის ვადაში გაწერილი პროცედურებია საჭირო;
  2. პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარის რუსთავის მერად არჩევის შემდეგ აუცილებელი გახდა 2022 წლის მაისში შუალედური არჩევნების გამართვა, ცესკოს დროებით არჩეულ თავმჯდომარეს კი ვადა თებერვალში ეწურება.

ამ ორი გარემოების გათვალისწინებით, მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელი იქნება შუალედური არჩევნების დროს ცესკოს თავმჯდომარე ჰყავდეს.

"ამჟამად მოქმედი ძირითადი წესის არსებობის პირობებში შესაძლებელია, რომ ცესკომ პარლამენტის 2022 წლის ზემოაღნიშნული შუალედური არჩევნები დანიშნოს და მთელი რიგი საარჩევნო ღონისძიებები განახორციელოს თავმჯდომარისა და ცალკეულ პროფესიულ წევრთა არარსებობის პირობებში, რაც არ არის მიზანშეწონილი და არღვევს ცესკოს, როგორც ინსტიტუტის, ჯეროვანი ფუნქციონირების უწყვეტობის პრინციპს", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორ უნდა "ქართულ ოცნებას", რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დაინიშნოს?

ცესკოს თავმჯდომარისა და ამავე ორგანიზაციის პროფესიული წევრის ასარჩევად პირველად კენჭისყრაზე კვლავ პარლამენტის მინიმუმ 100 წევრის თანხმობა იქნება საჭირო. ეს ტოვებს შესაძლებლობას, რომ სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ შედგა, კანონპროექტის მიღების შემდეგ, იმ კანდიდატების დასამტკიცებლად, რომლებმაც პირველ კენჭისყრაში "უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს", მხოლოდ 76 ხმა იქნება საჭირო (სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი). ამ შემთხვევაშიც მხოლოდ 6 თვით, თუმცა დროში დაჩქარებული წესით. თუნცად კენჭისყრებს შორის მცირე შუალედით.

განახლება: მასალა განახლდა ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ. კერძოდ, მასალაში დაზუსტდა ინფორმაცია, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ისევ 6 თვის ვადით აირჩევა, თუმცა დროში დაჩქარებული წესით.

XS
SM
MD
LG